Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

ეგზიტპოლების შედეგებს ქართული ოცნების ლიდერები ეხმაურებიან

ეგზიტპოლების შედეგებს ქართული ოცნების ლიდერები და მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურნენ. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა მოსახლეობას არჩევნების „მშვიდ და დემოკრატიულ“ გარემოში დასრულება მიულოცეს. მმართველი გუნდის წევრებმა მათ მხარდაჭერილ კანდიდატს მათივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით „დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ცესკოს შედეგებს უნდა დაელოდონ.

Civil.ge ეგზიტპოლების შესახებ ქართული ოცნების ლიდერებისა და მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის კომენტარებს გთავაზობთ.

ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „53-54% ახლოში ვართ [გამარჯვებასთან] ეს ეგზიტპოლია, ცესკოს დაველოდოთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვიქნებით. ექსცესებს გეგმავენ [ოპოზიცია], როგორც გააცხადეს, მაგრამ პოლიცია მობილიზებულია, სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებული არიან. მე მგონია, რომ ვერ შეძლებენ, თუმცა ეს განცდა და ცდუნებები სულ აქვთ ნაციონალურ მოძრაობას“.

მამუკა ბახტაძე – პრემიერ-მინისტრი: „პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო არჩევნების დასრულება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. მინდა ყველა მოქალაქეს მადლობა გადავუხადო აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის. როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. შესაბამისად, ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს“.

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას აქვს უფლება თვითონ ჩაატაროს ეგზიტპოლი, თუმცა ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ მონაცემებზე, რომელსაც ვაქვეყნებთ ჩვენ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტია. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ საარჩევნო ადმინისტრაციას. რაც შეეხება პირველი ტურის ბედს, ეს არის საბოლოოდ დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ხმის დათვლის პროცესზე და ცენტრალური საარჩვენო კომისია და არა რომელიმე ორგანიზაცია, ბუნებრივია, არის პასუხისმგებელი საბოლოო შედეგის დაფიქსირებაზე, აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ დაველოდოთ ამ შედეგებს. ამის საფუძველზე დაზუსტებით გვეცოდინება შედგება თუ არა პირველი ტურის ფარგლებში ეს არჩევნები, თუ დაგვჭირდება მეორე ტური. თუმცა როგორც ხედავთ, ძალიან მაღალი ალბათობით, პირველივე ტურში დასრულდება ეს არჩევნები“.

კახა კალაძე – დედაქალაქის მერი: „პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანს მინდა გადავუხადო მადლობა, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და მოსული იყო არჩევნებზე, დააფიქსირა თავისი ხმა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ვინც მართლა ბევრი იშრომა იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, გამჭირვალე გარემოში, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის. წინასწარ მონაცემებს რაც შეეხება, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, იყო 7 საათის მონაცემები და დიდი უპირატესობით ლიდერობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მინდა მას მივულოცო ეს გამარჯვება, თუმცა ჩვენ უნდა დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს. ჩვენ თუ გადავხედავთ წლების განმავლობაში ამ პარტიის [ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო] მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს, საარჩევნო კვლევებს, რეალური შედეგი ყოველთვის დგებოდა სხვა, შესაბამისად ჩვენ შეიძლება ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაყალბებული“.

სალომე ზურაბიშვილი – ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი: „ძალიან დიდი მადლობა ყველას, მე მინდა პირველ რიგში ამომრჩევლებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ მაინც ვთქვა, რომ თუმცა ეს არის დამაჯერებელი უკვე გამარჯვების წინა პირობა, ეს მაინც არ არის ჯერ ცესკო-ს მიერ გამოცხადებული წინასწარი, შეჯერებული შედეგები, ამიტომ დაველოდოთ ცესკო-ს პირველად მონაცემებს. მე მიყვარს სიფრთხილე, ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად მივდივარ. ყველაფერი რაც იქნება ამომრჩევლების შედეგი, იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button