Placeholder canvas
რესპუბლიკა 100

„უდიდესი მოვლენა ერის ცხოვრებაში“- დამფუძნებელი კრების არჩევნები (ნაწილი I)

ირაკლი ირემაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, N36. 14 თებერვალი, 1919 წ.

1919 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კოალიციური მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდა – „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენო, თქვენ ხელთაა თქვენი ქვეყნის ბედი! თქვენ უნდა გამოსჭედოთ საქართველოს თავისუფალი ცხოვრება! მოქალაქენო! 14, 15 და 16 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებია! ემზადეთ არჩევნებისთვის!“. ხელისუფლება მოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების გამოყენებას ერთგვარ ჰეროიკულ მნიშვნელობასაც ანიჭებდა, თავად არჩევნების დღეს სამთავრობო გაზეთის ფურცლებზე მსხვილი შრიფტით გაცხადებული იყო – 14,15 და 16 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებია! მოქალაქენო! ამ დღეს უნდა გადასწყდეს საქართველოს ბედი! თქვენ თვითონ უნდა გამოსჭედოთ იგი! საქართველოს ერთი დიდი მტერთაგანი  იქნება არჩევნებისადმი გულცივობა! ამ საბედისწერო  მომენტში, როდესაც მრავალი მტერი გარს გვარტყია და სიკვდილით გვემუქრება, საქართველოს მოქალაქენო, თქვენ უნდა გასცეთ მათ შესაფერისი პასუხი! იქ სადაც საჭიროა – იარაღით ხელში და იქ, სადაც სიტყვაა – სიტყვით. დამფუძნებელი კრების არჩევნებში თქვენ უნდა გამოსთქვათ თქვენი მტკიცე სურვილი და უდრეკი ნება საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის და დემოკრატიული წესწყობილებების დასაცავათ. ერთ წუთსაც არ დაივიწყოთ, რომ დამფუძნებელი კრების არჩევნები უდიდესი მოვლენაა ჩვენი ერის ცხოვრებაში! არჩევნების დღეებში არც ერთი არ დარჩეთ შინ! ყველამ მიაშურეთ საარჩევნო ყუთებს! არც ერთმა არ დაჰკარგოთ ხმა!“.

საარჩევნო გამოცდილება

რუსეთის იმპერიის პირობებში, საქართველოში, ისევე როგორც მთელს იმპერიაში, არჩევნების უფლება მეტად შეზღუდული და დისკრიმინაციული იყო. XIX საუკუნის ბოლოს საარჩევნო უფლება თვითმმართველობების დონეზე დაშვებული იქნა საქართველოს ქალაქთა ნაწილში, თუმცა ეს „უფლება“ ძირითადად მხოლოდ თავად-აზნაურობასა და მესაკუთრეთა კლასებს ეხებოდა, მხოლოდ მცირე დოზით დაბალ ფენას. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ იმპერატორი ნიკოლოზ I იძულებული შეიქმნა გარკვეულ საკითხებში ხელი აეღო აბსოლუტიზმზე და მოეწვია საკანონმდებლო ორგანო – სახელმწიფო სათათბირო. თუმცა, ეს დათმობა არ გულისხმობდა რუსეთის მოქალაქეთათვის საყოველთაო საარჩევნო უფლების მინიჭებას, საიმპერიო რეჟიმის ხელთ არსებული არაერთი მაქინაციის გამოყენებით –  ოლქების გამოჭრითა თუ ამრჩევთა სისტემის შემოღებით, მეტნაკლებად კონტროლირებად პროცესს წარმოადგენდა. თუმცა, იმპერიის განაპირა მხარეებში, სადაც რევოლუციურ მუხტს ემატებოდა ცენტრისადმი ერთგვარი ნაციონალური თუ რეგიონალური წინააღმდეგობა, რეჟიმის პოლიტიკური მაქინაციების მიუხედავად იყენებდდნენ მიცემულ შესაძლებლობას და რევოლუციურ ელემენტებს აგზავნიდნენ სახელმწიფო სათათბიროში. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონი ამიერკავკასია იყო. ქართული, აზერბაიჯანული და სომხური გუბერნიებიდან და ოლქებიდან სათათბიროში ძირითადად რევოლუციონერი დეპუტატები იგზავნებოდნენ, სოციალ-დემოკრატი მენშევიკების, მუსავათებისა და დაშნაკების სახით. ქართულ საზოგადოებაში სოციალ-დემოკრატიული პარტიის გავლენით და აქტიური აგიტაციით მყარად დამკვიდრდა არჩევნებისადმი კეთილგანწყობა და პროცესისათვის მუდმივი მზაობა.

