Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებს 58 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

ცესკოს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 58 საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 1 100 წარმომადგენელი დააკვირდება.

დამკვირვებელთა სიაში შედის რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და სხვები.

OSCE/ODIHR-მა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში სექტემბრის ბოლოს გახსნა და მას ელჩი გირთ-ჰინრიჩ არენი ხელმძღვანელობს. მისიის შემადგენლობაში შედის თბილისში განთავსებული 14 ექსპერტი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ორ-ორად განთავსდნენ.

ამას გარდა, ეუთოს წევრი სახელმწიფოებიდან ODIHR-ს 250-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი ეყოლება. არჩევნების დღეს დამკვირვებლები საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს დააკვირდებიან.

არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ, OSCE/ODIHR და დელეგაციები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, PACE-დან, ევროპარლამენტიდან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან თბილისში მომდევნო დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივ განცხადებას გამოაქვეყნებენ.

არჩევნებს ასევე დააკვირდება ორი აშშ-ში განთავსებული ორგანიზაცია – ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. NDI-მ საქართველოში შვიდი მოკლევადიანი დამკვირვებლისგან შემდგარი მაღალი დონის დელეგაცია განათავსა, ხოლო IRI-ის მისია 24 მოკლევადიანი დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი და მას პროგრამის რეგიონული დირექტორი სტეფან ნიქსი უხელმძღვანელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გარდა საერთაშორისო დამკვირვებლებისა, საპრეზიდენტო არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციების 21 918 წარმომადგენელიც დააკვირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button