რესპუბლიკა 100

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  (1918-1921 წწ.) კულტურული ცხოვრება

სალომე ჭანტურიძე

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

1918 წლის 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევს, ზუსტად 5 საათსა და 10 წუთზე, საქართველომ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა.

 

 

ლადო გუდიაშვილის ჩანახატი „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“; ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, №4, 1919 წელი

 

რუსული იმპერიის ნგრევამ, ომებმა, ოქტომბრის რევოლუციამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა, თავისდაუნებურად შეუწყო ხელი, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მულტიკულტურული ეთნოსითა და ევროპული ღირებულებებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და რუსეთის ავანგარდის ცენტრად ჩამოყალიბებულიყო. მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის პარიზის მსგავსად, თბილისი არა მხოლოდ დედაქალაქი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრიც იყო, სადაც იკრიბებოდნენ სხვადასხვა ეროვნების მწერლები, პოეტები, მხატვრები, რევოლუციურ რუსეთს გამოქცეული ხელოვანები. საქართველო იქცა „ჩაგრულ“ ადამიანთა თავშესაფრად, სადაც მოდერნიზმი და ავანგარდი ჰყვაოდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პროპაგანდისტული რეჟიმი, წლების განმავლობაში ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის მიჩქმალვას, მასთან დაკავშირებული ფაქტების დამახინჯებას და ფაქტობრივად, 1918-1921 წწ. დემოკრატიული მთავრობის არსებობასაც და კულტურულ პროცესებსაც ტაბუ ჰქონდა დადებული,  იმდროინდელი საქართველო სახელოვნებო დარგების კუთხით პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის ნამდვილი ოაზისი იყო. ჟურნალში „ეშმაკის მათრახი“ იწერებოდა: ძველად ამბობდნენ, ყველა გზა რომში მიდისო. ახლა ეს ანდაზა უნდა შეიცვალოს, რადგან დღეს ყველა გზა საქართველოში მოდის“.

ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, №22, 1920 წელი

 

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კულტურული ცხოვრების წარმართვაზე ცალკე სამინისტრო არ ზრუნავდა და ის სახალხო განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა. 1919 წლიდან, დამფუძნებელი კრებაში სხვა კომისიებთან ერთად არსებობდა სახელოვნებო კომისიაც, რომლის თავმჯდომარეები ჯერ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, შემდეგ პავლე საყვარელიძე და ბოლოს ივანე გომართელი იყვნენ. სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ამ ფაქტს არაერთგვაროვნად აფასებდნენ. მაგალითად, 1918 წელს, ჟურნალის ,,თეატრი და ცხოვრება“ №12 ნომერში, იოსებ არიმათიელი თავის წერილში სამინისტროს აუცილებლობაზე საუბრობს და ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს: ,,…როდესაც ჩვენი ზოგიერთი სახელმწიფო მესვეურნი ჯერ კიდევ იმაზე კამათობენ – ხელოვნების დარგს ცალკე უწყება მივანიჭოთ თუ განათლების უწყებას მივაკოსოთო, მწარედ გვეცინება. ჩვენ არაერთგზის მოვითხოვეთ, რომ ამ დარგს სამშობლოში განსაკუთრებული მართველობა უნდა მიენიჭოს და შეიძლება იმდენი სკოლამ ვერ შეძლოს…

ჩვენი სახელმწიფოებრივი მათნი, ნუ გადაეღობებიან საქართველოს ხელოვნების ცალკე სამინისტროს შექმნას: ჩვენს ხელოვნებას ამის უფლება წარსულმა მიანიჭა, აწმყომ უნდა განუმტკიცოს…მის შესახებ ხარჯებზე ლაპარაკიც კი მეტია: თავისი სახსრითაც რომ ვერ ირჩინოს თავი, სახელმწიფო ხაზინა მაინც მოვალეა გაუძღვეს“.  მიუხედავად კრიტიკისა და უამრავი დაბრკოლებისა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი ხანმოკლე არსებობის პერიოდში, კულტურის ყველა დარგის აღმავლობას შეუწყო ხელი.

