ახალი ამბები

ბათუმის პორტი NATO-ს 5 სამხედრო ხომალდს მასპინძლობს

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) შემადგენლობაში არსებული ხუთი ხომალდი ბათუმის პორტში 2 ნოემბერს შემოვიდა და იქ სამი დღის განმავლობაში დარჩება.

საზღვაო ხომალდების ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც გერმანიის, თურქეთის, ესპანეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები შედის, ნატოს SNMCMG2-ის მეთაური ფრენკ ნაგინსკი ხელმძღვანელობს.

ხომალდები ბათუმის პორტში 5 ნოემბრამდე დარჩებიან და მათი ეკიპაჟები საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის მიზანიც საქართველოს და ნატოს შორის თავსებადობის ამაღლებაა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საპორტო ვიზიტი საქართველოს მიმართ ნატოს „ურყევ მხარდაჭერას“ ადასტურებს და „კიდევ ერთხელ ფიქსირდება ის მხარდაჭერა, ის კარგი პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ნატოს გააჩნია“.

ეს SNMCMG2-ის უკვე მეოთხე ვიზიტია საქართველოში. 2013 წელს ბათუმის პორტს სამი ხომალდი, ხოლო 2016 და 2017 წლებში ოთხ-ოთხი ხომალდი სტუმრობდა.

SNMCMG2 ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) შემადგენლობაში შედის, ეს უკანასკნელი კი, ნატოს საზღვაო ძალების ცენტრალურ სარდლობას წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button