Placeholder canvas
ახალი ამბები

ცხინვალის მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეების მიერ „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით, სოფელ წინაგართან დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მკვიდრ მაია ოთინაშვილს ე.წ. „ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ“ აღკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დღეს გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ოთინაშვილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ფულადი სარგოს სანაცვლოდ, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა“.

მაია ოთინაშვილის ოჯახი ცხინვალის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ე.წ. მესაზღვრეებმა ოჯახის კუთვნილი ნაკვეთიდან აიყვანეს, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტეროტირიაზე მდებარეობს.

დაკავებულის დედის გალინა ქელეხსაევას განმარტებით, მისი შვილის ნაკვეთთან, დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან პენსიონერები გადმოდიან, თანაც პენსიის ასაღებად. ეს ის ადგილია, სადაც საცხოვრებელი სახლების ნაწილი მავთულხლართების მიღმა დარჩა, ნაწილი კი, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მოექცა. მავთულხლართები საცხოვრებლების სახლების ნაკვეთებზე გაავლეს.

„როდესაც პენსიონერი პენსიის ასაღებად გადმოდის, ამას ჩემი შვილი ხელს როგორ შეუშლის? ეს თანხის აღების ბრალდება მათი მოგონილია. თუ თვითონ ვერ აკონტროლებენ ამ საზღვარს, ჩემმა შვილმა რა ქნას?“ – ამბობს გალინა ქელეხსაევა

მომხდარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მინისტრმა მაია ოთინაშვილის „გატაცებას“ და მისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, „შემაშფოთებელი, საგანგაშო და სამარცხვინო“ უწოდა.

ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაკავებულის გასათავისუფლებლად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. „ამ წუთისათვის ქალბატონის გასათავისუფლებლად აბსოლუტურად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებული გახლავთ“, – განაცხადა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უწყებისავე განმარტებით, დაკავებულის „უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად“ სუს-ის მიერ ყველა საშუალებაა გამოყენებული.

სუს-ის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ 29 სექტემბერს დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button