Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

სოციალისტი მუშის წერილი საღვთო სჯულის სავალდებულო სწავლების გაუქმებაზე

(გაზეთი „ერთობა“, N259, 29 ნოემბერი, 1918)

ერთი კანონპროექტის გამო

ამ დღეებში საქართველოს პარლამენტმა მეტათ დიდმნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილა და დაამტკიცა. მე მოგახსენებთ საღრმთო სჯულის სწავლების გაუქმებაზე.

ჩვენ იმ თავიდანვე ვიცოდით, რომ ამის წინააღმდეგ როგორც ყველგან, ისე ჩვენშიაც გაილაშქრებდნენ გაბატონებული კლასების წარმომადგენლები, რადგან მათთვის სარწმუნოება ის ბასრი იარაღია, რომლის საშუალებით ადვილათ ახერხებენ დაბეჩავებული ხალხის დამონავებას. ამის საუცხოვო მაგალითს გვაძევს  საფრანგეთის დიდი რევოლიუცია, როდესაც სამღვდელოება კარდაკარ დაიარებოდა და ხალხს რევოლიუციისა და დემოკრატიული წყობილების საწინააღმდეგოთ მოუწოდებდა, იმ წყობილების, რომელმაც თავად-აზნაურობასა და სამღვდელოებას საეკლესიო მამულების სახით აუარებელი მიწები ჩამოართვა და ხალხს გადასცა.

განა მარტო საფრანგეთის რევოლიუცია გვაძლევს ამის მაგალითს? აიღეთ თუ გინდათ რუსეთის რევოლიუცია და ბეგების და მოლების „მოღვაწეობა“ ჩვენს სამაჰმადიანო საქართველოში. როდესაც ბეგებმა დაინახეს, რომ რუსეთის რევოლიუციის საშუალებით, მათ ბატონობას ბოლო ეღებოდა, შეუდგნენ ხალხში ქადაგებას სარწმუნოებრივ ნიადაგზე, ვითომ რუსეთის რევოლიუცია მათ სარწმუნოებას ართმევდა. დაბეჩავებული ხალხი აჰყვა ამ პროვოკაციას და ბეგებმაც მშვენივრათ შესძლეს თავის ბატონობის შენარჩუნება.

ვიმეორებთ სარწმუნოება ფეოდალურ და ბურჟუაზიულ ხანაში გაბატონებულ კლასებისათვის, მუდამ საუკეთესო საშუალება იყო მათი ბატონობის გახანგრძლივებისათვის.

სარწმუნოებრივ ნიადაგზე სოციალისტებსა და ბურჟუაზიულ კლასებს შორის მუდმივი ბრძოლა არსებობდა და ზოგიერთ განათლებულ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად ევროპა და ამერიკა სოციალისტებმა უკვე თავის მიზანს მიაღწიეს.

სოციალისტებს სარწმუნოება მუდამ კერძო საქმეთ მიაჩნდათ და ენერგიულათ მოითხოვდნენ სინდისის თავისუფლებას. ყველა სოციალისტურ პარტიებს თავიანთ პროგრამებში აქვთ ისეთი მუხლი შეტანილი, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოდან ეკლესიის ჩამოშორებას და მის კერძო დაწესებულებათ გამოცხადებას. თუმცა ასეთი მუხლი ბურჟუაზიულ კლასებსაც აქვთ თავიანთ პროგრამებში, მაგრამ ეს მხოლოდ ხალხის თვალის ასახვევი მასალაა და მეტი არაფერი. ნამდვილი დამცველი ხსენებული მოხლისა არის სოციალისტური პარტიები. და ეს ნათლად დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში, როდესაც საღმრთო სჯულის სწავლების გაუქმების კანონპროექტი ირჩეოდა. ამ კანონპროექტის წინააღმდეგ სასტიკათ გაილაშქრეს ნაციონალ-დემოკ. ორივე ფრთამ. გაკოტრებულ ფეოდალებისა და ბურჟუაზიის იდეოლოგებმა საკითხს გვერდი აუხვიეს და კამათი სულ სხვა სფეროში გადაიტანეს. მათ მორთეს განგაში, რომ ვითომც საღმრთო სჯულის სკოლებში სავალდებულო სწავლების გაუქმებით, ჩვენ ვართმევდეთ ხალხს სარწმუნოებას, ნამდვილათ კი კანონ პროექტი ანთავისუფლებს საქართველოს სახელმწიფოს ღარიბ ხაზინას იმ ზედმეტ ხარჯებისაგან, რომელიც დღემდე საღმრთო სჯულის სწავლებისათვის იხარჯებოდა და ეს ხარჯები კი მძიმე ტვირთად აწვა თავს საქართველოს მთელ დემოკრატიას, მიუხედავათ იმისა, სურდა თუ არა მას თავიანთი შვილებისათვის საღმრთო სჯული ესწავლებინა, რაიც დღევანდელ პირობებში ყოვლად გამოუსადეგარი საგანია ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის.

