Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 6 დეკემბერს გამართულ 1 331-ე სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი განიხილა.

სტრასბურგის სასამართლოს საქმე, 2012 წლის დეკემბერში და 2013 წლის იანვარში თანხების სავარაუდო გაფლანგვისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების კონტექსტში, მის მიმართ გამოვლენილ დარღვევებს ეხება. მერაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმეების მიზანი მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება იყო.

მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, 2013 წლის მაისში დააკავეს და თანხების გაფლანგვასა და ამომრჩევლების მოსყიდვაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით, მას კიდევ რამდენიმე ბრალი წარუდგინეს, თუმცა მერაბიშვილი ყველა მათგანს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. საქალაქო სასამართლომ ის რამდენიმე საქმეზე, მათ შორის, გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვაში დამნაშავედ ცნო და ის სასჯელს 2014 წლის ოქტომბრიდან იხდის. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა 2020 წლის თებერვალში ეწურება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) მიერ 2017 წლის 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, მაგრამ მოგვიანებით, მისი პატიმრობა სხვა, მასთან კავშირში არმქონე საქმეებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენეს.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის დეკემბერში მისი საკნიდან ფარული გაყვანის შესახებ მერაბიშვილის განცხადებები დადასტურდა და რომ ინციდენტზე თავდაპირველი გამოძიების დროს, რიგი შეცდომები დაფიქსირდა, რომლებიც 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩატარებული გამოძიების მიერ არ გამოსწორდა.

შედეგად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლის მესამე პუნქტი და მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პირველი პუნქტთან ერთობლიობაში (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, 2018 წლის იანვარში მერაბიშვილის ადვოკატებმა მისი საკნიდან გაყვანის საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება, ამ საკითხზე სამართალწარმოების ხელახლა დაწყება და ახალი გამოძიების დასრულებამდე მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოწოდებას არ შეიცავს და ხაზს უსვამს, რომ მსჯავრდებული სასჯელს სასამართლოს სხვა განაჩენებთან დაკავშირებით იხდის, რომლის კანონიერებაც ევროპულ სასამართლოს არ შეუმოწმებია, შედეგად, ადვოკატების მოთხოვნა მერაბიშვილის გათავისუფლებაზე უსაფუძვლოა.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება

მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლების არგუმენტს, რომლის თანახმადაც მერაბიშვილმა სრულად ისარგებლა „სამართლიანი დაკმაყოფილების“ მექანიზმით და დაადგინა, რომ ვინაიდან განმცხადებელი აღარ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ამ კუთხით სხვა ინდივიდუალური ზომების მიღება საჭირო აღარ არის.

გათავისუფლების თაობაზე განმცხადებლის თხოვნასთან დაკავშირებით კომიტეტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ ცალკე აღებული მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, რომ მან უარყო განმცხადებლის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ბერაბიშვილის დაკავება მისი პოლიტიკური არენიდან ჩამოშორებას ემსახურებოდა და რომ ახლა ის რიგი სხვა ბრალდებებით იხდის სასჯელს, მათ შორისაა გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რომელიც ამჟამად კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ამ მიზეზების გამო, მოცემულ მომენტში, არ არის საჭირო, მოვუწოდოთ მთავრობას, რომ მერაბიშვილის გათავისუფლება უზრუნველყოს“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს სამდივნოს განცხადებაში.

მინისტრთა კომიტეტმა „ინტერესით აღნიშნა“, რომ 2013 წლის დეკემბრის ინციდენტზე ახალი გამოძიება დაიწყო და ხელისუფლებას მოუწოდა მისი ისეთი ორგანიზება უზრუნველყოს, რომ ის ინსტიტუციურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი, ასევე საკმარისად ფართო მასშტაბის იყოს, რათა განისაზღვროს ჰქონდა თუ არა მოვლენებს რაიმე ზეგავლენა სისხლის სამართალწარმოებაზე.

კომიტეტმა ასევე „ინტერესით აღნიშნა“ პროკურატურის მიმდინარე რეფორმა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ როგორც კი ახალი გამოძიების შედეგი გახდება ცნობილი, შემდგომი ღონისძიებების საჭიროების საკითხი განიხილოს.

  • მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. მისი შეხვედრები მინისტრების დონეზე წელიწადში ერთხელ, ხოლო მინისტრების მოადგილეების დონეზე კვირაში ერთხელ იმართება.
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ, რაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო ხდება, მისი აღსრულების გასაკონტროლებლად ის მინისტრთა კომიტეტს გადაეცემა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button