ინტერვიუ

Freedom House: საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია, მაგრამ არის შემაშფოთებელი ტენდენციები

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ახალი ანგარიში მოამზადა. საქართველო 25 ქულით, თავისუფალი ქვეყნების სიაშია და ლიდერია ევრაზიის რეგიონში, თუმცა მისი პოზიცია წინა წელთან შედარებით ერთით ქულით გაუარესდა. „ციფრული ავტორიტარიზმის აღზევება“ – ანგარიშში საუბარია ე.წ. „ყალბ ახალ ამბებზე“, პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე, როგორც დემოკრატიისთვის უმთავრეს საფრთხეებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ინტერნეტი საქართველოში შედარებით თავისუფალი რჩებოდა, ყურადღების ცენტრში მოექცა რამდენიმე საქმე, მათ შორის, რეპერების დუეტისა და პრეზერვატივების კომპანიის საქმეები. ასევე ეჭვები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იყო თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეში. ეს მოვლენები შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის“, – ვკითხულობთ ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეთმობა. „ამერიკის ხმა“ ტექნოლოგიისა და დემოკრატიის მიმართულებით Freedom House-ის კვლევების დირექტორს ესაუბა. ადრიან შაბაზი „ინტერნეტის თავისუფლების“ შესახებ ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშს ხელმძღვანელობს.

წლევანდელ ანგარიშს „ციფრული ავტორიტარიზმის აღზევება“ ჰქვია, რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა კვლევის ფარგლებში? რა იწვევს იმას, რომ უკვე მერვე წელია ინტერნეტის თავისუფლება მსოფლიოში უფრო და უფრო იკლებს?

წელს, ჩვენ გამოვავლინეთ სამი უდიდესი ტენდენცია, რომელიც ხსნის მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების კლებას. პირველი ისაა, თუ როგორ ავრცელებს ჩინეთი სხვა ქვეყნებში საკუთარი „ციფრული ავტორიტარიზმის“ მოდელს. ასევე ის, თუ როგორ იყენებენ მთავრობები „ყალბი ახალი ამბების“ ცნებას, როგორც განსხვავებული აზრის შეზღუდვის წინაპირობასა და პრეტექსტს. ასევე ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება იძენს უფრო და უფრო მეტ წვდომას მოქალაქეების პირად მონაცემებზე, რაც ინტერნეტმომხმარებლების დაცულობას ამცირებს და ასუსტებს.

რამდენად განსხვავდებოდა ეს შეფასებები წინა წლის შედეგებისგან?

ნამდვილად განსხვავდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩინეთი უფრო აგრესიულად ცდილობს საერთაშორისო არენაზე თავი დაიმკვიდროს და მისთვის სასურველი კუთხით წარმოაჩინოს. გარდა ამისა, არაერთი სკანდალი იყო ე.წ. ყალბი ახალი ამბების თაობაზე, კერძო კომპანიების მიერ მომხმარებელთა მონაცემების შეგროვების შესახებ და სხვა. ბევრი მთავრობა ცდილობდა, რეაგირება მოეხდინა იმაზე, რომ ინტერნეტი სრულად არ ყოფილიყო ათვისებული მავნე აქტორების მიერ. მაგრამ ბევრ შემთხვევაში ეს რეაქცია არაპროპორციული იყო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ განხორციელდა.

ანუ მთავრობებმა ეს ერთგვარ გამართლებად გამოიყენეს?

ნამდვილად, ზოგიერთ შემთხვევებში ეს მთავრობები ეძებენ ნებისმიერ გამართლებას იმისათვის, რომ შეზღუდონ დამოუკიდებელი ხმები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ „ფეიქ-ნიუსის“ – ყალბი ახალი ამბების ცნების პოპულარიზება. ის მსოფლიოში ძალიან ბევრმა ავტორიტარმა აითვისა იმისთვის, რომ გააკრიტიკოს ლეგიტიმური საინფორმაციო საშუალებები, დახურონ, დაბლოკონ წვდომა მათ საიტებზე და ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებიც კი დააპატიმრონ იმ კანონმდებლობის გამოყენებით, რომელიც კრძალავს „ყალბი ახალი ამბების გავრცელებას“.

როგორია ევრაზიის რეგიონში ინტერნეტის თავისუფლების მდგომარეობა და რა ტენდენციები იკვეთება?

ევრაზიის რეგიონში ყველანაირი ქვეყანაა, ისეთებიც, რომლებიც თავისუფალი ქვეყნების სიაშია და ისეთებიც, რომლებიც ნახევრად თავისუფალი ან არათავისუფალია. ამ რეგიონში ინტერნეტის თავისუფლების ყველაზე ძლიერი შემზღუდველები უზბეკეთი, რუსეთი და ყაზახეთია. საუკეთესო რეიტინგი კი საქართველოსა და სომხეთს აქვს.

