Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროპარლამენტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელება შეაფასა

ევროპარლამენტმა 13 ნოემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროპარლამენტარ ანდრის მამიკინსის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილა.

თავის შესავალ სიტყვაში მამიკინსმა განაცხადა, რომ ქვეყანამ „მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ასოცირების შეთანხმების წარმატებულად განხორციელებისთვის“ და რომ ასოცირების შეთანხმებას „ძალიან დადებითი გავლენა აქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“.

„საქართველო არის მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირის სტრუქტურული საგარეო პოლიტიკა ნამდვილად მუშაობს“, – მიმართა მამიკინსმა ევროპარლამენტარებს და დასძინა, რომ მართალია, ბრიუსელი „კვლავ ჩუმადაა წევრობის კონკრეტულ პროცესთან დაკავშირებით, ქართული მხარე უზარმაზარ ენერგიას დებს ამაში“.

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში იმ მიღწევებს და პროგრესს ასახავს, რომელსაც ქვეყანამ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიაღწია, ასევე „დადებით ტენდენციებს“ ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობების თვალსაზრისით.

თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ შრომის ბაზრის სათანადო ფუნქციონირების, ეფექტიანი სოციალური დაცვის მექანიზმის, ეკონომიკური მმართველობის გაძლიერების და საჯარო ფინანსური მართვის, ასევე ბიზნეს გარემოს და ფინანსური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ის სფეროებია, რომელთაც „შემდგომი გაუმჯობესება ესაჭიროება“.

პლენარული დებატების დროს, ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ განაცხადა, რომ „საქართველო რეგიონის ლიდერია, ის არის რეგიონის ვარსკვლავი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების გამო, რაც ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს“.

ევროპარლამენტმა ვიქტორ ბოსტინარუმ, სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და რომ მან „დაუჯერებელ პროგრესს“ მიაღწია ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით.

ევროპარლამენტარმა ჰეიდი ჰაუტალამ ასევე გაუსვა ხაზი, რომ „გარკვეულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს“. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო მყარად დგას პროგრესის გზაზე და უნდა მოვუწოდოთ საქართველოს, რომ კიდევ მეტი გააკეთოს“, – განაცხადა მან.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, ჩარლზ ტანოკმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული სურათი პროგრესს ასახავს, მაგრამ „მეტი სამუშაო“ უნდა განხორციელდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო რეფორმა და მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა.

ევროპარლამენტარმა ანდრის მამიკინსმა ანგარიში საქართველოს შესახებ ქვეყანაში 2018 წლის ივლისში ვიზიტის შემდეგ მოამზადა. ანგარიში საგარეო საქმეთა კომიტეტმა ოქტომბერში დაამტკიცა. დოკუმენტს კენჭს 14 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე უყრიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button