ქართულ სოციალ-დემოკრატიას, რომელიც 1905 წელსვე ითხოვდა დამფუძნებელი კრების მოწვევას, სურვილი მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აუხდა. დროებითმა მთავრობამ კრების მოწვევა 1917 წლის ბოლოს გადაწყვიტა, თუმცა თავად ამ ინსტიტუტმა, ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად, კრების მოწვევამდე შეწყვიტა სიცოცხლე. 1917 წლის ბოლოდ დამფუძნებელი კრების არჩევნები ყოფილ იმპერიაში შექმნილი გაურკვეველი პოლიტიკური პერსპექტივის მიუხედავად მაინც გაიმართა. ქართულ ოლქებში ტრადიციულად სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ სრული უპირატესობა მოიპოვა, თუმცა უკვე არჩეული კრების სიცოცხლისუნარიანობა ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა. 1918 წლის იანვარში კრება ბოლშევიკებმა გარეკეს.

საარჩევნო სისტემის შემუშავების პროცესი

1918 წლის 26 მაისიდან, მას შემდეგ რაც იშვა საქართველოს რესპუბლიკა, ყველა მიმართულების პოლიტიკური ძალისგან გაისმოდა მოწოდება საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების გამართვისაკენ. თუმცა, ახლად შექმნილ რესპუბლიკას, რომელიც ტურბულენტულ პოლიტიკურ პროცესში იწყებდა სიცოცხლეს, ჯერ არ შეეძლო არჩევნების გამართვა. პირველი რიგის საკითხი თავდაცვას და სიცოცხლის შენარჩუნებას უკავშირდებოდა. 1918 წლის ზაფხულშივე დაიწყო წინასწარი სამუშაოები საარჩევნო კანონმდებლობის მოსამზადებლად. დროებითი საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული საბჭო (პარლამენტი), მაქსიმალურად ორიენტირებული იყო პროგრესული საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაზე და რაც მთავარია ამ პროცესში ყველა პოლიტიკური სუბიექტი მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდა.

საარჩევნო კანონმდებლობა

1918 ნოემბერს რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა კანონი – „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“. დებულებაში 119 მუხლად დეტალურად გაიწერა არჩევნების მარეგულირებელი ყველა საკითხი – საარჩევნო უფლება, არჩევნების განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციები, საარჩევნო და საკანდიდატო სიების შესახებ რეგულაციები, საარჩევნო ბიულეტენების შესახებ ინფორმაციები, საარჩევნო დარღვევების რეგულირებისა და დამრღვევების დასჯის მექანიზმები, საარჩევნო ხარჯების გაღების წესები, შედეგების დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების შედგენის წესები. დებულება მკაფიოდ განსაზღვრავდა აქტიური და პასიური ხმის მიცემის უფლებას – I მუხლი აცხადებდა – „დამფუძნებელ კრებას შეადგენენ წევრები, არჩეული მცხოვრებთა მიერ საყოველთაო – განურჩევლად სქესისა, – თანასწორის, პირდაპირის და ფარულის ხმის მიცემით პროპორციული წარმომადგენლობის წესისამებრ“. III მუხლი განსაზღვრავდა – „დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეს, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი შესრულებიათ. რეგულარულ ჯარში ჩარიცხულთ აქვს მხოლოდ პასიური საარჩევნო უფლება“. (ამავდროულად არარეგულარულ შეიარაღებულ ძალებს, სახალხო გვარდიის შემადგელობას, ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, როგორც კანდიდატებს. არჩევნების შედეგად გვარდიის მეთაურთა ნაწილი არჩეული იქნა კანონმდებლად). კანონის თანახმად საარჩევნო უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ ფსიქო-სოციალური დარღვევების მქონე პირებს და პატიმრების გარკვეულ კატეგორიას. კანონი მკაფიოდ განსაზღვრავდა, რომ მოქალაქეს ხმის მიცემის უფლება ჰქონდა მხოლოდ რეგისტრირებულ უბანში, გამონაკლისი მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში დაიშვებოდა.

ალექსანდრე ლომთათიძე – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი ამხანაგი (მოადგილე). ფოტო დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

დებულების თანახმად, საარჩევნო პროცესის მართვას უზრუნველყოფდა დამფუძნებელი კრების ცენტრალური საარჩევნო საპარლამენტო კომისია, რომელიც თავის მხრივ ქმნიდა საქალაქო  და სამაზრო კომისიებს, ეს უკანასკნელი კი სასოფლო საზოგადოებისა და სოფლის წვრილ საუბნო საარჩევნო კომისიებს.

