ახალი ამბები

ირლანდიის სენატმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის სენატმა 7 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია, რომელიც 12 ირლანდიელი სენატორის ავტორობით მომზადდა, საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარების პოლიტიკას კიდევ ერთხელ უცხადებს „ურყევ მხარდაჭერას“.

რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ, მკვეთრად არის გაუარესებული ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას წართმეული აქვს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, საცხოვრებლის და საკუთრების უფლება, გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც აღნიშნავს, რომ „ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველები ეთნიკური დისკრიმინაციისა და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან“.

დოკუმენტი მიესალმება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიღებას და მოუწოდებს ირლანდიის მთავრობას, შეუერთდეს სიაში მყოფი პირების მიმართ გათვალისწინებულ სანქციებს იმისათვის, რომ „დასრულდეს დაუსჯელობა და აღიკვეთოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების შემდგომი გაუარესება“.

რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საჭიროა მოლაპარაკებების მთავარ საკითხებზე, როგორიცაა: ძალის არგამოყენება, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბება და საკუთარი სახლებიდან გაძევებული ასიათასობით დევნილის და ლტოლვილის „უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება“, რეალური შედეგები დადგეს, რაც ადგილზე „გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების“ მიღწევას ისახავს მიზნად.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სენატი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ „არსებით პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის ჩათვლით“ და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგია.

რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს და ირლანდიას კიდევ უფრო გააღრმავონ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა და ერთად იმუშაონ „მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button