Placeholder canvas
ევროპამთავარი თემა

საით მიდის პოლონეთი?

ჩვენს ევროპელ მეგობარს რთული დღეები უდგას

ევროკომისიამ 13 იანვარს გამოაცხადა, პოლონეთის კანონების დემოკრატიულობას შევისწავლითო. ბრუსელს პოლონეთის ახალი მთავრობის მიღებული კანონები აშფოთებს. კრიტიკოსების თქმით, ისინი საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მას-მედიას მმართველ პარტიას უქვემდებარებს. „კანონიერების მექანიზმის” გამოყენება ნიშნავს, რომ ბრუსელის აზრით ეს ნაბიჯები ევროკავშირის ღირებულებებს „სისტემურად ემუქრება”.

თანა-თავმჯდომარე ფრანს ტიმერმანსის (Frans Timmermans) თქმით, ევროკომისია პირველად აამოქმედებს ევროკავშირის „კანონიერების მექანიზმს” და მისი წესებისამებრ, პოლონეთის რიგი კანონების შეფასებას შეუდგება.

ახალი ცოცხი ვარშავას ჰგვის

2015 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში „კანონისა და სამართლიანობის” პარტიამ „სამოქალაქო პლატფორმა” დაამარცხა და პოლონეთის სეიმში ხმოსანთა გადამწყვეტი უმრავლესობა მოიპოვა. პრეზიდენტადაც 2015 წლის აგვისტოდან ამავე პარტიის კაცი, ანდრჟეი დუდა (Andrzej Duda) ზის. ხალხის მხარდაჭერით გულმოცემულმა ახალმა მთავრობამ განაცხადა, ქვეყანა საფუძვლიან ცვლილებას ითხოვსო და ახალი კანონების მიღებას გულდასმით შეუდგა.

პირველ რიგში, ახალმიღებული კანონებით „კანონისა და სამართლიანობის” პარტიამ წინამორბედი მთავრობის მიერ დანიშნულ საკონსტიტუციო ტრიბუნალში მოსამართლეებს პარლამენტში დამტკიცებისას გზა გადაუღობა და, სამაგიეროდ, თავისი მოსამართლეები დანიშნა.

მეტიც,  საკონსტიტუციო ტრიბუნალს პარლამენტის მიღებული კანონების შეჩერება გაურთულეს, რისთვისაც მოსამართლეების ნახევრის ნაცვლად, ორი-მესამედის თანხმობის მოთხოვნა დაუწესეს.

როცა ეს ცვლილებები მოხდა, კრიტიკოსები ამბობდნენ, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ტრიბუნალი დაასაჭურისა და ამიერიდან – პარლამენტში უპირატესობის წყალობით – ქვეყნის მმართველობას თავის ნებაზე მოირგებსო.

ისე აგიხდეთ ყველაფერი: ცოტა ხანში საჯარო ტელევიზიასა და რადიოსაც (TVP) ახალი კანონები მიუსადაგეს და ის დამოუკიდებელი საბჭოს ნაცვლად, მინისტრს დაუქვემდებარეს. წინა მთავრობის მიერ დანიშნული ხელმძღვანელები დაითხოვეს და ნაცვლად მმართველი პარტიის ამხანაგები დასვეს.

პრემიერ ბეატა შიდლოს (Beata Szydlo) თქმით, რიგში პოლიციისა და პროკურატურის შესახებ კანონებია.

ბრუსელის რისხვა და ვარშავის უკმეხი პასუხი

„კანონისა და სამართლიანობის” თავდაჯერებულობა ბრუსელში თავგასულობად ჩაითვალა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც განარისხა.

ციფრულ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე პასუხისმგებელმა გერმანელმა ევროკომისარმა, გიუნტერ ოტინგერმა (Guenther Oettinger) განაცხადა, პოლონეთის მთავრობა ევროპულ ღირებულებებს ებრძვისო და ევროკავშირს პოლონეთის მას-მედიის კანონებზე ზედამხედველობისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე გერმანელმა მარტინ შულცმა (Martin Schulz) კიდევ უფრო შორს შესტოპა და ვარშავაში „მცოცავ სახელმწიფო გადატრიალებაზე” და „ევროპული პოლიტიკის სახიფათო პუტინიზაციაზე” ისაუბრა.

გერმანელების ყოფნა ახალი მთავრობის მგმობელთა წინა ხაზზე, ცხადია, ვარშავაშიც შენიშნეს და მიზანშიც ეს ამოიღეს.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ზბიგნიევ ზიობრიომ (Zbignew Ziobrio) ოტინგერს ღია წერილით უპასუხა (პოლონურად!) და მკვახე სიტყვებიც არ დაიშურა. ჯერ იმით დაიწყო, ჩვენში მედიის გამოგონილ შეზღუდვაზე საუბარს გირჩევნიათ, გერმანიაში პრესის ცენზურას მიხედოთო. მერე კი, გაბრაზებულ გულზე, ისიც დაამატა, გერმანელების ბოლო „ზედამხედველობა” პოლონეთზე დღესაც მწარედ გვახსოვსო.

