ახალი ამბები

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა

პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მირზა სუბელიანმა, რომელმაც, 14 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალჩინოსნები სხადასხვა სისხლის სამართლის საქმის მოგვარებაში ამხილა, 15 ოქტომბერს თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაცია დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

პენიტენციური სმსახურის განცხადება, მთავარ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგს მოჰყვა, სადაც „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ გათვალისწინებით, ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნეს. ჩანაწერში, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანისა და პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ასახული.

რას ამბობს პროკურატურა?

პროკურატურის განმარტებით, ჩანაწერი მიმდინარე წლის 6 ივლისს არის გაკეთებული. ჩანაწერში მირზა სუბელიანი, სავარაუდოდ, დეპუტატ ჯაფარიძესთან საპატიმროში არასათანადო პირობებისა და ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ გამოხატული უყურადღებობის გამო, უკმაყოფილებას გამოხატავს და ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე ყალბი, მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელი მასალების გასაჯაროებით იმუქრება. დეპუტატის კითხვაზე მართლა აქვს თუ არა რამე, სუბელიანი პასუხობს – „ვიტყუები, მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს“.

ჩანაწერის მიხედვით, მირზა სუბელიანი ასევე ამბობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მასთან კონტაქტი „ხუთი სხვადასხვა არხით“ სცადა. „გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი. შემომითვალეს, მირზამ თუნდაც ტყუილი თქვას, ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთო“, – აღნიშნავს ის.

პროკურატურის განმარტებით, „გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე, შესაძლოა გვქონდეს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან ცრუ, მის მიერ გამოგონილი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი საქმის საბოლოო შედეგზე“. უწყებისავე ინფორმაციით, დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად და მედიასაშუალებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება.

ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე, უწყებაში განმარტეს, რომ 14 ოქტომბერს მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისგან ზეწოლისა და შანტაჟის გზით იყო მოპოვებული.

რა მოვისმინეთ 14 ოქტომბრის ჩანაწერებში?

ტელეკომპანია „რუსთავი“ 2-მა 14 ოქტომბერს ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის დავით ცუხიშვილის საუბარს ასახავდა. ჩანაწერში მირზა სუბელიანი ამბობდა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე დაწყებული საპროტესტო აქციების განსამუხტად მისი დაპატიმრება ხელისუფლების მიერ იყო ინსცენირებული. სუბელიანი ამავე საქმეში ორი პირის როლის დამალვაზე და რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე მოწმეების მხრიდან ჩვენების იძულების, მათ შორის, წამების გზით მიღებაზეც საუბრობდა.

ვიქტორ ჯაფარიძის პასუხი

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მირზა სუბელიანთან საუბარი დაადასტურა და განმარტა, რომ ის პატიმარს პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც პარლამენტის წევრი სტუმრობდა. „მე მირზას საუბარი არ ჩავთვალე სერიოზულად, ამიტომაც არაფერი რეაგირება არ გამიკეთებია“, – განაცხადა დეპუტატმა.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის მოტივით, 9 ივნისს მას შემდეგ დააკავეს, რაც სასამართლომ გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ერთერთი მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინა, რასაც საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button