ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 27-დან 29 ნოემბრამდე, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, 27 ნოემბრის 20:00 საათიდან იგეგმება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების ფუნქციონირების დროებითი შეჩერება. აღნიშნული პუნქტების ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირება 29 ნოემბერს, დილის 06:00 საათზე განახლდება“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის 26 ნოემბრის განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალთან ამავე მიზეზით, ე.წ. საზღვარი საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტურის დროსაც (27-დან 29 ოქტომბერი) ჩაიკეტა. ამის შესახებ განცხადება ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა 23 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიხედვით, ოკუპირებულ ცხინვალთან კონტროლირებადი გადაკვეთის მოქმედი პუნქტები არსებობს სოფლებში: სინაგურში (საჩხერის რაიონი), ქარზმანის ხიდზე (საჩხერის რაიონი), ზარდიანთკარში (გორის რაიონი), ერგნეთში (გორის რაიონი) და ოძისში (მცხეთის რაიონი). ამ უკანასკნელით ახალგორის რაიონის მოსახლეობა სარგებლობს და ის ერთადერთი პუნქტია, სადაც შესაძლებელია ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ადმინისტრაციული საზღვრის ავტომანქანით გადაკვეთა. პუნქტით ყოველდღიურად დაახლოებით 400 ადამიანი სარგებლობს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების ინფორმაციით, ახალგორის მუნიციპალიტეტში, რომლის ტერიტორიაც 2008 წლის ომამდე თითქმის მთლიანად ცენტრალური მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა, 4 209 ადამიანი ცხოვრობს (ომამდელი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი). მთლიანი მოსახლეობის 55.5% (2 337 ადამიანი) ეთნიკური ქართველები არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button