ახალი ამბები

ნატო ჩხეიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს

პარტია პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ნატო ჩხეიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს. ამის შესახებ მან 17 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანში“, ტელეკომპანია „იბერიაში“ მიმდინარე მოვლენების განხილვის დროს განაცხადა.

ნატო ჩხეიძეს, რომელიც „იბერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, გადაცემაში ფრაქციის დატოვების მიზეზები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ ამის შესახებ ის ვრცლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს.

„სწორედ ამ შექმნილმა გარემოებამ, ვითარებამ და არა მარტო ამან გადამაწყვეტინა და გადამადგმევინა ეს ნაბიჯი“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ გადაცემის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ იგი პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება.

ტელეკომპანია „იბერიას“ გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ და ტელეკომპანიის მიმართ არც მხარდაჭერა გამოუხატავთ. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ნატო ჩხეიძის ფრაქციის დატოვების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

  • ნატო ჩხეიძე საქართველოს პარლამენტში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა, სადაც 6 კაციანი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ შექმნეს. 
  • საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციის წევრების რაოდენობა ექვსზე ნაკლები არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი „საქართველოს პატრიოტებს“ ნატო ჩხეიძის ნაცვლად, სხვა დეპუტატი არ შეემატება, ფრაქცია დაიშლება.

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განმარტებით, თანაპარტიელებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და ის ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილებით „გაოცებულია“. „თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ფრაქციას, ცხადია, დაიშლება ჩვენი ფრაქცია, მაგრამ ჩვენც გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად“, – განაცხადა მან.

„იბერიას“ წარმომადგენლებმა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ 7 სექტემბერს განაცხადეს და მას შემდეგ, ტელეკომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ტელეკომპანიის თანამშრომლებმა 10 სექტემბერს რამდენიმე საათით მაუწყებლობაც შეწყვიტეს და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა მთავრობის კანცელარიის წინ გააპროტესტეს. იბერიას ფინასური პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ტელევიზიის მთავარ დამფინანსებელ კომპანია „ომეგა ჯგუფს“ ფინანსთა სამინისტრომ ყადაღა დაადო.

პოლიტიკური პარტია – პატრიოტთა ალიანსი 2012 წლის 19 დეკემბერს დაფუძნდა. პარტიამ 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში ხმების 5.01 % მიიღო და პარლამენტში 6 კაციანი სიით შევიდა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button