არჩევნები 2018ახალი ამბები

არასამთავრობოები: ხმის მიცემის პროცესი მშვიდობიანია, პარტიული აქტივისტების ყოფნა უბნებზე პრობლემაა

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს, თუმცა საარჩევნო უბნებზე პარტიული აქტივისტების ყოფნა პრობლემას წარმოადგენს, ნათქვამია ორი სადამკვირვებლო ორგანიზაციის – საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წინასწარ შეფასებებში.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, რომელმაც დამკვირვებლები ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე გაგზავნა, მონიტორინგის წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია 14:00 საათზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, ამ უბნების „აბსოლუტური უმრავლესობა“ დროულად გაიხსნა და „არჩევნები ძირითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“.

ორგანიზაციამ ასევე განმარტა, რომ „50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა“ დაფიქსირდა. „თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნევა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 800 საარჩევნო უბანს აკვირდება, თავის წინასწარ შეფასებაში განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე რამდენიმე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

„აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას“, – განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“ და პოლიტიკურ პარტიებს და საპრეზიდენტო კანდიდატებს მოუწოდა, „ვინც მსგავს პრაქტიკას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საარჩევნო უბნების წინ ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მცდელობები“.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ დღის პირველი საათის მდგომარეობით, საარჩევნო კომისიებში ოთხი საჩივარი წარადგინა, ხოლო „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 საათის მდგომარეობით 30 საჩივარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button