არჩევნები 2018ახალი ამბები

საპრეზიდენტო კანდიდატებმა არჩევანი გააკეთეს

დღეს საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ, რის შემდეგაც ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადავა.

არჩევნებში მონაწილეობას ჯამში 25 საპრეზიდენტო კანდიდატი იღებს, რაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათგან პირველივე ტურში გამარჯვებულად ის გამოცხადდება, ვინც ამომრჩევლების ხმების 50 %-ზე მეტის მიღებას შეძლებს.

ქვემოთ, შეგიძლიათ გაეცნოთ მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების კომენტარებს, რომელიც მათ ხმის მიცემის შემდეგ გააკეთეს.

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ძალიან ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე ვარ. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, საზოგადოებას სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე და რაც მთავარია, სჭირდება, რომ საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. მჯერა, რომ ყველა მოვა და გააკეთებს საკუთარ არჩევანს უკეთესი მომავლის სასარგებლოდ“.

ფოტო: facebook.com/dbakradze

გრიგოლ ვაშაძე – ძალა ერთობაშია: „უამრავი საჩივარი და შენიშვნებია უკვე. თუ გნებავთ, მიმართეთ ჩვენს შტაბს და დეტალურად მოგიყვებიან, რა ხდება. მინდა თქვენი მეშვეობით ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მობრძანდით არჩევნებზე, იმიტომ, რომ საქართველოს და თქვენი შვილების და შვილიშვილების მომავალს ირჩევთ. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ ეს თქვენი კონსტიტუციური უფლება და ვალდებულებაა. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ, ამით არის გამოწვეული ხელისუფლების ისტერიკა. მე ველოდები ჩვენს გამარჯვებას, ეს იქნება პირველ ტურში თუ მეორე ტურში ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. დამარცხება არ იქნება. ვნახოთ, რა რაოდენობის საჩივრები დაგროვდება კიდევ, იმიტომ, რომ ძალიან მწვავე შეკითხვებზე მოუწევს ხელისუფლებას პასუხის გაცემა“.

ფოტო: facebook.com/GregoryVashadze.Ge

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორსიტული პარტია: „არჩევანი გავაკეთე იმის მიხედვით, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები ხვალ, ზეგ, მაზეგ საუკუნის შემდეგ. ეს ყველაფერი წყდება დღეს. ხალხის მხარდაჭერა არსებული რეალობიდან, გადამწყვეტი მხარდაჭერა, რაც მჭირდება გამარჯვებისთვის, მაქვს, ეს არის ფაქტი“.

ფოტო: facebook.com/natelashvilishalva

კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო: „საერთოდ ჩვენს ქვეყანაში მოდაშია, რომ ყველაფერი დააბრალონ პოლიტიკოსებს, მაგრამ დღეს ძალაუფლება არის ხალხის ხელში. თუ ხალხი სახლში დარჩება, ხვალ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტ ჭაობში ჩაეფლობა. ეს იქნება არა პოლიტიკოსებისა და მთავრობის ბრალი, არამედ ხალხის ბრალი. მინდა, ყველას მივმართო, ვინც უყურებს ტელეეკრანებს და ფეხი-ფეხზე აქ გადადებული, კეთილი ინებეთ, მიბრძანდით არჩევნებზე, პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარი ქვეყნის მომავალზე ან თუ არ გინდათ თავისუფლება, ბარემ გადააგდეთ ეს ქართული პასპორტები, აიღეთ აზერბაიჯანული ან რუსული პასპორტები და პენსია მაინც გექნებათ უფრო მაღალი. თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეობა მათ შორის ნიშნავს, აიღო პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის, შვილებისა და შვილიშვილების მიმართ და უკეთეს მომავალზე. არ არსებობს საქართველოში საზოგადოება, სადაც რომელიმე კანდიდატს აქვს 50 პროცენტი, ამიტომ ოდნავ მაინც სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნების შემთხვევაში, მეორე ტური გარდაუვალია“.

დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა: „დღეს უკვე არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს, მე გავაკეთე არჩევანი მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს. კიდევ ვიმეორებ, მე მოხარული ვარ, რომ ქართველ ხალხს მივეცი არჩევნის საშუალება. მე მაქვს იმედი, რწმენა, მჯერა, ვიცი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, თან ძალიან მალე“.

ფოტო: facebook.com/DavidUsupashviliOfficial

ზურაბ ჯაფარიძე – ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი: „ჩემს თავს მივეცი ხმა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ვინმე სხვას შემოვხაზავდი არა. საკუთარ თავს დაუჭირე მხარი, თან მყარად. გირჩი არის ერთადერთი მოძრაობა ამ ქვეყანაში, რომელიც იბრძვის საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის და თავისუფლებისთვის, ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, საზოგადოებას, რომელიც შედგება თავისუფალი ადამიანებისგან და არა მონებისგან“.

foto: facebook.com/GirchiParty

სალომე ზურაბიშვილი – მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი: „დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა. დღეს არის პირველი ტური და ამ საღამოსვე გავიგებთ, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა და მე ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ამომრჩევლის მოლოდინი მაქვს“.

ფოტო: იანა ყორბეზაშვილი / Civil.ge

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button