Placeholder canvas
ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ 22 ნოემბერს ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2005 წელს პარლამენტის მაშინდელ წევრზე ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში დამნაშავედ იქნა ცნობილი და მას სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, 2 წლისა და 3 თვის ვადით კი, თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის 28 ივნისს გამოიტანა.

მაშინ სასამართლომ განმარტა, რომ 2005 წლის 29 ივნისს დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიერ გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ის „შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ“, მიხეილ სააკაშვილმა პირადი შურისძიების მოტივით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განიზრახა და „ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯა“ იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს დაავალა. მისგან უარის მიღების შემდეგ, მან იგივე თხოვნით შს მინისტრს მიმართა, რომელმაც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით, მიღებული დავალება 2005 წლის 14 ივლისს შეასრულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button