დიდი ქალაქების საქალაქო კომისიები აყალიბებდა ცალკეულ საუბნო კომისიებს.   ცენტრალური საარჩევნო კომისის შემადგენლობა განისაზღვრა 21 კაცით, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებდა პარტიათა პროპორციების მიხედვით. კომისიას ჰყავდა თავმჯდომარე, თავმჯდომარის ამხანაგ(ებ)ი, მდივანი და ხაზინადარი. კომისიის შემადგენლობას არჩევნების წინ ემატებოდა თითოეული საარჩევნო სუბიექტის თითო წარმომადგენელი.

სამაზრო და საქალაქო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობას განსაზღვრავდა ამ დასახლებებში მოქალაქეთა რაოდენობა, ორივე სახის კომისიაში შედიოდა ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი. კანონი უშვებდა ცენტრალური, საქალაქო და სამაზრო საარჩევნო კომისიების წევრად თავად არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დასახელებასაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითქმის ყველა წევრი ამავდროულად სხვადასხვა საკანდიდატო სიის შემადგენლობაში შედიოდა.

დამფუძნებელი კრების არჩევნებისათვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ჩართულობით, მაზრებმა და ქალაქებმა საარჩევნო და მოქალაქეობის შესახებ კანონის მიხედვით დააზუსტეს და შეავსეს ამომრჩეველთა სიები. სიების შემოწმებას წინ უძღოდა ხელისუფლების აქტიური კამპანია, რათა თავად მოქალაქეებს გადაემოწმებინათ თავი საარჩევნო სიაში და რამე ხარვეზის შემთხვევაში მიემართათ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის.

საარჩევნო დებულების თანახმად, არჩევნები პროპორციული წესით გაიმართებოდა. თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ექნებოდა თავისი ბიულეტენი, რომელშიც სრულად იქნებოდა წარმოდგენილი კანდიდატთა სია სახელის, გვარისა და მამის სახელის მითითებით. პოლიტიკური სუბიექტები ამ რეგულაციით მიუთითებდნენ, რომ მოქალაქეს ჰქონდა სრული უფლება სცოდნოდა თუ კონკრეტულად ვინ წარმოადგენდა ყოველ პოლიტიკურ სუბიექტს. ამომრჩეველდ არჩევნებზე ფარული გზით შეეძლო საარჩევნო კონვერტში მოეთავსებინა მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტის ბიულეტენი.

საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავდა არჩევნების თავისუფლების პრინციპსაც. კრძალავდა საჯარო სივრცეებში გაკრულ საარჩევნო პლაკატებისა და სიების დაზიანებას, კანდიდატების ან პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ყალბი ინფორმაციისა გავრცელებასა და დისკრედიტაციის კამპანიის წამოწყებას. მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა ადმინისტრაციული ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1 თვის ვადით. კანონმდებლობის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა ბრძანება ადმინისტრაციული მოხელეების მიმართ, რათა არ ჩართულიყვნენ საარჩევნო კამპანიაში რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ.

ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საარჩევნო ბარიერთან მიმართებაში აშკარად ერთ-ერთ ყველაზე მოქნილ რეგულაციას აწესებდა, ფაქტობრივად მინიმუმამდე ამცირებდა ხმების დაკარგვისა და გაფანტვის შესაძლებლობას. დებულების თანახმად ბარიერის ნაცვლად გამოიყენებოდა ე.წ. „მეტრი“, რომელიც განისაზღვრებოდა არჩევნებში მიცემული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობის კრების წევრთა საერთო რაოდენობაზე – 130-ზე გაყოფით. შესაბამისად ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი რომელიც მიიღებდა საერთო ხმების მინიმუმ 1/130-ს წარმოდგენილი იქნებოდა პარლამენტში. კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შემდგომში იყოფოდა საერთო ხმების 1/130-ზე და მიიღებდა კონკრეტული რაოდენობის მანდატს. რაც შეეხება გაუნაწილებელი (საარჩევნო მეტრზე გაყოფის შედეგად დაუმრგვალებელ) მანდატებს, ამ შემთხვევაში პირველ რიგში სრულ მანდატს მიიღებდა ის პოლიტიკური სუბიექტი რომელსაც ყველაზე მეტი დაუმრგვალებელი ხმათა რაოდენობა ექნებოდა საარჩევნო მეტრთან მიმართებაში. საარჩევნო საკანდიდატო სიების შემოწმებისა და დამტკიცების უფლება ენიჭებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

