Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი გაეროში რუსულ ოკუპაციაზე, აფხაზებთან და ოსებთან ჩართულობაზე საუბრობს

27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს „ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონიდან“ შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.

ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრმა სიტყვა ქართულად წარმოთქვა და განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო ოკუპაციიდან ათი წლის თავზე, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებული რჩება და „ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღემდე დევნილობაშია“.

„მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ, მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„შესაბამისად, მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი, ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან!“, – განაცხადა მან.

ბახტაძემ საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის მიზანიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დანარჩენ საქართველოსთან ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებაა.

„დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს: საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა! ჩვენ საუკუნოვანი საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც, დარწმუნებული ვარ, მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთთან ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანა სურს, მაგრამ „მხოლოდ სახელწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანების უფლებების დაცვისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე“.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური ვიზიტით 16-27 სექტემბერს სტუმრობდა. მან ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში რიგი მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button