არჩევნები 2018ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო პროცესს აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება „კენჭისყრის ფარულობის დარღვევა“ და თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეინიშნება საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, რომელიც არჩევნების მეორე ტურს 350 დამკვირვებლით 300 საარჩევნო უბანზე უწევს მონიტორინგს, ამ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა დროულად გაიხსნა და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ორგანიზაციისვე განმარტებით, 70-მდე „წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა“ დაფიქსირდა. „პირველი ტურის მსგავსად, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის“, – აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობაში.

ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, ხმის მიცემის შემდეგ, 4 შემთხვევაში ამომრჩევლისთვის ფულადი თანხის სავარაუდო გადაცემის შემთხვევაც გამოიკვეთა. გარდა ამისა, ორგანიზაციამ დამკვირვებლების საარჩევნო უბანზე არშეშვების 15, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის 6, არჩევნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვის 4 და წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 შემთხვევა გამოავლინა.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, რომელიც არჩევნების მეორე ტურს 600-ზე მეტ უბანზე აკვირდება, უბნების უმრავლესობის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. ორგანიზაციის განმარტებით, „ტენდენციის სახით გამოიკვეთა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები“ და პირველი ტურის მსგავსად, საარჩევნო უბნების მიმდებარედ შეინიშნება ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისა და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩევლის აღრიცხვა.

„კვლავ გრძელდება და ტენდენციის სახე მიიღო კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებმა. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტების გათვალისწინებით, შემაშფოთებელია საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რადგან აღნიშნული ხელს უშლის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას“, – აცხადებენ სამართლიან არჩევნებში.

ISFED-ის განმარტებით, სამი საათის მდგომარეობით, დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 3, ამომრჩევლის ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების 11, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის და ფიზიკური ძალადობის 3, საარჩევნო დოკუმენტაციის არასწორად წარმოების 2 და კონვერტის გარეშე ბიულეტენის მოთავსების 1 შემთხვევა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, დღის პირველი საათის მდგომარეობით, დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით 9 საჩივარი დაწერა. ხოლო სამართლიანმა არჩევნებმა 3 საათის მონაცემებით საუბნო საარჩევნო კომისიებში 22 საჩივარი წარადგინა. იმავე რაოდენობის საჩივრები დაიწერა საოლქო საარჩევნო კომისიების სახელზეც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button