საქართველო 25 ქულით თავისუფალი ქვეყნების რიგშია და რეგიონში პირველი ადგილი უკავია. თუმცა, მისი მდგომარეობა მაინც ერთი პოზიციითაა გაუარესებული გასულ წელთან შედარებით. რა ძირითადი საკითხები გამოკვეთა თქვენმა კვლევამ საქართველოს შესახებ?

საქართველომ ერთი პოზიციით დაიწია უკან. ერთ-ერთი მთავარი დადებითი ცვლილება, რაც დავინახეთ იყო ის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლებიც მალე ამოქმედდება, ინტერნეტზე წვდომა აღიარებულ იქნა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად. ეს იყო დადებითი ნიშანი იმისა, რამდენად სერიოზულად უდგება საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტის თავისუფლებას და მთავრობაც რამდენად მონდომებულია ზოგიერთ შემთხვევაში, რომ ეს უფლება გარანტირებული იყოს.

ორგანიზაცია „შემაშფოთებელ მოვლენას“ უწოდებს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეს. საუბარია ეჭვებზე, რომ მის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლება იყო ჩარეული. როგორ იმოქმედა ამან საქართველოზე, როგორც ლიდერზე რეგიონში პრესის თავისუფლების მხრივ და რა გარემოებების გამო იყო ეს ფაქტი თქვენი დამკვირვებლებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი?

საქართველოში გასულ წელს განსხვავებული, შერეული შედეგები გვქონდა. ერთის მხრივ, მთავრობას არ დაუბლოკავს რომელიმე სოციალურ პლატფორმაზე წვდომა, მაგრამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე – მდგომარეობა, როდესაც დამოუკიდებელი ჟურნალისტი შეიძლება მოიტაცონ და სხვა ქვეყანას გადასცენ მისი ონლაინ პუბლიკაციებისთვის, არის ძალიან პრობლემური და არის შემაშფოთებელი ტენდენცია ინტერნეტის თავისუფლებისა და პრესის თავისუფლებისთვის ზოგადად.

ანგარიშში ასევე საუბარია ხელისუფლებისა თუ პარლამენტის ზოგიერთი წევრის მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებზე, რეპერებისა და კომპანია „აი ისას“ საქმეზე. რა იყო თქვენთვის ამ შემთხვევაში ყველაზე საგულისხმო და მიუღებელი?

ჩვენ ვნახეთ, რომ გახშირდა ამ ტიპის ე.წ. „ნაცრისფერი ზონის აქტივობები.“ მოქალაქეთა გასამართლება მაშინ, როდესაც ჩვენ არ გვაქვს ადამიანის უფლებათა დარღვევის ძალიან პირდაპირი მაჩვენებლები, მაგრამ არის სხვა პრობლემური პოლიტიკური ან სოციალური საფუძვლები, რომელთა გამოც სწორედ ეს პირები მოხვდნენ გამოძიების ყურადღების ცენტრში. ამ ტიპის მოვლენები არის ძალიან საფრთხილო, რადგან ეს საშუალებას იძლევა დააპატიმრონ მოქალაქეები სოციალურ მედიაში განხორციელებული არაძალადობრივი პოლიტიკური, სოციალური ან რელიგიური გამონათქვამებისა თუ ქმედებებისთვის. უნდა დავაკვირდეთ, რომ საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა არ გაუარესდეს.

რაც შეეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებას, ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა გარემოებებში მოხდა ეს გატაცება, მაგრამ ვიცით, რომ მისი მეუღლე, რომელიც ასევე ჟურნალისტია ამ ფაქტამდეც წუხდა იმაზე, რომ მათ უთვალთვალებდნენ. ქმრის გატაცების შემდეგ კი, მან საკუთარი უსაფრთხოების გამო ქვეყანა დატოვა.

თქვენი მკვლევრები ამბობენ, რომ შეინიშნებოდა „ცენზურისა და ინტერნეტში შინაარსით მანიპულირების“ შემთხვევები. საუბარია კონკრეტულ მაგალითებზეც, როდესაც პარლამენტის ამა თუ იმ წევრის მიერ წარმოდგენილი იყო ინიციატივა „რელიგიური გრძნობების შელახვის“ კრიმინალიზების, ან/და ამა თუ იმ კუთხით ზოგიერთი ჯგუფისთვის შეურაცხმყოფელი შემოქმედებითი საქმიანობის აკრძალვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივები არ იყო წარმატებული, თქვენთვის რამდენად არის ეს იმის ნიშანი, რომ მმართველი პარტია მეტი კონტროლის მოპოვებას ცდილობდა?