პოლონელ ლიდერებს ბრუსელის მიმართ უკმეხობა ჩვევად ექცათ. მაგალითად, პოლონელმა პრემიერმა ჰოლანდიელ ევროკომისარ ტიმერმანსს მიუგო, საკონსტიტუციო სასამართლო ჰოლანდიაში არა გაქვთ და ჩვენ ჭკუას რატომღა გვარიგებთო. ნათქვამს ისიც დაუმატა, ტიმერმანსი არავის აურჩევია, ამდენად „ლეგიტიმური თანამოსაუბრე” არაა, თანაც წინა მთავრობას ემეგობრება და იმიტომაც არ მოსდის ჩვენი გაკეთებული საქმეები თვალშიო.

ეჭვით ევროპის მიმართ

„კანონისა და სამართლიანობის” მთავრობა ბრუსელს უბრალო თავქარიანობის ან სიფიცხის გამო როდი ეჭიდება: მათ შორის წინააღმდეგობას ღრმა საფუძველი აქვს.

პოლონეთის საგარეო მინისტრს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის (Witold Waszczykowski) გერმანულ გაზეთ „ბილდ”-ისთვის ასე უთქვამს: „პოლონელებისთვის მთავარია…ტრადიციები, ისტორიის შეგნება, ქვეყნის სიყვარული, ღმერთის რწმენა და ნორმალური საოჯახო ცხოვრება ქალსა და მამაკაცს შორის”.

თავისი მთავრობის ამოცანა კი ასე აუხსნია: „ჩვენ ქვეყნის რამოდენიმე ავადმყოფობისაგან განკურნება გვსურს”-ო, თანაც ჩამოუთვლია მათ შორის „კულტურებისა და რასებს შორის აღრევა”, „ველოსიპედისტებისა და ვეგეტარიანელების მსოფლიო”, „განახლებადი ენერგეტიკის მოყვარულები” და „[ქრისტიანული] რელიგიის წინააღმდეგ მებრძოლები.”

ამგვარი გესლიანი საუბრით განსაკუთრებით პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი (Jarosław Kaczyński) გამოირჩევა. მუსლიმ იმიგრანტებზე ლაპარაკისას კაჩინსკის ზიზღით უთქვამს, მათ „პარაზიტები და ავადმყოფობა” შემოაქვთ ევროპაში, თანაც „მათ ორგანიზმს არ ემუქრება, მაგრამ ჩვენთვის სახიფათოაო.”

ამგვარი ტყუილიც უკადრებია და დაუმატებია, მუსლიმებმა შვედეთში შარიათის კანონები შემოიღეს, იტალიაში კი ეკლესიები დაიკავეს და ტუალეტებად იყენებენო. ამგვარი უგვანო გამონათქვამების გამო ევროპაში კაჩინსკის სათოფეზე არ იკარებენ.

ამიტომაც, თავისი პარტიის გამარჯვების შემდეგ პრემიერის სავარძელზე უარი თქვა და უფრო მოზომილი ლაპარაკის მცოდნე ბეატა შიდლოს დაუთმო.

„კანონი და სამართლიანობის” მკვეთრად ნაციონალისტური, პატრიოტული და კათოლიკური მსოფლმხედველობა ევროკავშირისათვის ძვირფას, გახსნილობისა და შემწყნარებლობის ღირებულებებს რთულად ეხამება.

ასე რომ, როცა პოლონეთის მმართველი პარტია „ევროპასთან ღირებულებათა ერთობაზე” დაძრავს სიტყვას, ბრუსელში მათი არ სჯერათ და არც მათი გამონათქვამების ლოგიკისა ესმით რამე.

ზიზღით რუსეთის მიმართ

კაჩინსკის და მის ამხანაგებს შეიძლება ბრუსელი და ბერლინი დიდად გულზე არ ეხატებოდეთ, მაგრამ მათი პირადი ზიზღის მთავარი სამიზნე მოსკოვი და რუსეთია. იაროსლავი პოლონური და რუსული გამოძიების შედეგებს არ ენდობა და სჯერა, რომ მისი ტყუპი ძმის, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და პოლონეთის სხვა ლიდერების ტრაგიკულ დაღუპვაში, ანუ 2010 წელს სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში, რუსების ხელი ურევია. ახალი მთავრობა რუსეთს დაჟინებით თხოვს, თვითმფრინავის ნამსხვრევები გადმოგვეცითო და ახალი გამოძიების წამოწყებას აპირებს.

სხვათა შორის, დამარცხებული „სამოქალაქო პლატფორმის” მიმართ კაჩინსკის გაბრაზებაც ნაწილობრივ ამ ტრაგიკულ მოვლენას უკავშირდება. „კანონისა და სამართლიანობის” ლიდერებს არაერთხელ მიუნიშნებიათ, წინა მთავრობა რუსებს საჰაერო კატასტროფის ნამდვილი მიზეზების მიჩქმალვაში დაეხმარაო.

რუსეთის შიშით, კაჩინსკი პოლონეთში ნატოს მუდმივი ბაზების გამართვას ითხოვს და ამ მიზნით თავის მთავარ მეგობრად დიდი ბრიტანეთი ეგულება.

ევროკავშირის მიმართ გულგაციებული ლონდონი ვარშავის ამჟამინდელ პატრონებს ბუნებრივ თანამოაზრედ მიაჩნიათ, თუმცაღა ბრიტანეთის მთავრობა პოლონეთთან დაახლოებას ჯერჯერობით ერიდება.

Back to top button