არჩევნების თარიღი

დამფუძნებელი კრების არჩევნების თარიღად, ფაქტობრივად მთელი პოლიტიკური სპექტრი, 1919 წლის გვიან გაზაფხულს განიხილავდა, დროის იმ პერიოდს, როდესაც მთელი რესპუბლიკის მასშტაბით შესაბამისი კლიმატური პირობები იქნებოდა, მეტნაკლებად დასტაბილურდებოდა რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და სამხედრო მოქმედებები და რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს შეეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა წმინდად საგარეო ფაქტორის გამო არჩევნების თარიღი შეიცვალა. 1919 წლის დასაწყისში პარიზში უნდა შეკრებილიყო სამშვიდობო კონფერენცია, რომელზეც, საქართველო საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით დიდ იმედებს ამყარებდა. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნდა,  რომ იმ შემთხვევაში თუ კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია წარადგენდა, მისი ლეგიტიმაცია ბევრად უფრო მყარი იქნებოდა ევროპის თავისუფალ ერთა შორის ადგილის დამკვიდრების მოთხოვნისას.  შესაბამისად მთავრობის მოთხოვნით, პარლამენტმა დამფუძნებელი კრების არჩევნების თარიღად 1919 წლის 14, 15 და 16 თებერვალი განსაზღვრა, ხოლო იმ მაზრებში, სადაც არჩევნები სხვადასხვა კლიმატურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო მიზეზთა გამო თებერვალში ვერ გაიმართებოდა, დაინიშნებოდა დამატებითი არჩევნები.

საარჩევნო სუბიექტები

1919 წლის იანვარში პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო კამპანია წამოიწყეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინეს საკანდიდატო სიები. საარჩევნო დებულების თანახმად ყველა საარჩევნო სუბიექტი ვალდებული იყო წარედგინა საკანდიდატო სიაში შეყვანილი თითოეული პირის თანხმობის ბარათები, რადგანაც გამორიცხული ყოფილიყო მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ საკანდიდატო სიაში შეყვანა, ამასთან აცილებული ყოფილიყო კანდიდატთა გაორება სხვადასხვა საკანდიდატო სიაში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოოდ 15 პოლიტიკური სუბიექტის საკანდიტატო სია დაამტკიცა და საარჩევნო ნომერი მიანიჭა. საარჩევნო სუბიექტებად დარეგისტრირდა ყველა ძირითადი ტრადიციული პარტია – №1 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული  მუშათა პარტია (სდპ),

სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ოთხენოვანი საარჩევნო მოწოდება. გაზეთი „ერთობა“ N24, 31 იანვარი, 1919 წ.

№5 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია (სფპ), №2 საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ), №3 საქართველოს სოციალისტ რევოლუციონერთა (ესერთა) პარტია (სრპ). არჩევნებში მონაწილეობდა სფპ-სგან გამოყოფილი – №9 მემარცხენე სოციალისტ ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია,  ედპ-სგან გამოყოფილი №8 ნაციონალისტური (ეროვნული)  პარტია და №7 რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია. არჩევნებზე გამოდიოდნენ ეთნიკური უმცირესობების პარტიები – №13 რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ), №4 სომხური სარევოლუციო პარტია „დაშნაკცუთიუნი“, აზერბაიჯანული ჯგუფები – №6 მუსლიმთა ეროვნული საბჭო და №12 ბორჩალოს მაზრის მუსლიმთა სია, ასევე მონაწილეობდა №15 ელინთა (ბერძენთა) დემოკრატიული პარტია. არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – ცნობილ ხელოვანთა გაერთიანებამ №14-მა „ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა“ და ინტელექტუალებისგან დაკომპლექტებულმა № 11-მა „უპარტიოთა კავშირმა“. 15 პოლიტიკური სუბიექტის სიაში 600 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სუბიექტების სიაში 26 ქალი კანდიდატი იყო შეყვანილი (საბოლოოდ 5 მათგანი კრების წევრიც გახდა).

ქრისტინე შარაშიძე, ერთ-ერთი პირველი ქართველი პარლამენტარი ქალი, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმში. ეროვნული ფოტომატიანეს კოლექცია.

