არჩევნები 2018ახალი ამბები

ქართული ოცნების წარმომადგენლები „სამოქალაქო ომის“ შესაძლებლობაზე საუბრობენ

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს რამდენიმე დეპუტატმა მეორე ტურში ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, სამოქალაქო დაპირისპირების შესაძლებლობაზე მიანიშნა.

ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა: „თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც დღეს ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი და ახალაია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მიმართული შემდეგ იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის წარმოადგენენ პრობლემას“. მან ამომრჩეველს გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა ამ „ფაშისტურ ძალას“ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება არ მიეცეს.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, რომლის თქმითაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რევოლუციური პროცესების განვითარებას და „ამ ვითარებაში პროცესი თუ დაიძაბება, სულ რომ არანაირი თანამდებობა არ მეკავოს, მე ვიქნები პირველი ჯარისკაცი, ვინც ამ ქვეყანას მოღალატეებისგან, მწამებლებისგან და კაცთმოძულეებისგან დაიცავს“.

მან იქვე დასძინა, რომ ქართული ოცნების ბევრი მხარდამჭერი არ მივიდა არჩევნებზე, რადგანაც გამარჯვებაში დარწმნუნებულები იყვნენ. „ხალხმა რეალურად დაინახა რა შეიძლება მოჰყვეს ნაციონალური მოძრაობის გეგმებს. ერთ მხარეს დგას შეუსრულებელი ძალადობის სურვილი, მეორე მხარეს კი, დგას შეიძლება იდეალური ხელისუფლება არა, მაგრამ მშვიდობა, უსაფრთხოება და ქვეყნის განვითარება. ამ ვითარებაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ოპოზიციის გამოხმაურება

ოპოზიციურმა დეპუტატებმა მმართველი გუნდის ეს განცხადებები დაგმეს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ასეთი განცხადებები სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებს შეიცავს.

ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებს გუშინ პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავს უნდა გადააბიჯოს და სამოქალაქო ომზე საუბარი შეწყვიტოს.

კალაძე კითხვას თავს არიდებს

კითხვაზე ეთანხმება თუ არა ის კოლეგებს, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უარი თქვა პირდაპირი პასუხის გაცემაზე, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი არ იქნება. „ქართული ოცნება არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამის გარანტი ქართული ოცნებაა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ქართული ოცნების მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ საუბარს ნაკლებად ჰქონდა ადგილი, თუმცა კენჭისყრის წინა დღეებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მის სამინისტროს ოპოზიციის ყველა „გეგმის“ შესახებ „დეტალური“ ინფორმაცია აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button