ახალი ამბები

უცხოელი ექსპერტები: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა გამჭვირვალეა

საერთაშორისო შეფასებითი მისიის დასკვნით, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ლაბორატია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლებს.

ექსტერტთა ვიზიტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თხოვნით 14-15 ნოემბერს განხორციელდა და მასში 17 ქვეყნის 22 ექსპერტი და დამკვირვებელი მონაწილეობდა. ვიზიტი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხის დადგენას მიეძღვნა (საქართველო კონვენციას 1996 წელს შეუერთდა).

მისიის ანგარიშის თანახმად, ექსპერტებმა ცენტრის ყველა ობიექტი მოინახულეს, მათ შორის, უილტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი.

„ლაბორატია თავის საქმიანობებში მნიშვნელოვან გამჭვირვალობას ავლებს. ვიზიტით მყოფმა ჯგუფმა ვერაფერი გამოავლინა, რაც შეუსაბამო იქნებოდა პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან მიზნებთან“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ყველა დათვალიერებული აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა შეესაბამებოდა იმ პროფილაქტიკურ, დამცავ და სხვა მშვიდობიან კვლევით და დიაგნოსტიკურ მიზნებს, რაც ცენტრს აქვს გაცხადებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 14 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ექსპერტების ვიზიტი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რაც ჩვენ კარგად ვიცით – გამჭვირვალობა და შესაბამისობა საერთაშორისო კონვენციებთან“.

პრეისტორია

100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლაბორატორია ადამიანისა და ცხოველების საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირების მიზნით, თბილისში აშშ-ის მხარდაჭერით და დაფინანსებით 2011 წელს გაიხსნა.

ცოტა ხნის წინ, ლუგარის ლაბორატორია მოსკოვის პროპაგანდის სამიზნე გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ის ფარული სამხედრო სამედიცინო-ბიოლოგიური აქტივობების გამო, რომელიც ფაქტებს ეფუძნება და უდავოა“.

თბილისმა ეს ბრალდებები უარყო და რუსი ექსპერტები ლაბორატორიის დასათვალიერებლად მიიწვია, თუმცა მოსკოვმა „კატეგორიულად უარყო“ შემოთავაზება და მას „პროპაგანდა“ უწოდა, რომლის მიზანიც „ობიექტის რეალურ საქმიანობასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანაა“.

საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე (1993-1995) პირველი იყო, რომელმაც ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა.

მან 11 სექტემბერს განაცხადა, რომ მას ლაბორატორიიდან მოპოვებული დოკუმენტები აქვს, რომლის თანახმადაც ლაბორატორიაში განხორციელებული „ექსპერიმენტების“ შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მოგვიანებით, გიორგაძემ განაცხადა, რომ ეს ბრალდებები პირადად მას არ ეკუთვნოდა და აღნიშნა, რომ ის იმ ხალხზე დაყრდნობით საუბრობდა, რომელთაც დოკუმენტების ანალიზი ჩაატარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button