ახალი ამბები

ISFED-მა წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 8 ოქტომბერს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში  გამოაქვეყნა, რომელშიც ძირითადად  9-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საარჩევნო კამპანიების დროს დაფიქსირებული დარღვევებია ასახული.

ანგარიში ასევე მოიცავს გარკვეულ მოვლენებს, რომლებიც ამ პერიოდის „მიღმა ახდენდა გავლენას“ საარჩევნო პროცესზე.

ორგანიზაცია 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას 1 აგვისტოდან ახორციელებს, რომელშიც 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელია ჩართული.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების 1, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, აგიტაციის წესების დარღვევის 12, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 9, კამპანიისთვის ხელის შეშლის 8, სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი გამოვლინდა.

საანგარიშო პერიოდში სამართლიანმა არჩევნებმა ცენტრალურ საარჩევნო კამპანიას 17 საჩივრით მიმართა.

პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება

ანგარიშის მიხედვით 27 სექტემბერს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საოლქო კომისიის წევრ ქალს ფიზიკურად დაუპირისპირდა. „სამართლიანი არჩევნების გრძელვადიანი დამკვირვებლები მომხდართან დაკავშირებით საოლქო კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს დაუკავშირდნენ, რომლებმაც „კატეგორიულად უარყვეს დაპირისპირების ფაქტი“, ხოლო ქალმა დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მიაყენა მას თავმჯდომარემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 21 სექტემბერს ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ქუთაისში მდებარე გელათის ეკლესიაში მისულ მოქალაქეებს შეხვდა და „არაპირდაპირი გზით“, პარტიის აქტივისტის დახმარებით, ეკლესიასთან მყოფ მოწყალების მთხოვნელებს 150 ლარი გადასცა. სამართლიანმა არჩევნებმა ამ ფაქტის შესწავლის მიზნით განცხადებით აუდიტის სამსახურს მიმართა.

აგიტაციის წესების დარღვევა

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების მიერ სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდასაჭერი პოსტების გამოქვეყნების „არაერთი შემთხვევა“ დააფიქსირეს, რაც როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აგიტაციაში მონაწილეობის წესის დარღვევას და სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.

ასეთი შემთხვევები ძირითადად მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაფიქსირდა.

„სოციალური ქსელით აგიტაციის ფაქტები შესაძლოა ზეწოლის ნიშნებსაც შეიცავდეს“, აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი აგიტაციაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობაც. დოკუმენტში ასახულია ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრეს ქადაგება. მან სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი, პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა, რაც ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, წინასაარჩევნო აგიტაციაა. კანონი კი, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აგიტაციას უკრძალავს.

ადმინისრაციული რესურსის გამოყენება

ანგარიშის მიხედვით, 27 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, რის შესახებაც ინფორმაცია და ფოტომასალა მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook-ის საშუალებით გავრცელდა, რითაც ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლი დაირღვა, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო კამპანიაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაუშვებელია.

მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ტყიბულშიც, როდესაც „Info ტყიბულის“ გვერდზე სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ანგარიშის მიხედვით, „Info ტყიბული“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ დაწესებულებას წარმოადგენს.

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის ფაქტები ძირითადად სალომე ზურაბიშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიმართ დაფიქსირდა. ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული ფაქტები, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას ხელს უშლიდნენ და ასევე პირიქით, მმართველი გუნდის წევრები „რიტორიკული და შეურაცხმყოფელი“ სიტყვებით ცდილობდნენ ღონისძიების შეფერხებას.

სააგიტაციო მასალების დაზიანება

ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს კანდიდატების სააგიტაციო მასალების დაზიანება დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში.

ანგარიშში ასევე ასახულია მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერები, რომელიც „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო დაწყებულ მოვლენებს ეხება და ფულის სავარაუდო განაწილებაზეა საუბარი.  „გამჟღავნებული ინფორმაცია სახელისუფლო პარტიის დაფინანსების სავარაუდო სქემის  შესახებ ძირს უთხრის პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობას, ჩრდილს აყენებს პოლიტიკურ გარემოს და საზოგადოების ნდობას მის მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნები“ ანგარიშში „შემაშფოთებელ“ ტენდენციად აფასებს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არასამათავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას და არაეთიკურ განცხადებებს.

რეკომენდაციები

სამართლიანი არჩევნები ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს მიმართავს „დაუყოვნებლივ“ შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და თავდასხმები.

პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა თავი შეიკავონ ოპონენტი პარტიების და კანდიდატების საჯარო შეხვედრებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისგან. დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა. საჯარო მოხელეებმა სამუშაო საათებში თავი შეიკავონ აგიტაციისგან. სამართალდამცავმა ორგანოებმა კი, დაუყოვნებლივ და მიუკერძოებლად გამოიძიონ სავარაუდო კორუფციული გარიგებები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button