არჩევნები 2018ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები კენჭისყრის პროცესს აფასებენ

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს შეფასებით, საარჩევნო უბნებზე მთავარი პრობლემა ხელისუფლების მხარდამჭერი აქტივისტების მნიშვნელოვანი მობილიზაცია და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა იყო, თუმცა მათივე განმარტებით, ზოგადად, კენჭისყრის პროცესი კანონის ფარგლებში წარიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა ხმების დათვლის პროცესს აკვირდებიან და საბოლოო დასკვნებს 29 ნოემბერს წარმოადგენენ.

სამართლიანი არჩევნები: შემთხვევების 98-99%-ში კენჭისყრის პროცედურები სათანადოდ წარიმართა

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადების თანახმად, ძირითადი საარჩევნო პროცედურები, როგორიცაა შესაბამისი დოკუმენტებით ხმის მიცემა, ბიულეტენების შემოწმება, ამომრჩეველთა შემოწმება სათანადოდ წარიმართა და ხმის მიცემის ფარულობა შემთხვევების 98-99%-ში დაცული იყო. საარჩევნო უბნების 1.6%-ზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტები.

ორგანიზაციამ ერთ-ერთ პრობლემად ხმის მიცემის ფარულობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები დიდი რაოდენობით იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე. ისინი ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც „ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა“.

„სამართლიანი არჩევნებმა“ საუბნო კომისიაში 46, ხოლო საოლქო კომისიაში 54 საჩივარი შეიტანა. დარღვევებს შორის დაფიქსირებულია საარჩევნო დოკუმენტაციის დაკარგვა, უბანზე უცხო პირების შევარდნა, ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა, ბიულეტენის მეტობა ხელმოწერების რაოდენობაზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები.

სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

საია: მშვიდი, თუმცა ზოგიერთი მნიშვნელოვანი დარღვევით

საიას ინფორმაციით, კენჭისყრამ მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის, ორგანიზაციის თქმით, დაფიქსირდა არსებითი დარღვევები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები: სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტები. საიას ანგარიშის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენს. გამოვლინდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის რამდენიმე შემთხვევა.

საიას დამკვირვებლებმა სულ 60 საჩივარი წარადგინეს – 31 საუბნო, ხოლო 29 საოლქო კომისიებში. დარღვევებს შორის ჩამოთვლილია სავარაუდო გაყალბების ფაქტები და განმეორებით ხმის მიცემის მცდელობები; ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები; სავარაუდო მუქარის ფაქტი; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა; ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა და მობილიზების ფაქტები; დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა.

საიას 300 დამკვირვებელი ჰყავდა განთავსებული 28 საარჩევნო ოლქის 170-მდე საარჩევნო უბანში, მათ შორის თბილისში და ცხრა რეგიონში – კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი და აჭარა.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო: მშვიდი გარემო, რიგი დარღვევებით

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში გაიმართა, თუმცა 120-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ 10 საჩივარი წარადგინა რიგ დარღვევებზე, მათ შორისაა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა, არჩევნების გაყალბების მცდელობა, დამკვირვებლების საარჩევნო უბნებზე არშეშვება.

არჩევნების მეორე ტურს 350 ადგილობრივი დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე ჰყავდა გადანაწილებული. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button