თუ რამდენათ უსაფუძვლოა მათი განგაში სარწმუნოების შეზღუდვის შესახებ, ამის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს კანონ პროექტის მეოთხე მუხლი, რომელიც ამბობს: „თუ მშობლები მოისურვებენ თავიანთ შვილებს კერძო ხარჯით ასწავლონ საღმრთო სჯული, მათ უფლება ეძლევათ ისარგებლონ სკოლის შენობით თავისუფალ დროს“.

მკითხველი ნათლად დაინახავს, რომ ჩვენ სარწმუნოებას და საღმრთო სჯულის სწავლებას კი არ უკრძალავთ ხალხს, არამედ მათ ვაცხადებთ კერძო საქმეთ და ვაცლით სავალდებულო ხასიათს. ამით ჩვენ ერთის მხრით ვანთავისუფლებთ სახელმწიფო ხაზინას ზედმეტ ხარჯებისაგან, და მეორეს მხრით ვაკმაყოფილებთ იმ მოქალაქეების ნება-სურვილს, რომელთაც არ სურდათ თავიანთ შვილებისათვის საღმრთო სჯული ესწავლებინათ.

ასეთია კანონ პროექტის ერთი მხარე, რომელმაც ძილი დაუფრთხო ჩვენ ნაციონალ-დემოკრატებს.

კომისიის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში იყო ერთი მუხლი, რომელიც პარლამენტმა არ მიიღო და ამოშალა. ხსენებული მუხლი შეეხებოდა სამაჰმადიანო სასწავლებლებში შარიატის სავალდებულო საგნათ დატოვებას. განათლების კომისიაც პრინციპიალურათ ამ მუხლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მის დატოვებას დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო საჭიროთ აღიარებდნენ. ჩვენის აზრით პარლამენტმა სწორი გზა აირჩია, როდესაც ეს მუხლი ამოშალა. კანონ პროექტის იმ სახით მიღება, რა სახითაც ის კომისიამ წარმოადგინა, მოგვაგონებდა ნიკოლოზიის ბიუროკრატიულ მთავრობის მიერ გამოცემულ კანონპროექტებს, რომელიც ერთს სახელმწიფოში სხვადასხვაგვარათ მოქმედებდა. დემოკრატიული პარლამენტი ასეთ კანონებს ვერ გამოსცემს. საქართველოს რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ერები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და შეუძლებელია ისეტი კომპრომისის დაშვება, რომელიც რაიმე პრივილეგიას ანიჭებდეს საქართველოში მცხოვრებ რომელიმე ეროვნებას. როგორც ქრისტიანებს უფლება აქვთ თავიანთ შვილებს თავისი ხარჯით ასწავლონ საღმრთო სჯული, ისე მამადიანებს სრული უფლება აქვს კერძო ხარჯით მათ შვილებს ასწავლონ შარიატი, ისლამი და სხვ. რაც შეეხება შარიათის სავალდებულოთ დატოვებას, ეს იქნებოდა ერთი ერისთვის პრივილეგიების მინიჭება, მეორე ერის ხარჯზე, რაიც ჩვენს რესპუბლიკაში დაუშვებელია.

ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები და გაბატონებული კლასები ამ ხალხისათვის სასარგებლო კანონ პროექტის მეოხებით დიდ აგიტაციას გააჩაღებენ როგორც საქართველოს რესპუბლიკის, ისე ჩვენი დემოკრატიული მთავრობის და პარლამენტის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოს დემოკრატია განგაშს არ აჰყვება და მათ შესაფერ პასუხს მისცემს. შეგნებული მოქალაქეების ვალია აუხსნან ხალხს ხსენებული კანონის მნიშვნელობა და ხალხის მტრებს საშუალება არ მისცენ თავიანთი ბნელი საქმის საკეთებლად.

ს. ელიაძე.

მსგავსი/Related

Back to top button