ახალი ამბები

ჯონ ბოლტონი: საქართველო „უმთავრეს პრიორიტეტებს“ შორისაა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი 25-26 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობდა. დღეს ის საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდა და აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.

ბოლტონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან „ძალიან პოზიტიური და ძალიან პროდუქტიული“ იყო.

„ჩემი მხრიდან, მე ხაზი გავუსვი რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობები. ჩვენ ამას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მივიჩნევთ. ეს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა ბოლტონმა და აღნიშნა, რომ აშშ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის „ძლიერი მხარდამჭერია“ და რომ მათი პოზიცია მთელი ამ ხნის მანძილზე არ შეცვლილა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ბახტაძესთან შეხვედრაზე მათ „ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე“ ისაუბრეს და იმაზე იმსჯელეს, თუ როგორ იმუშავონ ერთად რეგიონის მასშტაბით. ბოლტონის თქმით, რეგიონის თემაზე მან რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

ჯონ ბოლტონი საქართველოს დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. თავისი ტურნე მან ერთი კვირის წინ რუსეთიდან დაიწყო. ტურნეს ფარგლებში, ის აზერბაიჯანს და სომხეთსაც სტუმრობდა.

პრეზიდენტის მრჩეველმა ნატოში საქართველოს მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს არის ის, რასაც „შესაბამისი დრო“ სჭირდება. მისივე თქმით, მან საქართველოს ოფიციალურ პირებთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელა და იმავე თემას ის მოგვიანებით ვაშინგტონშიც განიხილავს.

ბოლტონის თქმით, საქართველოში ამერიკული ვაჭრობისა და ინვესტიციების წილის გასაზრდელად ეკონომიკური თვალსაზრისით უამრავი შესაძლებლობა არსებობს. „თითქმის ყველამ, ვისაც ვესაუბრე, გამოხატა საქართველოს სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე“, – განაცხადა ბოლტონმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილვად ღირს.

პრესკონფერენციაზე ბოლტონმა ქართველი ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა, მათ შორის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მისი თქმით, „საქართველოს ინტერესებში შედის, რომ სრულიად ღია და გამჭირვალე არჩევნები ჩატარდეს“. „ეს წარმომადგენლობითი მთავრობის ერთ-ერთი სიძლიერეა. ხალხი ხმას აძლევს, თქვენ გაქვთ რწმენა საარჩევნო სისტემის სამართლიანობის“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები „თავისუფალ და სამართლიან გარემოში“ ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button