Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის 23 სექტემბრის განცხადებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 25 კანდიდატი დაარეგისტრირა.

1991 წლიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, წელს ყველაზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა. მას შემდეგ, ექვსი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და ყველაზე მეტი, 23 კანდიდატი 2013 წელს დარეგისტრირდა.

ცესკოს ინფორმაციით, 19 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო დანარჩენი 6 – საინიციატივო ჯგუფებმა.

დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის არიან: დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო, დავით უსუფაშვილი – შენების მოძრაობა, გრიგოლ ვაშაძე – ოპოზიციური კოალიცია, კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო, შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია, ზურაბ ჯაფარიძე – ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 46-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, „21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო, კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა“.

მიქელაძემ დააზუსტა, რომ 19-მა საინიციატივო ჯგუფმა დადგენილ ვადაში მხარდამჭერთა სია ვერ წარმოადგინა, ერთმა საინიციატივო ჯგუფმა განაცხადში არსებული შეცდომა ვერ გამოასწორა, ხოლო ერთი პოლიტიკური პარტია იუსტიციის სამინისტრომ არ დაარეგისტრირა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის ვადა 16 ოქტომბრის ჩათვლით აქვთ. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში იქნება შეყვანილი.

28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით, მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც ამომრჩევლები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი გზით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით,რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button