1918 წლიდან, ავანგარდისტულ-მოდერნისტული კაფეების ეპოქა იწყება. ჩნდება „კულტურული ცხოვრების“ გამომხატველი სივრცეები, სადაც იმართებოდა ლიტერატურული საღამოები და კონცერტები. გრიგოლ რობაქიძე წერდა: „თბილისი გახდა პოეტების ქალაქი. კაფე „ინტერნაციონალში“ იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად. კიდევ მეტი: გაიძახოდნენ – პოეზია მარტო თბილისშიაო. პაოლო იაშვილი სწორედ ამ ხანებში თავს დაეცა ტფილისს, როგორც არტურ რემბო პარიზს. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა მან, რომ ტფილისის აღება ბოჰემით და ლექსით უფრო ძნელია, ვიდრე პარიზის… ქვეყანა მართლაც იქცეოდა და მხოლოდ ტფილისი იყო ერთადერთი ქალაქი, რომელიც ასეთ „ქცევას“ პოეტური მღერით ხვდებოდა… ტფილისი შეიქმნა ფანტასტიკური“…

დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებობდა არაერთი მხატვრული და ლიტერატურული გაერთიანება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ამ პერიოდს ემთხვევა ქუთაისში ჩამოყალიბებული სიმბოლისტური ჯგუფის „ცისფერყანწელთა“ დედაქალაქში გადმოსვლაც. ქართველი პოეტები გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ალექსანდრე აბაშელი, იოსებ გრიშაშვილი, გიორგი ქუჩიშვილი და სხვები დემოკრატიულ საქართველოს უძღვნიდნენ ლექსებს. ხელისუფლების დაფინანსებით იმართებოდა საღამოები და შეხვედრები. გამოდიოდა სახელოვნებო ჟურნალ-გაზეთები, იხატებოდა არტისტული კაფეები,  წარმოიდგინეთ, ილია ზდანევიჩი „ფანტასტიკურ სამიკიტნოში“ მოდერნისტული და ავანგარდული ლიტერატურის შესახებ კითხულობს ლექციას, დავით კაკაბაძე კონსერვატორიაში, იქით – პირველი მოდერნისტული პანტომიმის დადგმაა.  ქალაქი დუღს და ცოცხალია. მეტად უცნაური მოვლენა იყო განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ხელოვანთა „თანაცხოვრება“ – სიმბოლისტთა, აკმეისტთა, ფუტურისტთა თუ სხვათა.  1919 წლის 28 დეკემბერს, არტისტული საზოგადოების (ახლანდელი რუსთაველის თეატრი) სარდაფში გახსნილი კაფე „ქიმერიონი“ კი  ყველა დარგისა თუ მიმდინარეობის არტისტთა თავშეყრის ადგილად გადაიქცა. რესტორან „ანონას“ ნაცვლად გახსნილი მრავალფუნქციური სივრცის მოსახატად რუსეთის საიმპერატორო თეატრის მხატვარი სერგეი სუდეიკინი მიიწვიეს, მასთან ერთად კი დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, კირილე ზდანევიჩი, ზიგა ვალიშევსკი, მოგვიანებით კი მოსე და ირაკლი თოიძეები მუშაობდნენ. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ფინანსური პრობლემების მიუხედავად,  მთავრობა ყველანაირად ცდილობდა მხატვართა სხვადასხვა ინიციატივების წახალისებასა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას. ამის ნათელი მაგალითია სახელმწიფოს დახმარებით  ქართველი მხატვრების – დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და შალვა ქიქოძის საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა, არაერთი გამოფენის გახსნა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის მიზნით მოწყობილი ექსპედიციების დახმარება, ეროვნული მუზეუმისა და ეროვნული გალერეის დაარსება და სხვ. ასე რომ, 1916 წელს, დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებული „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მიზნებს (ა. მხატვართა, მოქანდაკეთა და ხუროთმოძღვართა ურთიერთშორის დაახლოება-შეკავშირება ბ. ქართველთა შორის ხელოვნების ნაშთების შეგროვება, დაცვა და შესწავლა) სულ რამდენიმე წელში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეესხა ხორცი.