ეს ნამდვილად ცუდი ნიშანია, როდესაც ესა თუ ის მთავრობა ცდილობს დააწესოს ახალი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებაზე. სიძულვილის ენა, ოფიციალური პირების ან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა – ეს ყველაფერი შეიძლება ხშირად პოლიტიზებულ საკითხებად იქცეს და მთავრობამ გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იბრძვის ასეთი კანონების წინააღმდეგ, მათი არაკონსტიტუციურად ცნობისთვის და იმისთვის, რომ გააფრთხილოს მოსახლეობა.

ამ ტიპის კანონები არის ძალიან პრობლემური არა მხოლოდ ინტერნეტ თავისუფლებისთვის არამედ ზოგადად დემოკრატიისთვის. რადგან ის შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ გაზარდოს ქვეყანაში მმართველი პარტიის ძალაუფლება მედია-დისკურსზე და დაადუმოს ოპოზიციური ხმები.

ონლაინ-წყაროები და სოციალური მედია ხშირად ხდება საქართველოში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების საშუალება, რამდენად დიდ საფრთხედ მიაჩნიათ ეს თქვენს მკვლევარებს?

ეს გამოწვევაა ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენი აზრით, მთავრობების მიდგომა ამ მხრივ შედარებით მსუბუქი უნდა იყოს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პროპაგანდის გამოსავლენად, მასთან გასამკლავებლად და არა ის, რომ უბრალოდ წაშალონ კონკრეტული შინაარსის შემცველი მასალა ან დაბლოკონ მის წყაროზე წვდომა. რადგან ეს ზოგჯერ არღვევს სხვა თავისუფლებებს. შესაძლოა შეიქმნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც დეზინფორმაციის გამოვლენა იქნება და ა.შ.

გასულ წელს ბევრ ქვეყანაში შეინიშნებოდა რუსული დეზინფორმაციული კამპანიები და უმეტესად ეს კრემლის სახელმწიფო ტელევიზიებით გავრცელებული პროპაგანდა იყო. საქართველოში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია წუხდა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების შესაძლო კავშირზე რუსეთთან. ეს მოდელი მუშაობს ევროპაშიც. რუსეთი ფინანსურად და სხვაგვარადაც უჭერს მხარს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებს და საქართველომ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. თუმცა, ცხადია, ეს მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის.

როგორია კრემლის დეზინფორმაციის გავლენა რეგიონში?

რუსული პროპაგანდის გავლენა რეგიონში ძალიან შემაშფოთებელია. ამასთან, სამწუხაროდ, ვხედავთ ზოგიერთ მთავრობას, რომელიც პრაქტიკულად იღებს რუსეთისავე მიდგომას და თავად იქცევა იმ მტრად, რომლის დამარცხებაც სურს.

მაგალითად, უკრაინაში ხელისუფლებამ ყველა რუსულ სოციალურ მედიაპლატფორმაზე და მეილების სერვისებზე წვდომა დაბლოკა. ეს არაპროპორციული პასუხი იყო, რომელსაც უფრო ავტორიტარული მთავრობა გააკეთებდა. რადგან ეს ეხება მილიონობით ადამიანს, რომლებიც ამ ქსელებით სარგებლობდნენ და არაფერი ჰქონდათ საერთო დეზინფორმაციასთან.

როდესაც ვფიქრობთ, როგორ ვუპასუხოთ რუსულ პროპაგანდას, ევრაზიის ქვეყნები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ მისივე ტაქტიკა: არ დაიწყონ მედიის შეზღუდვა, არ დაბლოკონ საიტები, ქსელები, რომლებიც მათი აზრით გამოყენებულია პროპაგანდის გასატარებლად. არსებობს სხვა მეთოდებიც, რომლებითაც შეიძლება რუსულ პროპაგანდას ვებრძოლოთ.

ანგარიში ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების როლს სამთავრობო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ გასულ წელს დაგეგმილი ცვლილებების საწინააღმდეგო კამპანიის შესახებაც. ამავე დროს, ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ინტერნეტი გამოყენებულია პოლიტიკური ოპონენტების მაკომპრომეტირებელი მასალების, ხშირად პირადი მიმოწერის, საუბრებისა თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასავრცელებლად. ხშირია ე.წ. ბოტებისა და ტროლების გამოყენება პოლიტიკური ჯგუფების, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?

