Placeholder canvas
ახალი ამბები

მთავრობა ექსპორტზე გატანის მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უწყება სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს, თუმცა, განმარტავს, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მარიხუანის გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით“.

შსს-ში ასევე აცხადებენ, რომ უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები „მარიხუანის მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მის მოხმარებას ზღუდავს“.

დღეს საინფორმაციო სააგენტო Interpressnews-მა ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 10 სექტემბერს ქართული ოცნების ოფისში გამართულ სხდომაზე შსს-ის წარმომადგენლებმა დეპუტატებს კანონპროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელშიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში მარიხუანის წარმოების დაწყებაზეა საუბარი.

სააგენტოს ინფორმაციით, მარიხუანის წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება და „გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება“. სააგენტოსავე ცნობით, იდეას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს. საკითხის გარშემო დისკუსია ქართულ ოცნებაშიც დაადასტურეს.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არაერთი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე რაოდენობით პირადი მოხმარების მიზნით ფლობის დეკრიმინალიზაციას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი პროტესტი მიმდინარე წლის მაისში შსს-ის მიერ ნარკორეალიზატორების დაკავების მიზნით, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა. მაშინ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს პირობაც მისცა, რომ ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობას განაახლებდა.

მიმდინარე წლის 30 ივლისს კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო, რის საფუძველზეც, ქვეყანაში კანაფის მოხმარება ლეგალური გახდა. თუმცა, სასამართლომ კანონმდებლებს მოხმარების რეგულირებისთვის თავისუფალი სივრცეც დაუტოვა.

მთავრობის ინიციატივა Civil.ge-სთან საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ შეაფასა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარება ლეგალურია და თუკი შსს ცდილობს, რომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას გამოეხმაუროს, მაშინ „გაუგებარია, რა შუაშია ან ექსპორტი ან სამედიცინო მარიხუანა“.

„მარიხუანის მოხმარება ლეგალურია და ლეგალური ნივთიერების ლეგალური მოპოვების გზები აუცილებლად უნდა არსებობდეს. მარიხუანას წარმოება უნდა გახდეს ჩვეულებრივი ბიზნესი, თუნდაც რეგულირებული, მაგრამ არა მონოპოლიზებული“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button