არტისტული საზოგადოების თეატრი

 

1918 წლის 7 ივლისს, ჟურნალის ARS ინიციატივითა და ორგანიზებით, ლადო გუდიაშვილისა და ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის გამოფენა გაიხსნა. 1919 წლის 4 მაისიდან – 4 ივნისამდე, დიდების ტაძარში ქართველ მხატვართა საზოგადოებამ პირველი გამოფენა „თანამედროვე ქართული მხატვრობა და ქანდაკება“ წარადგინა. როგორც იმდროინდელი პრესა იუწყებოდა, გამოფენას პირველ დღეს 2000 დამთვალიერებელი ესტუმრა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთავრობამ გამოფენის ორგანიზებისათვის 10 000 მანეთი გამოჰყო, გამორჩეულ ნამუშევართა შესაძენად კი 100 000 მანეთი. იგივე მიზნით, დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიამ 30 000 მანეთი. გამოფენის გახსნას ქართული პრესა არაერთი წერილით გამოეხმაურა. რეცენზიები დაწერეს: დავით კაკაბაძემ, გრიგოლ რობაქიძემ, სერგეი სუდეიკინმა და სხვებმა. განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო 1919 წლის 12 დეკემბერს, საქართველოში მცხოვრები, სხვადასხვა ეროვნების 39 მხატვრის გამოფენა, რომელიც ქართველ მხატვართა საზოგადოების ხელშეწყობით, შალვა ქიქოძისა და დიმიტრი შევარდნაძის ორგანიზებით მოეწყო.

1919 წელს, მოსე თოიძის ინიციატივით, მხატვართა მოძრავ გამოფენას ჩაეყარა საფუძველი. ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, იაკობ ნიკოლაძისა და სხვათა ნამუშევრების საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დამთვალიერებელთან შესახვედრად, მთავრობამ 10 000 მანეთი და ვაგონი გამოჰყო.

ქვეყანაში არსებული თავისუფალი გარემოს გამოხატულებაა მხატვარ-კარიკატურისტთა მოღვაწეობაც. მათი საკმაოდ კრიტიკული, მწვავე შინაარსის წერილები თუ ჩანახატები, შეუზღუდავად იბეჭდებოდა იმდროინდელ პერიოდიკაში. ოსკარ შმერლინგის, მიხეილ ჭიაურელის, ალექსანდრე ზალცმანის, შალვა ქიქოძისა და სხვათა ჩანახატები მთავრობის წევრთა პორტრეტებს, სოციალურ ყოფას, პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას ეხმიანებოდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გამო, მოგვიანებით, მხატვარმა მიხეილ ჭიაურელმა „საკუთარ, რესპუბლიკის დროინდელ წარსულზე“ უარი თქვა და მისი ნამუშევრები მხოლოდ  მაშინდელი პერიოდული გამოცემებიდან შემოგვრჩა. დღეს კი მას როგორც საბჭოთა რეჟისორს ისე იცნობენ.

მიუხედავად სამხატვრო და სალიტერატურო ექსპერიმენტალური, ექსპრესიული და საინტერესო კულტურული ცხოვრებისა, შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველაზე მეტად სამუსიკო ხელოვნება განვითარდა. შესაძლოა, ეს განპირობებული იყო იმ დროს მოღვაწე  კლასიკოსების: დიმიტრი არაყიშვილის, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, ნიკო სულხანიშვილის, ვანო სარაჯიშვილის  და სხვათა საქმიანობით, რომლებმაც ნაციონალიზმის საკითხის წინ წამოწევა დაიწყეს. მთავარი ინსტიტუცია, რომელიც ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა „ქართული სამუსიკო და საქველმოქმედო საზოგადოება“ იყო, რომლის მიზანს ქართული ხალხური სიმღერების გადარჩენა, სამუსიკო სასწავლებლების დაარსება, ეროვნული ოპერების დადგმა, რუსული კონსერვატორიის გაქართულება და რაც მთავარია, ქართული მუსიკის განვითარებაზე ზრუნვა წარმოადგენდა. ამავე პერიოდის სამუსიკო გუნდებია: „ქართველ მუსიკოს-მომღერალთა კავშირი“, „დასავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერათა“ გუნდი,  „ქართული ეროვნული გუნდი“, „ქალ-ვაჟთა სამხედრო გუნდი“ და სხვ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“ კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა შექმნა, რომელიც ახლადგახსნილი თბილისის უნივერსიტეტის მუსიკის კათედრის ხელმძღვანელადაც მიიწვიეს.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნის ავტორი, მუსიკოსი კოტე ფოცხვერაშვილი
ფოტო დაცულია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 

