Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

NDI საქართველოს დემოკრატიული მონაპოვრის შესაძლო დაკარგვის შესახებ აფრთხილებს

„არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში და წესების დაცვით ჩაიარა, თუმცა წინასაარჩევნო გარემო საჯარო მოხელეების დაშინების შემთხვევებითა და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ამომრჩევლის მობილიზაციის მცდელობით ხასიათდებოდა“, – ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

11-წევრიანი დელეგაცია თბილისში 26 ნოემბერს ჩამოვიდა და ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საარჩევნო სუბიექტებს შეხვდა. არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების გახსნის, კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცესებს NDI-ის დამკვირვებლების ექვსწევრიანი გუნდი ქვეყნის მასშტაბით ხუთ რეგიონში აკვირდებოდა.

NDI-მ თავის ანგარიშში განაცხადა, რომ მეორე ტურამდე პერიოდი „ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციით და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და – შეიძლება ითქვას – ნორმებს არღვევდა“.

წინასწარი განცხადების თანახმად, „ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშის შემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით“.

სადამკვირვებლო მისია ამომრჩეველთა დაშინების შესახებ გაკეთებულ ბრალდებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „დელეგაციისთვის რთულია, დაადგინოს, რამდენად ფართოდ არის დაშინება გავრცელებული, თუმცა ბევრი წყაროსგან მიღებული ბრალდებების მასშტაბისა და თანმიმდევრულობის გათვალისწინებით და უშუალოდ NDI-ისთვის გამხელილი შემთხვევების სანდოობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნებისთვის ეს პრობლემა აღმოიფხვრას“.

დელეგაციამ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი სატელევიზიო მაუწყებლების არსებითად კამპანიის ინსტრუმენტად გადაქცევამ, კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობა შეზღუდა.

განცხადების თანახმად, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალდებები კეთდებოდა. ამას გარდა, „არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე, ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართული ოცნების ლიდერები ყოველდღიურად აჟღერებდნენ განცხადებებსა და დაპირებებს მთავრობის პროექტებისა და სოციალური მხარდაჭერის შესახებ“.

დელეგაცია ასევე შეეხო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ვალების ჩამოწერის თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი „რიგი ასპექტები არ არის სათანადოდ ნათელი და გამჭვირვალე. ასევე თითქმის არაფერია ცნობილი ფონდის ფინანსებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ“.

NDI-ს თქმით, „არჩევნების დღემ ზოგადად მშვიდ და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა“, თუმცა დაფიქსირდა ერთი პირის მიერ ხმისრამდენჯერმე მიცემის სერიოზული ინციდენტები, ასევე მანიპულირება დათვლის პროცესის დროს, რასაც უშუალოდ NDI-ისდამკვირვებლებიც შეესწრნენ.

განცხადების თანახმად, „NDI-ის დამკვირვებლები ჯგუფური და სხვის ნაცვლად ხმის მიცემის მოწმენიც გახდნენ. მათ ასევე გამოავლინეს ერთი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე პირი საარჩევნო უბანზე ხელში ბიულეტენებით შევიდა და პირადობის მოწმობის და საარჩევნო სიაში ყოფნის შემოწმების გარეშე ხმა მისცა, ხოლო შემდეგ საარჩევნო უბანი კვლავ ბიულეტენებით ხელში დატოვა. NDI–იმ ასევე გამოავლინა შემთხვევები, როდესაც მარკირება გავლილ ამომრჩევლებს ხმის მიცემის ნება დართეს, რიგის მომწესრიგებლებმა მარკირების სწორად შემოწმება ვერ შეძლეს და საუბნო კომისიის წევრებმა ამომრჩევლების მარკირება არასათანადოდ განახორციელეს“.

დელეგაცია იმედოვნებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ დაზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ“.

„დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია. ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩიადა მას ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა. ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

NDI-ის განცხადება 29 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს ეხება და ოთხი გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებს, NDI-ის წინასაარჩევნო მისიის 2018 წლის ივლისის ანგარიშს და 28 ოქტომბრის პირველ ტურთან დაკავშირებით NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის განცხადებას ეფუძნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button