ახალი ამბები

საფრანგეთში ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს

ქართველი და ევროპელი სამართალდამცველების „ურთიერთთანამშრომლობით“ საფრანგეთის ქალაქ ლიონში 10 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, „საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი“ დააკავეს, საიდანაც 10 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის 2 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

ამის შესახებ შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 10 დეკემბერს საქართველოში საფრანგეთის პოლიციის ატაშესთან ბრუნო ბალდუკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბორცვაძის განცხადებით, დაკავებულები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. „ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს“.

„დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ, შორის, ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტების გასაღები მოწყობილობები. სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს სუბოტექსისა და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და კონტრაბანდული გზით მოპოვებული 1500 კოლოფი სიგარეტი. გამოძიების ინფორმაციით, საერთო ზარალმა 400 000 ევროზე მეტი შეადგინა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ბრალი საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 311-ე, 321-ე, 324-ე და 450-ე მუხლებით ედებათ, რაც საფრანგეთის ტერიტორიაზე ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზებას, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრიფინგზე სპეცოპერაციის შესახებ კომენტარი საქართველოში ფრანგული პოლიციის ატაშემ ბრუნო ბალდუკმაც გააკეთა. მისი თქმით, საფრანგეთისა და საქართველოს პოლიციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რამდენად წარმატებულია „ჩვენი ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობა“. მანვე, ქართულ პოლიციას, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში „ეფექტურად და მობილიზებულად“ მონაწილეობა მიულოცა.

შსს-ის ინფორმაციით, უწყება საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, პოლიციის ატაშეები ჰყავს წარგზავნილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცველ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობა გრძელდება.

უწყებისავე განმარტებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შსს-ის მთავარი პრიორიტეტია და მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, შსს-მ მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობით 14 ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button