განსაკუთრებით  განვითარდა საოპერო ხელოვნება. 1918 წლის 21, 23 და 25 მაისს, „ქართული კლუბის“ სცენაზე პირველი ქართული ოპერა რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ დაიდგა, 1919 წლის 5 თებერვალს კი სახელმწიფო თეატრის სცენაზე (ახლანდელი ოპერისა და ბალეტის თეატრი) დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ წარადგინეს, რომლის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა გახლდათ, მხატვარი ალექსანდრე ზალცმანი, დირიჟორი კი სამუელ სტოლერმანი. რუსთაველის პარტიას ვანო სარაჯიშვილი ასრულებდა, თამარისას კი სპიტკო. ოპერამ დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთი წერილიც მიეძღვნა. ასე დაიწყო ქართული ეროვნული ოპერის სცენური ისტორია. მალევე,  21 თებერვალს, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა, რომლის დირიჟორი თავად ავტორი გახლდათ. აბესალომისას – ბორის ზალიპსკი, ეთერისას – ოლღა ბახუტაშვილი-შულგინა, მურმანის როლს კი ალექსანდრე ინაშვილი ასრულებდა. 1919 წელს 11 დეკემბერს, დაიდგა ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ – პირველი ქართული კომიკური ოპერა, ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით. კოტეს როლს – როგაჩოვსკი, ქეთოს პარტიას კი ოლღა კალანდაძე ასრულებდა.

 

ოპერის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერის შემდეგ
ფოტო დაცულია ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში

 

 

მიხეილ ჭიაურელის შარჟი „აბესალომ და ეთერი“
ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, №21, 1920 წელი

 

დემოკრატიული რესპუბლიკის პირმშოა პირველი ქართული ბალეტიც. პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალის თამარ ვახვახიშვილის ავტორობით – თბილისის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა: „ბახუსის დღესასწაული“ (1919 წ.) და „სიყვარულის ნექტარი“ (1920 წ.).

დამოუკიდებლობის წლებში, თბილისსა და საგარეჯოში გასართობ წარმოდგენებს მართავდა მოხეტიალე მუსიკოსი და მომღერალი, მევიოლინე ილიკო ქურხული, რომლის შემოსავლის დიდი ნაწილი წითელი ჯვრის ქალთა ორგანიზაციას ერიცხებოდა უპატრონო ბავშვების დასახმარებლად.

მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული ქუჩაში მართავს წარმოდგენას
ფოტო დაცულია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქველმოქმედო საღამოებს მართავდნენ და მუსიკალური ღონისძიებების მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდნენ  პოლიტიკოსთა მეუღლეები.

სწორედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან იწყება საქართველოში კინოსადმი ინტერესი და კინოცხოვრებისთვის საჭირო გარემოს შექმნაზე ზრუნვაც ამ წლებიდან იღებს სათავეს.

1918 წელს, ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული, პირველი ქართული მხატვრული ფილმის ,,ქრისტინე“ პრემიერა გაიმართა. ფილმის გადაღება 1916-1917 წლებში, გერმანე გოგიტიძის თაოსნობით მიმდინარეობდა, სცენარის ავტორი და რეჟისორი კი ალექსანდრე წუწუნავა გახლდათ.

