ახალი ამბები

გენერალური მდივნის მოადგილე: ნატო-საქართველოს ურთიერთობები „საუკეთესო ფორმაშია“

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა, რომელიც 21 სექტემბერს თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავს, საქართველოს მიმართ ალიანსის „ძლიერი მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ გამოხატა.

„ნატო-საქართველოს ურთიერთობების თვალსაზრისით, საუკეთესო ფორმაში ვართ“, – განაცხადა როუზ გიოტმიოლერმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. „ჩვენ მომავალშიც დაგეხმარებით წევრობისთვის მომზადების საქმეში“, – განაცხადა მან.

გენერალური მდივნის მოადგილემ განმარტა, რომ საქართველოს „საერთო უსაფრთხოების“ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და რომ ნატო „დიდად აფასებს“ ქვეყნის „ძლიერ მხარდაჭერას“ მისი სამხედრო მისიების მიმართ. „თქვენ ავღანეთში ჩვენს საწვრთნელ მისიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ხართ, ეხმარებით ქვეყნის სტაბილიზაციას და არ აძლევთ თავშესაფარს ტერორისტებს“, – განაცხადა მან.

„უკვე ათი წელია, საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოსა და ნატოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში“, – განაცხადა გიოტმიოლერმა და ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის პროგრესს მიესალმა.

გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნატო „სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და რუსეთის ფედერაციას საქართველოდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.

თბილისში როუზ გიოტმიოლერი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანსაც შეხვდა. დაგეგმილია მისი შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან. ვიზიტის ფარგლებში, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვითაც გამოვიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button