Placeholder canvas
ინტერვიუმოსაზრება

ელჩი არენსი: საქართველომ ჩვენი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს

28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52 % მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმების 40.48 % მოაგროვა.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა მეორე ტური შეაფასეს როგორც კონკურენტული, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში რიგ ხარვეზებსაც გაუსვეს ხაზი. დამკვირვებლების თქმით, კანდიდატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, თუმცა ერთი მხარე არასათანადო უპირატესობით სარგებლობდა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ კომენტარისთვის, Civil.ge-მ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ გერტ-ჰაინრიხ არენსს მიმართა.

ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დიდი ხანია საქართველოში არჩევნებს აკვირდება, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყანაში პირველად გაიმართა. რა ახალი გამოწვევები გამოვლინდა და შეგიძლიათ თქვათ, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის გამოვლენილი პრობლემები ხარისხობრივად განსხვავდებოდა?

მეორე ტური არ იყო სათანადოდ რეგულირებული საარჩევნო კანონდებლობის მიერ. კერძოდ, რეალურად არავინ იცოდა, როგორ უნდა დარეგულირებულიყო კამპანიის წარმოება მედიაში, პირველ ტურსა და მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას შორის.

სწორედ ეს იყო ის, რამაც, ჩემი აზრით, არჩევნებში მონაწილეებს შორის გაურკვევლობა წარმოშვა. ასევე, ძალიან გაჭიანურებული დისკუსია გაიმართა მეორე ტურის თარიღის შესახებ – ანუ შესაძლებელი იყო თუ არა მისი სამუშაო დღეს ჩატარება.

ამჟამად, ჩვენ რეკომენდაციებს ვამზადებთ სისტემის გაუმჯობესების თაობაზე და აუცილებლად გავცემთ რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ მეორე ტური კანონმდებლობამ უნდა დაარეგულიროს. საქართველოში ადრეც გამართულა მეორე ტური, თუმცა არა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამრიგად, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია საკანონმდებლო პრობლემების შესახებ და მივეცით რეკომენდაცია მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.

იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის, საქართველომ იკისრეს, რეკომენდაციები განხილულ უნდა იქნას. ისინი აუცილებელი არ არის, რომ მიიღონ, თუმცა სულ ცოტა, მათი გათვალისწინებაა საჭირო.

ახლა, როდესაც რეკომენდაციებზე ვმუშაობთ, შევეცდებით, რომ ისინი უფრო პრაქტიკული გავხადოთ. აუცილებლად განვიხილავ მათ [ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან] თამარ ჟვანიასთან და [პარლამენტის თავმჯდომარესთან] ირაკლი კობახიძესთან, ვინაიდან ზოგიერთ რეკომენდაციას, შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდეს, ხოლო ზოგიერთი, შესაძლოა, ცესკოს ტექნიკურ საქმიანობას შეეხოს.

ამჯერად, ძალიან სადავო კამპანია გვქონდა. კამპანიის დროს, სხვადასხვა პარტიების მიერ გაკეთებული განცხადებები ასევე ძალიან ნეგატიური იყო და ზოგიერთი მათგანი, პირადად ჩემთვის, მიუღებელიც აღმოჩნდა.

ეს ჩვენ წინასწარ განცხადებაშიც რამდენიმე ადგილას აღვნიშნეთ. ამრიგად, საქმე ისაა, თუ როგორ გავუმკლავდეთ სიძულვილის ენას, ქსენოფობიას და სხვა მსგავს შემთხვევებს. რა თქმა უნდა, ეს რთული თემაა, ვინაიდან ერთის მხრივ, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, ხოლო მეორეს მხრივ, უნდა იყოს რაღაც რეაგირება სიძულვილის ენის გამოყენებაზე ან იმ განცხადებებზე, რომლებიც ხალხს სხვების მიმართ ძალადობრივი ქმედებისკენ მოუწოდებს. ამრიგად, ეს ის საკითხია, სადაც აუცილებლად განვიხილავთ, რა რეკომენდაციის მიცემა შეგვიძლია.

მეორე ტურთან დაკავშირებით ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მედიამონიტორინგის შედეგები მიანიშნებს, რომ ძირითადი მედიასაშუალებების პოლარიზება კვლავ ძლიერი იყო. ამჯერად, თქვენ განსაკუთრებით გააკრიტიკეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და, ალბათ, ნახავდით, რომ მათ თქვენი დაკვირვების სიზუსტე უარყვეს. რა იყო თქვენი კრიტიკის მიზეზი და როგორია თქვენი რეკომენდაცია მედიის პოლარიზების პრობლემის შემსუბუქებასთან დაკავშირებით?

კერძო მედიასაშუალებები ძალიან ძლიერი პოლარიზებით გამოირჩეოდა. თუ შეადარებთ „რუსთავი 2“-ს და „იმედს“, დაინახავთ, რომ ასეთი შედარების შედეგი ძალიან საინტერესო იქნება.

ასეთ პოლარიზებულ მედიაგარემოში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, რომ აბსოლუტურად ნეიტრალური იყოს და კანონი დაიცვას. ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სამწუხაროდ, არ შეასრულა თავისი კანონიერი ვალდებულებები არჩევნების მეორე ტურის წინ.

ჩვენი სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის ნაწილია იმის მონიტორინგი, თუ როგორ აშუქებს მედია არჩევნებს. ჩვენ მედიას ვაფასებთ არა მხოლოდ რაოდენობრივად, ანუ რა დრო გამოეყო თითოეულ კანდიდატს, არამედ ხარისხობრივადაც – რა ითქვა და როგორ გაშუქდა ის.