 

კადრები ფილმიდან „ქრისტინე“

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში, გერმანე გოგიტიძემ დოკუმენტური ფილმებიც გადაიღო: „სახალხო გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში, 12 დეკემბერი 1918 წლისა“, „დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის დღეს“. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური სიუჟეტებიც: „აზერბაიჯანის ფრონტი“, „ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის“, ,,ბათუმის სიმაგრეები“, „1919 წლის 26 მაისი“, „გორის მიწისძვრა“, „მეორე ინტერნაციონალის ლიდერთა დელეგაცია“, „სახალხო გვარდიის სასოფლო მუშაობა“, „აჭარა“, „სახალხო გვარდიელთა ჯირითი“, „1920 წლის 26 მაისი“, „ბათუმის პროტესტი“, „გორის წისქვილი“. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა „ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაცია, რომლის გადასაღებად საჭირო თანხების მოსაძიებლად წლები მუშაობდა.

1919 წლის 27 სექტემბერს, გერმანე გოგიტიძესა და კოოპერატივთა კავშირის გამგეობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს პროვინციებში კინოჩვენებებს ითვალისწინებდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, სეანსებიდან შემოსულ თანხას ორივე მხარე თანაბრად ინაწილებდა. ამით ქართული კინო საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

ამავე პერიოდში, დაიდო ხელშეკრულება კინოთეატრის ,,აპოლო“ მეპატრონე ჰენრიხ გეგელესა და ამიერკავკასიის კინოთეატრების ქსელის მფლობელ პავლე პირონეს შორის, რომელიც უცხოური ფილმების შემოტანას და ტიტრებით გაფორმებას გულისხმობდა. კინოგადაღება სულ უფრო და უფრო პოპულარული საქმიანობა ხდებოდა, სწორედ ამიტომ, გერმანე გოგიტიძესთან კონკურენციის გაწევის მიზნით, პავლე პირონე საკუთარი მხატვრული ფილმების წარმოებასაც შეუდგა. რეჟისორად,  მსახიობი ვლადიმერ ბარსკი ჩამოიყვანა ბაქოდან, ოპერატორად მიიწვია ალექსანდრე დიღმელოვი, თბილისში, იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთში ააშენა  კინოატელიე და ათკაციან კინოჯგუფთან ერთად საქმეს შეუდგა. თუმცა, 1920 წელს მან თავისი სტუდია მთავრობას მიჰყიდა და საქართველოდან გაემგზავრა.

კინოთეატრი „აპოლო“

 

კინო „პალასი“ ფოტო დაცულია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 

1918-1921 წლების საქართველოში, ოცზე მეტი კინოთეატრი არსებობდა: „აპოლო“, „პალასი“, „კინოტიტანიკი“, „ამირანი“, „ალკრე“, „პიკადილი“, „არფასტო“, „მინიონი“, „ჩერქეზიშვილის სახალხო კინოთეატრი“ და სხვ. კინოთეატრებში საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ ამერიკულ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ფილმებს უჩვენებდნენ. 1918 წლის 26 ოქტომბერს, გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა“ გამოქვეყნდა ცნობა კინოთეატრებში ბილეთების სიტემის დანერგვის შესახებ. 1918 წელს, პირველმა კავკასიურმა კინემატოგრაფიულმა „კინოსაიუზმა“ კინომექანიკოსის სამთვიანი კურსებიც კი გამოაცხადა, რომლის დასრულების შემდეგ გაიცემოდა ცნობა. ამავე დროს, თბილისში ხოდოროვის და ლეონტოვიჩის დრამატული სტუდია ფუნქციონირებდა, სადაც კინოხელოვნების კლასიც იყო გაერთიანებული.

სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ შეაფერხა თავისუფალი საქართველოს განვითარება და ტაბუ დაადო ყველაფერს, რაც დემოკრატიულ რესპუბლიკას უკავშირდებოდა. განადგურდა ქართული კინოს არქივიც. სწორედ ამიტომ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გადაღებული მხოლოდ რამდენიმე კადრი შემოგვრჩა. კინოსა და კინოცხოვრებაზე საუბარი ძირითადად იმდროინდელი, გადარჩენილი პერიოდული გამოცემების მეშვეობით შეგვიძლია, სადაც კინოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, სისტემატურად იბეჭდებოდა კინოთეატრების ამბები, ფილმების მიმოხილვა  და კინოაფიშები.

