ევროპამთავარი თემა

ტერეზა მეის ბრექსიტული ცაიტნოტი

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეის (Theresa May) გუშინ პარლამენტში ცუდი დღე ჰქონდა. მან აღიარა, რომ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების მისეული ვარიანტი “სავარაუდოდ დიდი უმრავლესობით იქნებოდა უარყოფილი” წარმომადგენელთა პალატაში და საკითხი დაგეგმილ კენჭისყრაზე აღარ დააყენა. ეს დრამატული უკანდახევაა და როგორც ბრიტანეთის, ისე თავად პრემიერ-მინისტრ მეის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

რა ვითარებაა დღეს? პრემიერ მინისტრმა კენჭისყრა კი შეაჩერა, მაგრამ პარლამენტარები გააფრთხილა, რომ თუკი ისინი ევროკავშირთან კომპრომისის აუცილებლობას არ აღიარებენ, სულ მალე, ბრიუსელთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა დაგვიანებული იქნება.

  • წამმზომი ჩართულია: ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის გადაწყვეტილებიდან 900 დღე გავიდა, ხოლო პრემიერმა მეიმ გასვლის პროცედურა (“50-ე მუხლი”) 621 დღის წინ აამოქმედა. გასვლამდე 109 დღე რჩება, პოლიტიკური პროცესი კი წინსვლის ნაცვლად, უკან მიდის.
  • მეი ევროპულ ტურნეში მიემგზავრება, რითაც შეთანხმების მისეული გეგმისა და, შესაბამისად, საკუთარი პრემიერ-მინისტრობის გადარჩენას ცდილობს. ევროპაც და ბრიტანეთიც ცდილობენ “შეთანხმების გარეშე” ანუ “ხისტი ბრექსიტი” აირიდონ თავიდან, რაც ბრიტანეთში და, გარკვეულწილად, ევროპაშიც მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს.
  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტასკი (Donald Tusk) ამბობს, რომ ის მზადაა, განიხილოს “ბრიტანეთის მიერ [შეთანხმების] რატიფიკაციის მხარდაჭერის გზები”, მაგრამ არ აპირებს შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ხელახლა  გამართვას.

მეი ირწმუნება, პარლამენტში შეთანხმების რატიფიკაციისათვის აუცილებელი უმრავლესობას შევკრიბავ, თუკი ევროკავშირისაგან “დამატებით გარანტიებს” მივიღებ ეგრეთწოდებული “დაზღვევის მექანიზმის” (“backstop”) შესახებო.

ეს “დაზღვევის მექანიზმი” რაღაა?

  • “დაზღვევის მექანიზმი” საკმაოდ ჩახლართული შეთანხმებაა, რომლის მთავარი მიზანიცაა, ირლანდიის რესპუბლიკას (რომელიც ევროკავშირის წევრია) და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის (რომელიც დიდ ბრიტანეთში შედის და ევროკავშირს გარეთ დარჩება) “ნამდვილი” ანუ ფიზიკური საზღვარი არ წარმოიქმნას, რაც მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შეთანხმების პარლამენტში დასამტკიცებლად, მეის ჩრდილოეთ ირლანდიელი დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდება.
  • პრემიერ მეის მიერ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმებით, დიდი ბრიტანეთი ევროპის საბაჟო კავშირის (და სავაჭრო წესების) ერთგული დარჩება მანამ, სანამ ახალი წესები არ იქნება დადგენილი, ორმხრივი მოლაპარაკებით, რაც ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ვაჭრობას არ შეაფერხებს და, ამდენად,  დაზღვევის მექანიზმის ერთ-ერთი ელემენტია.
  • ბრიტანეთს არ ექნება უფლება ცალმხრივად დატოვოს “დაზღვევის მექანიზმი.” ბრექსიტის თავგადაკლული მომხრეები – “ბრექსიტერები” – მეის საყვედურობენ, რომ ეს ბრიუსელისათვის ბრიტანეთზე კონტროლის ბერკეტის სამუდამო გადაცემას გულისხმობსო.

ახლა რა მოხდება? დეილი ტელეგრაფის რედაქტორი, ევროკავშირის მაღალჩინოსანთან საუბრის შემდეგ იუწყება, რომ ბრიუსელი “დაზღვევის მექანიზმის” შესახებ მიღწეულ შეთანხმებებში კოსმეტიკურ, იურიდიულ ცვლილებებს დათანხმდება, მერე კი, ტელეგრაფისვე ცნობით…

  • მეის იმედი აქვს, რომ დროის გაყვანითა და ამ ახალი ფორმულირებების ქებით, მოახერხებს თავისი პარტიის ამბოხებული დეპუტატების დამშვიდებას და მათ დარწმუნებას, რომ მხარი დაუჭირონ ევროკავშირთან შეთანხმებას. დღეისათვის ეს ცოტა არარეალისტურად გამოიყურება, მაგრამ წამმზომი წიკწიკებს და რაც უფრო მოახლოვდება “ხისტი ბრეგზიტის” მომენტი, პრემიერ-მინისტრის გათვლით, მით უფრო მზად იქნებიან ზოგიერთი დეპუტატები, დათანხმდნენ მის შეგონებებს.
  • მთავარი კითხვა ისაა, საკმარისი იქნება კი ამ შეგონებებით მოხიბლული დეპუტატების რაოდენობა კენჭისყრის მოსაგებად?

ეკონომისტების თქმით, რაც უფრო დიდ ხანს დარჩება ბრიტანეთი გაურკვევლობაში, მით უფრო დამძიმდება ეკონომიკური ვითარება, რომელიც ვერ იტანს შიშსა და შფოთვას.

ტერეზა მეისათვის ერთადერთი ნათელი წერტილი ევროპის იუსტიციის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც დაადგინა, რომ ბრიტანეთს შეუძლია ევროკავშირთან კონსულტირების შესახებ შეაჩეროს გასვლის პროცედურა. მეი ყოველნაირად ეცდება თავიდან აირიდოს ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენა, მაგრამ “ხისტი ბრექსიტი” იმდენად კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პრემიერ მინისტრს ბოლო წამში გადაწყვეტილების შეცვლამ მოუწიოს.

ამ საკითხზე, ტერეზა მეი ჯერჯერობით მტკიცედ დგას. გუშინ მან განაცხადა: რეფერენდუმის შედეგების უარყოფა “კიდევ ერთხელ ქვეყნის გახლეჩას ნიშნავს”-ო.  კრიტიკოსები ირონიას ვერ მალავენ – მეტი დაყოფა რთულადაა წარმოსადგენიო.

ამავე თემაზე, იხილეთ ჩვენი წინა სტატია:

ბრექსიტი: სიმშვიდე ქარიშხლის წინ

(გამოყენებული წყაროები: BBC, AXIOS, The Daily Telegraph, The Guardian)

მსგავსი/Related

Back to top button