არჩევნები 2018ახალი ამბები

„იმედი“: „ვიმუშავებთ, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი“

ტელეკომპანია იმედმა განაცხადა, რომ “მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის”. ეს განცხადება ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრფინგის შემდეგ გავრცელდა, სადაც მან განაცხადა, რომ ის არჩევნების მეორე ტურში საბრძოლველად მზად არის.

„წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი“, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

არხის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურამდე ტოქ-შოუ „პირისპირ“ ეთერში კვირაში ორჯერ გავა, ამასთან წინასაარჩევნოდ „იმედის“ ეთერში გავა ახალი ტოქ- შოუ „იმედი Live“.

„რა ხდება მაშინ, თუ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი „იმედისთვის“ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა“, – წერია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არხის ისტორია

ტელეკომპანია იმედი 2001 წელს დაარსდა და 2003 წლიდან მაუწყებლობს. “იმედი” ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა დაარსა, რომელიც 2006-2007 წლებში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მთავარი დამფინანსებელი იყო. აქციებს სატელევიზიო მხარდაჭერა სწორედ ტელეკომპანია „იმედისგან“ ჰქონდა.

ერთ-ერთი ასეთი აქციის დაშლის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების რაზმი „იმედში“ შევიდა და ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. არხმა მაუწყებლობა მაშინდელი ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ხელმძღვანელობის დანიშვნის შემდეგ აღადგინა.

ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ტელეკომპანია „იმედმა“ ე.წ. მოდელირებული ქრონიკა მოამზადა, რომელშიც საქართველოში რუსეთის ხელახლა შემოჭრა იყო ინსცენირებული. არხის ამ ექსპერიმენტს საზოგადოებისა და ექსპერტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს, 2012 წლის საპარელამენტო არჩევნების შემდეგ დაუბრუნდა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილად გამოცხადა და ბრალი ყოფილი ხელისუფლების სამ მაღალჩინოსანს წაუყენა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button