ახალი ამბები

პროკურატურა: ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნილია

პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი თანამშრომელი გიორგი მერებაშვილი, ხოლო კუდის ყოფილ თანამშრომლებს ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს, რომლებიც სხვა საქმეებზე უკვე დაკავებულები არიან, ბრალი წარედგინათ.

პროკურატურაში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ფარულად ჩაწერილი ორი აუდიო ჩანაწერი წარმოადგინეს, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. პროკურატურის ცნობით, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ჩანაწერები, „კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა“.

პროკურატურის ინფორმაციით, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის ყოფილი თანამშრომელი გიორგი დგებუაძე ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს ესაუბრება და მის გადმობირებას ცდილობს, ხოლო მეორე, 5 თებერვლით დათარიღებულ ჩანაწერში ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირია ჩაწერილი, სადაც გიორგი დგებუაძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი კუდის თანამშრომლები, ბრალდებულები ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი „პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ“.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის გასასვლელი, რომლითაც ის სარგებლობა.

პროკურატურის განცხადებით, რევაზ შიუკაშვილი პატარკაციშვილის დაცვის წევრებზე მონაცემებს „სისტემატურად“ აგროვებდა. უწყებისავე განმარტებით, საუბრიდან დგინდება, რომ „პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები“ კუდის იმდროინდელ ხელმძღვანელთან დათა ახალაიასთან თანხმდებოდა.

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროვდა, 2016 წლის დეკემბერშია მოპოვებული, თუმცა ბრალის წარდგენა იმ მოტივით ვერ მოხდა, რომ საქმეზე ათეულობით ფაილია ამოღებული, რომელთა შესწავლა და ექსპერტიზა მიმდინარეობდა.

საქმის კიდევ ერთი მონაწილე, კუდის ყოფილი თანამშრომელი გიორგი დგებუაძე სხვა ბრალდებით, 2016 წელს ნიდერლანდებში დააკავეს, რის შემდეგაც მისი ექსტრადირება მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით, გამოძიება გრძელდება.

52 წლის ბიზნესმენი და ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი, 2008 წლის 13 თებერვალს ლონდონთან ახლოს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად გულის შეტევა დასახელდა. მაშინ პატარკაციშვილის ოჯახი აცხადებდა, რომ ისინი „ბრიტანეთის პოლიციისა და კრიმინალისტების პროფესიონალიზმს“ ენდობოდნენ.

ბადრი პატარკაციშვილი, რომელზეც რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული, ქართულ პოლიტიკაში 2001 წელს გამოჩნდა. ის 2003 წლის ვარდების რევოლუციის მხარდაჭერიც იყო, თუმცა 2006 წლის შემდეგ, მასსა და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება დაიწყო. 2007 წელს პატარკაციშილი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამფინანსებელი იყო. აქციებს სატელევიზიო მხარდაჭერა პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „იმედისგან“ ჰქონდა.

2007 წლის 7 ნოემბერს, ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო აქციის დაშლისა და ტელეკომპანია იმედში სპეციაური დანიშნულების რაზმის შესვლის შემდეგ, პროკურატურამ პატარკაციშვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში ჯერ ეჭვმიტანილად, მოგვიანებით კიბრალდებულად ცნო, მასზე ძებნა გამოაცხადა და მისი ქონება დააყადაღა. პატარკაციშვილის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

პატარკაციშვილი 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა არჩევნებამდე, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, მაგრამ საარჩევნო ბიულეტენზე მისი სახელი და გვარი ფორმალურად მაინც დარჩა. პატარკაციშვილმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული ხმების 7.1 %-ით მესამე ადგილი დაიკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button