Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს სტუმრობს

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი, რომელიც 3-4 სექტემბერს საქართველოს სტუმრობს, საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა და ასოცირების შეთანხმება, ასევე ორმხრივ, რეგიონულ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

3 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა განაცხადა, რომ „საქართველო, ალბათ, ყველაზე პროგრესული“ ქვეყანაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების და ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ „თვითკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს, რადგანაც უამრავი შესაძლებლობა კვლავ გამოუყენებელია“.

იოჰანეს ჰანმა „ძლიერი თანამშრომლობისთვის“ უვიზო რეჟიმის განხორციელების საქმეში საქართველოს მთავრობა შეაქო. მას მხედველობაში ჰქონდა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ქართველი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად.

დღეს ევროკომისარმა თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლა გახსნა. სკოლა საერთაშორისო სადიპლომო პროგრამას სთავაზობს ევროპეისტიკის მიმართულებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან 16-17 წლის მოსწავლეებზეა გათვლილი. სკოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთი შედეგია, რომელიც 2017 წლის ნოემბრის სამიტზე იქნა მიღწეული.

სკოლის გახსნის ცერემონიაზე საუბრისას იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ „მართალია, ამ იდეას ბევრი ეწინააღმდეგებოდა“, როგორც „ძალიან ამბიციურს“, მას სჯერა, რომ ის „ჩვენი წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის სიმბოლო“ იქნება.

„ჩემი ხედვა იყო პირველი ევროპული სკოლის გახსნა ევროკავშირის საზღვრებს მიღმა, სადაც უნიჭიერეს სტუდენტებს აღმოსავლეღ პარტნიორობის რეგიონიდან ექნებოდათ შანსი, რომ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება მიეღოთ, არამედ ევროპულ ღირებულებებში ჩართვის შანსიც მიეცემოდათ“, – მიმართა მან სტუდენტების პირველ ნაკადს.

თბილისში ევროკომისარი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილსაც შეხვდა.

იოჰანეს ჰანის თბილისში ვიზიტამდე სამი დღით ადრე, ევროკომისიამ 45 მილიონამდე ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით, საქართველოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ფინანსური დახმარება საქართველოს ფინანსური საჭიროებების ნაწილს დაფარავს და ქვეყანას ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button