Placeholder canvas
ახალი ამბები

პროკურატურა: სუბელიანის აუდიოჩანაწერები იძულების გზითაა მოპოვებული

მთავარი პროკურატურის მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ქართული ოცნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები სისხლის სამართლის საქმეზე მორიგებაში არიან მხილებულნი, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლისგან იძულების გზით არის მოპოვებული.

გუშინ გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ აუდიოჩანაწერზე საგამოძიებო მოქმედებები 12 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის  თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც, მირზა სუბელიანის საუბრის გავრცელების მოთხოვნით, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა.

პროკურატურის თქმით, ი.პ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით დაემუქრნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტებზე მიმდინარეობს.

„დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ ამოღებული აუდიოჩანაწერების „პირველად ანალიზზე“ დაყრდნობით, გამოძიება „ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით“.

პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ი.პ.-ს მეხსიერების ბარათზე რამდენიმე სხვა ფარული ჩანაწერიც იპოვა, რომელთაც შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდება.

პროკურატურამ ჩაწერილი საუბრების შინაარსზე, რომელიც მაღალჩინოსნებს საქმეზე მორიგებაში და სხვა დანაშაულებში ამხელს, კომენტარი არ გააკეთა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით შემდეგ ბმულება – მირზა რუბელიანი, არასრულწლოვნების მკვლელობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button