ამას გარდა, ყოველთვის ხდება შემოწმებული კონტენტის ორმაგი გადამოწმება. ქართველი მედიამონიტორები არ გვკარნახობენ, როგორ უნდა გაიზომოს ინდივიდუალური მასალა, ან როგორი დასკვნები უნდა დაიწეროს. თუმცა, ჩვენ გვჭირდება ქართველი მედიამონიტორების დახმარება, რადგანაც ჩვენ ქართული არ ვიცით.

ჩვენ პრაქტიკაში, მედიამონიტორების მუშაობა პირველი ნაბიჯია. რაც შეეხება მეორე ნაბიჯს, ჩვენ ვთარგმნით იმ მასალას, რომელიც, შესაძლოა, ინტერესის საგანს წარმოადგენდეს. არსებობს ორმაგი შემოწმების მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ შეესაბამება თუ არა მონიტორინგის შედეგები რეალურ გაშუქებას.

თქვენს ანგარიშში ნათქვამია, რომ „ODIHR EOM-სთან საუბარში საარჩევნო პროცესში ჩაბმული ბევრი დაინტერესებული მხარე აღნიშნავდა, რომ მმართველი პარტია ზეწოლას და დაშინებას მიმართავდა, განსაკუთრებით კერძო სექტორის თანამშრომლებსა და სახელმწიფო კომპენსაციებზე დამოკიდებულ ჯგუფებთან მიმართებით. მიუხედავად, კენჭისყრის ფარულობის გარანტიებისა, ზეწოლის ამ შემთხვევებმა გაზარდა წუხილები ამ ადამიანების შესაძლებობასთან დაკავშირებით, რომ სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცათ ხმა“. საჯარო სექტორის თანამშრომლები და მოწყვლადი ჯგუფები ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამას თუ დავუმატებთ 600 000 მოვალეს, რომელთა ვალების ჩამოწერაც, შესაძლოა, ამომრჩეველთა მოსყიდვის ტოლფასი ყოფილიყო, როგორც ეს თქვენს ანგარიშშია ნათქვამი, როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა ყველა ამ ფაქტორს გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე?

პრესკონფერენციაზე უკვე ვთქვი, რომ ეს ის საკითხია, რომელსაც არ ვუპასუხებ.

ჩვენი სადამკვირვებლო საქმიანობის მიზანი იმის დადგენაა, შეესაბამებოდა თუ არა არჩევნების ჩატარება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების ანალიზი ოთხი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება: პოლიტიკური ანალიზი, არჩევნების ანალიზი, მედიაანალიზი და სამართლებრივი ანალიზი. ჩვენს წინასწარ განცხადებაში შეგიძლიათ ნახოთ, თუ საერთო ჯამში როგორ შევაფასეთ არჩევნები.

არასდროს ვიტყვი არჩევნები ლეგიტიმური იყო თუ არა, მე სასამართლო არ ვარ. საქართველოში საჩივრების განხილვის პროცედურები არსებობს.

მათ, ვინც საკუთარ თავს გაყალბების მსხვერპლად მიიჩნევს, შეუძლია საჩივარი შეიტანოს. ჩვენ ანგარიშში საჩივრების განხილვის პროცედურებსაც შევეხებით, რომელთაც გარკვეული დახვეწა ესაჭიროება, მაგრამ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება სასამართლოებმა უნდა მიიღონ. ეს სწორედ ასე უნდა მოხდეს. ჩვენ არ ვართ საარჩევნო პოლიცია და საარჩევნო მოსამართლეები.

ამ კონტექსტში, ნება მომეცით, მომდევნო კითხვა დაგისვათ – მეორე ტურში შედარებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მეორე ტურის აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, პირველი ტურის „ნორმალურ“ აქტივობასთან შედარებით, ასევე 2012 წლიდან ამომრჩეველთა საშუალო აქტივობის დონესთან შედარებით. რას ფიქრობთ ასეთი ზრდის შესახებ? ეს რეალისტურია „ნორმალური“ კამპანიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის ყველა „ახალი“ ხმა მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ იქნა მიცემული?

სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რაც მაღალ აქტივობას ახსნის. პირველი, რა თქმა უნდა, მთელი საარჩევნო პროცესის განვითარებაა. მახსოვს, სანამ ჩამოვიდოდი, პირველი ანგარიში, რომელიც წავიკითხე, NDI-ის ეკუთვნოდა. ძალიან გამიკვირდა, როდესაც წავიკითხე, რომ ეს არჩევნები ყოვლად უსარგებლოა.

ეს გასაგებია, როდესაც ირჩევა პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალური მანდატი ექნება, ხოლო არჩევნების შედეგები ვერ გამოიწვევს რაიმე ცვლილებებს მთავრობის ან პარლამენტის შემადგენლობაში.

თუმცა, რაღაც მომენტში, ეს არჩევნები უფრო რეფერენდუმს ჰგავდა იმასთან დაკავშირებით, დარჩებოდა თუ არა ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ან გადავიდოდა თუ არა ძალაუფლება ოპოზიციის ხელში.

ამან მნიშვნელოვნად დაძაბა ვითარება. კერძოდ, პირველი ტურის შემდეგ ქართულმა ოცნებამ გაააქტიურა საარჩევნო საქმიანობა. შესაძლოა ამით აიხსნას მაღალი აქტივობა. არ მინდა რაიმე სხვა მიზეზებზე სპეკულირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button