ძირითადი პოლიტიკური პარტიების სიებში (გარდა ედპ-სა) მრავლად იყვნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. დამფუძნებელი კრების არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ბოლშევიკურმა პარტიამ და მოქალაქეებს აქტიურად მოუწოდებდა, არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ბოლშევიკებმა მოქალაქეებს შორის გაავრცელეს არალეგალურ სტამბებში დაბეჭდილი პროკლამაციებიც ბოიკოტისაკენ მოწოდებებით. თუმცა, ცალსახაა  რომ ამ პარტიას საქართველოში ძალიან მცირე მხარდაჭერა ჰქონდა.

საარჩევნო პლატფორმები

პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო სამზადისი 1919 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყეს, გამომდინარე იქიდან, რომ 1919 წლის 2 თებერვალს თბილისის საქალაქო თვითმმართველობის არჩევნები იყო დანიშნული, საწყის ეტაპზე პარტიები საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებთან ერთად აგიტაციას საქალაქო არჩევნებისთვისაც ეწეოდნენ, შემდგომში უფრო კონცენტრირდნენ კრების არჩევნებზე. თითქმის ყველა ტრადიციულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ამომრჩევლებს წარუდგინა საარჩევნო პლატფორმა. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ გაზეთ „ერთობაში“ 22 იანვარს გამოქვეყნდა პარტიის საარჩევნო პლატფორმა, რომელშიც პარტია აყალიბებდა რესპუბლიკაში უკვე განხორციელებულ თუ მომავალში დაგეგმილი რეფორმების პრინციპებს, რომლის მიზანიც იქნებოდა დემოკრატიული გზით სოციალიზმისაკენ სწრაფვა. სიდიდით მეორე პოლიტიკურმა სუბიექტმა სოციალისტ-ფედერალისტურმა პარტიამ საარჩევნო პლატფორმა გაზეთ „სახალხო საქმის“ 26 იანვრის ნომერში გამოაქვეყნა  სახელწოდებით „მშრომელ ხალხს“, პარტია რომელიც 1917 წლამდე სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან შედარებით ბევრად მემარჯვენე პოზიციებზე იდგა, უკვე დამოუკიდებელ რესპუბლიკაში ოპოზიციურ ფლანგზე ბევრად უფრო მარცხნივ გადაიხარა შრომისა და აგრარულ საკითხებში, თუმცა კვლავ იდგა ძველ პოზიციაზე სოციალიზმის დამყარების პროცესთან მიმართებაში, ბურჟუაზიული რევოლუციისა და დემოკრატიის გზით ტრანზაციის თვალსაზრისით.  ამ ორი მემარცხენე პარტიისგან ბევრად უფრო მარცხნივ დაიკავა პოზიცია თავისი საარჩევნო პლატფორმით სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიამ,

სოციალისტ-რევოლუციონერთა მიმართვა მიწის მუშებისადმი. გამოქვეყნებული გაზეთში “შრომა”N20, 28 იანვარი, 1918.

რომელმაც  12 თებერვალს გაზეთ „შრომაში“ გამოაქვეყნა საარჩევნო პლატფორმა სლოგანით – ბრძოლაში ჰპოებ შენ უფლებას“.

მართალია ცალკე დამოუკიდებელი საარჩევნო პლატფორმა არ გამოუქვეყნებია, მაგრამ თავის 1917 წლის პროგრამას დაეყრდნო ყველაზე ძლიერი მემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც, რა თქმა უნდა, ძირითად აქცენტს კერძო საკუთრების დაცვას, თავისუფალ მეწარმეობასა და მიწაზე კერძო საკუთრების სრულად უზრუნველყოფას მოითხოვდა. თუმცა, საინტერესოა, რომ პარტია ცალკე თავებს უთმობდა შრომისა და თანასწორობის საკითხებს. შრომის უფლებების თვალსაზრისით პარტია ძირითადად ითვალისწინებდა და მოითხოვდა იმ ნორმათა შემოღებას, რომელთაც იზიარებდნენ მემარცხენე პოლიტიკური ძალები, იქნებოდა ეს შრომის უფლება, 8 საათიანი სამუშაო დღე, უმუშევრობის დაზღვევა, შრომის ინსპექცია თუ სხვა. 31 იანვარს, გაზეთ „კლდეში“ თავისი საარჩევნო პლატფორმა წარმოადგინა რადიკალურმა მემარჯვენე ნაციონალისტურმა პარტიამ, რომელშიც ასახული იყო მონოპოლიებისა და აგრარული რეფორმის შეწყვეტის მოთხოვნები (უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვა), სამხედრო საკითხების პრიორიტეტულობა. ნაციონალისტური პარტიის საარჩევნო ლოზუნგი იყო „საქართველო ჯერ ქართველებისთვის!“.

 

 

Back to top button