Placeholder canvas
ახალი ამბები

ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა შეაჩერა

ტელეკომპანია „იბერიამ“ 16 ოქტომბერს მაუწყებლობა შეაჩერა. არხის მენეჯმენტის განცხადებით, მაუწყებლობა შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო შეჩერდა.

წარწერა „ხელისუფლებამ დახურა იბერია!!!“ – არხის ეკრანზე გუშინ ღამით გაჩნდა. 16 ოქტომბერს, ეთერში აღარ გავიდა არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება და მთავარი ტოქ-შოუ „თავისუფალი სივრცე“.

„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა განმარტა, რომ ხელისუფლებამ მათი მუშაობის შესაჩერებლად ყველაფერი გააკეთა და „ამ ეტაპისტვის“ მათ ეს „წარმატებით მოახერხეს“.

„ახლა, რაც ხდება ტელეკომპანიაში, რომ ვერ გავა პოლიტიკური ტოქ-შოუები, ვერ გავა საინფორმაციო გამოშვება, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას. ქვეყნის ხელისუფლებამ მოახერხა, რომ არჩევნებამდე 12 დღით ადრე, შეეჩერებინა ჩვენი მაუწყებლობა“, – განაცხადა მან.

მაუწყებლობის შეჩერების შესახებ კომენტარი „იბერიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემაც გააკეთა. მისი თქმით, „ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასოდეს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე“.

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა ხელისუფლება ზეწოლასა და არხის მთავარი დამფინანსებელი კომპანიისთვის „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნაში სექტემბრის დასაწყისში დაადანაშაულეს. მათ 10 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე საათით მაუწყებლობაც შეაჩერეს.

ტელეკომპანიის თანამშრომლების პროტესტს მალევე, მედიაში ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელება მოჰყვა. ჩანაწერებში „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ბიზნესის რეკეტსა და თანხის გამოძალვაში ადანაშაულებდა.

ტელეკომპანია „იბერია“ 2000 წელს დაარსდა, რომლის მფლობელი და დამფინანსებელი ბიზნესკომპანია „ომეგა ჯგუფი“ იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს სამართალდამცველებმა ომეგას მიერ სიგარეტის იმპორტის უკანონო ბიზნესში მონაწილეობის მოტივით, „იბერიას“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით, ტელეკომპანია დაიხურა. არხმა მაუწყებლობის ლიცენზია 2013 წელს დაიბრუნა, მაუწყებლობა კი, 2015 წელს განაახლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button