იმედისმომცემი იყო იმის გაგება, თუ რა ღონისძიებები გაატარეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმისთვის, რომ დაპირისპირებოდნენ მთავრობის მიერ უფრო მეტი მონაცემის შეგროვებას და თვალთვალისა და მიყურადების ახალ წესებს.
რაც საქართველოს განასხვავებს, არის სწორედ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს ხმის უფლება და საშუალება იყოს მნიშვნელოვანი აქტორი საზოგადო სივრცეში, დაუპირისპირდეს ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ მცდელობას. ამას ვერ ვხედავთ ბევრ ევრაზიულ ქვეყანაში. სადაც სამოქალაქო საზოგადოებას არ ეძლევა ამის გაკეთების საშუალება.

სოციალური მედიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება მათი დისკრედიტაციისთვის კი, ნამდვილად გლობალური ტენდენციაა. იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც პროსამთავრობო კომენტატორებს იყენებენ ონლაინ დისკუსიების ხელისუფლების სასიკეთოდ წარსამართად, ბოლო წლის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა.

ვფიქრობ, ჯერ იმის გააზრების ადრეულ ეტაპზე ვართ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საჭიროა ე.წ. „მსუბუქი მიდგომა“, რათა მთავრობის ჩარევამ არ შეასუსტოს კანონის უზენაესობა.

თუკი, მთავრობა დაიწყებს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, რომელიც მას ან სხვა საჯარო პირებს აკრიტიკებს, ან დეზინფორმაციას ავრცელებს, ამის პარალელურად უნდა არსებობდეს ძალიან ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო და დაბალანსებული ხელისუფლება. გარანტირებული უნდა იყოს ის, რომ დეზინფორმაციასთან, ყალბ ცნობებთან თუ ცილისწამებასთან ბრძოლა არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად და იარაღად.

გასულ წელს საქართველოში იყო შემაშფოთებელი ნიშნები იმისა, რომ ონლაინ დისკუსიების მანიპულირება ხდებოდა. ზოგჯერ სრულად ნათელი არ იყო, ვინ იდგა ამა თუ იმ კამპანიის უკან. თუმცა აშკარა იყო, რომ ესა თუ ის ინდივიდი, კომპანია ან პოლიტიკური ჯგუფი იყენებდა ე.წ. ბოტებს, ათასობით ყალბ სოციალურ გვერდსა და ანგარიშს იმისათვის, რომ დისკუსიები ამა თუ იმ მიმართულებით წარემართათ, გაეძლიერებინათ თავიანთი „გზავნილები“ ან გაეჩუმებინათ რეპორტიორები.

საქართველოში და მთლიანად, ევრაზიაში, გვჭირდება მეტი საგამოძიებო ჟურნალისტიკა იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ იყენებენ სოციალურ მედიას პოლიტიკური ჯგუფები იარაღად. ასეთ დროს დამოუკიდებელ მედიას შეუძლია ითამაშოს ძალიან ძლიერი როლი იმაში, რომ აცნობოს საზოგადოებას, ვინაა ამგვარი ძალისხმევის უკან.

თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ სამოქალაქო საზოგადოების როლი, მაგრამ რამდენად რეალისტურია მათ მიერ ამ ფუნქციების შესრულება, როდესაც ვხედავთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ „ფაშისტებად“ მოიხსენიებენ, ოპოზიციურ ტელევიზიას კი „ქვეყნის ბნელი სურათის“ შექმნაში ადანაშაულებენ? შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში კი, რამდენად შესაძლებელია მედიასაშუალებებისთვის სრული დამოუკიდებლობის შენარჩუნება?

მთავრობა უნდა ქმნიდეს გარანტიებს, რომ ესა თუ ის რეგულაცია დამოუკიდებელი ან ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. სამწუხაროდ ევრაზიაში ვხედავთ ტენდენციას, რომ მთავრობები არაერთ საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ მედიაგარემო დაიკავონ. ხშირად მედიასაშუალებებს თავად ყიდულობენ ან თავისი მეგობარი ოლიგარქების საშუალებით ცდილობენ შეცვალონ მათი სარედაქციო პოლიტიკა. აქციონ ისინი ოპოზიციური მედიასაშუალებებიდან პროსამთავრობო მედიებად.

რა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ რეგიონში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს?

საჭიროა სამოქალაქო საზოგადოებამ გააგრძელოს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება, იყოს ინტერნეტ თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი მონაცემების დამცველი. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული ნებისმიერ შემოთავაზებაზე. გამოხატვის თავისუფლება არაპროპორციულად არ შეიზღუდოს და მთავრობამ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რაც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და ასუსტებს პირად დაცულობას, ისეთნაირად, რაც არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button