„წარმოუდგენელია თავისუფალი საქართველო უკულტურო, უხელოვნებო, უთეატრო. მისი მოდუნება დროებითია… აიხსნება იმით, რომ დამოუკიდებლობის პირველ თვეებში მთელი ცხოვრება შთანთქა მარტო პოლიტიკურმა საკითხებმა. მაგრამ ერის არსებობა არ ამოიწურება მარტო პოლიტიკით და საჭიროა დიდი კულტურული საქმიანობა განათლების, მეცნიერების, ხელოვნების სარბიელზე. თეატრის აღორძინება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი საშუალებებით“, – ეს სიტყვები ეკუთვნის პუბლიცისტს, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრს სამსონ ფირცხალავას, რომელმაც ქართულ თეატრს არაერთი წერილი მიუძღვნა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თეატრალური ცხოვრება საინტერესოდ, თუმცა სირთულეებითა და დაპირისპირებებით მიმდინარეობდა. წინააღმდეგობები და იდეური შეუთავსებლობა, ფინანსური პრობლემები, უბინაობა და თაობათა შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად აფერხებდა ქართული თეატრის განვითარებას.

1918 წელს, თბილისში დაარსდა სასცენო ხელოვნების სტუდია, რომლის მთავარი რეჟისორი და დამფუძნებელი პარიზის თეატრალური სტუდიის კურსდამთავრებული გიორგი ჯაბადარი გახლდათ.  სტუდიაში რეჟისორებად ზაქარია ბერიშვილი, აკაკი ფაღავა და კონსტანტინე შათირიშვილი მიიწვიეს,  დასი კი ახალგაზრდა, დამწყები მსახიობებისაგან შეიქმნა: იუზა ზარდალიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ცაცა ამირეჯიბი, აკაკი ვასაძე, ვასილ არაბიძე, შალვა ღამბაშიძე, უშანგი ჩხეიძე და სხვა. გიორგი ჯაბადარის სტუდიის ახალგაზრდა დასმა, 1918 წლის 18 ნოემბერს, საზოგადოებას ბრიეს პიესა „სარწმუნოება“ წარუდგინა.  მაყურებელი დადგმას განსხვავებული შეფასებებით გამოეხმაურა. დასმა მოღვაწეობა მხოლოდ 1920 წლამდე შეძლო.

 

მიხეილ ჭიაურელის შარჟი „ქართული თეატრი“თეატრში შექმნილი ვითარების შესახებ
ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, №1, 1920 წელი

 

დემოკრატიული რესპუბლიკის პრესაში არაერთი წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც თეატრალური საზოგადოება მთავრობას სასტიკად აკრიტიკებდა. ზოგიერთი თეატრის გასახელმწიფოებრიობას მოითხოვდა, ზოგიც  პირიქით,  ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას, რადგან თვლიდა, რომ მსახიობებს ეს მოცემულობა ჩინოვნიკებად გადააქცევდა. 1919 წლის 19 ოქტომბერს, საზოგადოების აქტივობამ შედეგი გამოიღო, შეიკრიბა დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისია, რომელმაც აკაკი ფაღავას სახელმწიფო თეატრის დებულების შექმნა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება, პავლე საყვარელიძეს კი დრამატული თეატრის გასახელმწიფოებრიობის კანონპროექტის მომზადება დაავალა. იმავე წლის 24 სექტემბერს,  მორიგი კრება გაიმართა, თუმცა, მონაწილეთა უმრავლესობამ თეატრის გასახელმწიფოებრიობის იდეა უარყო და მხარი დაუჭირა თეატრისთვის საზოგადოებრივი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და მისთვის სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფას.

საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა რუსული საოპერო და თეატრალური დასის აქტიურობაც. სიძნელეების მიუხედავად, 1920 წლის მარტში, დამფუძნებელი კრების ხელოვნების სექციამ, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, „არტისტული საზოგადოების თეატრი“ (ახლანდელი შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი), სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ იყო განთავსებული, რუსულ დასს ჩამოართვა და ქართულ დრამატულ საზოგადოებას გადასცა. 1920 წელს, ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ თბილისში, მეორე სახელმწიფო დასი შექმნა (პირველი სახელმწიფო თეატრი ოპერა იყო), სადაც ალექსანდრე წუწუნავა, ვლადიმერ მესხიშვილი, აკაკი ფაღავა, ალექსანდრე ახმეტელი შეუდგნენ საქმიანობას. დასმა რეპეტიციები სურამში დაიწყო და სეზონისთვის ათი სპექტაკლი მოამზადა: შალვა დადიანის „გუშინდელნი“, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, შექსპირის „ოტელო“ და სხვ.

თბილისში არსებული დასების პარალელურად,  აქტიურ სათეატრო საქმიანობას ეწეოდა ქუთაისის  დასიც, რომელსაც  მიხეილ ქორელი და იოსებ იმედაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, 1918-1920 წლებში, ქუთაისში 150-ზე მეტი სპექტაკლი დაიდგა. ქუთაისის დასის სპექტაკლების ჩვენებები იმართებოდა დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა დაბა-ქალაქებში. 1920 წლიდან, მსახიობების დიდი ნაწილი საცხოვრებლად და სამუშაოდ დედაქალაქში გადავიდა,  ქუთაისის დასის საქმიანობა კი უკან-უკან წავიდა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დიდი წარმატება ჰქონდა ე.წ. მუშათა თეატრებსა და არაქართულენოვან დასებსაც. დემოკრატიულ საქართველოში თეატრები არსებობდა ბათუმში, სოხუმში, ფოთში, ზუგდიდში, სამტრედიაში, ოზურგეთში, გორში, ხაშურში, დუშეთსა და საგარეჯოში. ამ პერიოდში აშენდა თელავისა და სურამის თეატრები. თეატრების მშენებლობა დაიწყო ხარაგაულში, სენაკში, ჭიათურაში და ლანჩხუთში. მუდმივი დასების პარალელურად, არსებობდა შალვა დადიანის ხელმძღვანელობით შექმნილი „მოგზაურთა დასი“, რომელიც  მთელი  საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა და სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენებს მართავდა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობის დახმარებით, არაერთ მსახიობს დაენიშნა ფინანსური შემწეობა. იმართებოდა დამსახურებული არტისტების იუბილეები. მაგალითად, 1918 წელს, აღინიშნა ვიქტორ გამყრელიძის სასცენო მოღვაწეობის 30 წელი, 1919 წელს ნინო ჩხეიძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავი და ა.შ.


მსახიობი ნინო ჩხეიძე
ფოტოები დაცულია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

 

 

ამავე პერიოდში, თეატრალური ხელოვნების მოყვარულთათვის სისტემატურად იბეჭდებოდა აფიშები, რეცენზიები და მადლობის წერილები. მოსახლეობა აქტიურად ესწრებოდა სხვადასხვა სახის თეატრალურ წარმოდგენებს.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმში დაცულია „წარმოდგენის დღიური“, რომელშიც  1920-1921 წლების აფიშები და რეცენზიებია დაბეჭდილი. ოკუპაციის წინა დღეებში, ნაბეჭდ აფიშას ხელნაწერი ცვლის. დღიურით ირკვევა, რომ უკანასკნელი სპექტაკლი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვ. აბაშიძის რეჟისორობით დაიდგა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ იყო.

დამოუკიდებლობის აღდგენა და გამოცხადება მხოლოდ პოლიტიკურ-ისტორიული აქტი არ ყოფილა, ის ახალი კულტურული ცხოვრების დასაწყისად და  შემოქმედებითი იდეების ხორცშესხმის პლატფორმად იქცა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ადამიანებს ყველაზე მთავარი რამ – თავისუფლება აჩუქა. სწორედ ეს გახდა განმსაზღვრელი, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებისა და მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის სამწლიან მონაკვეთში, თავისუფალმა ადამიანებმა თავისი სათქმელი თითქმის ყველა სახელოვნებო დარგში გააჟღერეს: ლიტერატურასა თუ თეატრში, მუსიკაში, კინოსა თუ მხატვრობაში.

Back to top button