Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

ოპოზიცია მეორე ტურის შემდგომ სტრატეგიაზე ფიქრობს, სააკაშვილი კი სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ხვალ საღამოს შეიკრიბებიან და მეორე ტურის შემდგომ სტრატეგიას განიხილავენ.

ვაშაძემ ეს განცხადება 29 ნოემბერს, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებიდან დაახლოებით ხუთ საათში გააკეთა, რომლის თანახმადაც არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები და ამისათვის ხვალ, საღამოს 6 საათზე, ჩვენ გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში“, – განაცხადა მან და ოპოზიციის მხარდამჭერებს შეხვედრაზე დასწრებისკენ მოუწოდა.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარეა, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მის საზოგადოებას მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა: „ამ კვირებში რაც ტარდებოდა, ეს არ იყო არც არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ხალხის ნებასთან. ეს იყო ქურდული სამყარო, ძველი ბიჭები და გარეწრები“.

„მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას არ ვაღიაროთ ამ არჩევნების შედეგები…მთავარი მძარცველი მოაჯდა თავზე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, აკონტროლებს უკლებლივ ყველა პროცესს, დგება მომენტი, როცა საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონის, კონსტიტუციის და საკუთარი თავისუფლების დაცვა საკუთარ ხელში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება, ჩვენ გადავდივართ მასობრივი დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს. მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ-მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს“, – განაცხადა მან.

როდესაც ვაშაძეს ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან განაცხადა: „ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნაზე, ამ შტაბში რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად“.

ვაშაძე ნაკლებად რადიკალური იყო თავის წინა განცხადებებშიც. ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე გაკეთებულ კომენტარში ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის პატივს სცემს „რუსთავი 2“-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, თუმცა საბოლოო შეფასებას ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს.

მისი თქმით, ოპოზიციამ საყოველთაო მობილიზაციის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და კრიმინალების, კორუმპირებული ჩინოვნიკების და ნარკომანების ჩართულობის ფონზე, 750 000 ხმის მოპოვება შეძლო.

„ჩვენ ორ შედეგს უკვე მივაღწიეთ – როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, პირველი არის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა და ეს არის მძლავრი ძალა და მეორე, ამ არჩევნებით ე.წ. ხელისუფლებამ და ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. მნიშვნელობა არა აქვს, რა უსულო საგანს შეიტანენ ისინი პრეზიდენტის სასახლეში. ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია იმიტომ, რომ ამისთანა სირცხვილი, რაც შეეხება დემოკრატიულ არჩევნებს, საქართველოს ჯერ არ უნახავს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button