არჩევნები 2018ახალი ამბები

უცხოელი ლიდერები ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

უცხოელი დიპლომატები და ოფიციალური პირები სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველო კიდევ უფრო განვითარდება და აყვავდება.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყანა გააგრძელებს „აქტიურ კონტაქტებს“ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე და გააძლიერებს ორმხრივ დიალოგს.

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ „ის ესტონეთსა და საქართველოს შორის არსებული, საერთო ღირებულებების და საერთო ინტერესების საფუძველზე, ისედაც საუკეთესო ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას ელის“.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების მომავალზე სამსჯელოდ მალე შეხვდება ზურაბიშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში, საფრანგეთის ევროპის და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი და საუკეთესო ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, საფრანგეთი მზად არის ზურაბიშვილთან იმუშაოს“.

„ახალ პრეზიდენტს შეუძლია იმედი იქონიოს, რომ ჩვენ კვლავ დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ „საკუთარი ქვეყნის და მისი ხალხის სამსახურში“ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს წარმატება უსურვა.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში და სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა. მანვე ქართველ ხალხს „თავისუფალი და კონკურენტული“ არჩევნების ჩატარებაც მიულოცა.

„ეს, რა თქმა უნდა, რთული კამპანია იყო და მეტი უნდა გაკეთდეს მომავალში ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. მოუთმენლად ველი საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ჩვენი სამუშაოს ერთად განხორციელებას“, – დაწერა აპატურაიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარებას“ მიესალმა.

„ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შედეგები სარგებლის მომტანი იქნება ქართველი ხალხისთვის. გვჯერა, რომ არჩევნების შედეგები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა სამინისტრომ.

ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომაც მიულოცა და მას „საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების და საზოგადოების გაძლიერების საქმეში“ წარმატება უსურვა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა მან.

„გაერთიანებული სამეფო და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. მივესალმები არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ საზოგადოება შეკრას და განამტკიცოს ის დემოკრატიული სტანდარტები, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუნკანმა.

ზურაბიშვილს „საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად არჩევა“ გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა მარია ფერნანდა ესპინოზა გარსესმაც მიულოცა. „ყოველთვის მივესალმები ქალთა როლის ზრდას ხელისუფლებაში“, – განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ და საქართველო „არიან და იქნებიან ძლიერი პარტნიორები“. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიას, კეთილდღეობას, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მხარს ვუჭერთ საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას და მზად ვართ ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიმუშაოთ ამ ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ რობერტ პალადინომ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის არჩეულ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან მუშაობას და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორისაა ჩვენი აქტიური თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში და საქართველოს წვლილი ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button