რესპუბლიკის ამბები

1918: “საქართველოს რესპუბლიკა” ოსმალურ იმპერიალიზმს აკრიტიკებს

ამიერკავკასიის სახელმწიფოებს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, დამოუკიდებლობის გამოცხადება მძიმე პირობებში მოუხდათ. 1918 წლის მარტში საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ოსმალეთს დაუთმო ბათუმის, არტაანისა და ყარსის ოლქები, რომლებსაც იმხანად სომხები და ქართველები აკონტროლებდნენ. 1918 წლის მაისში, ბათუმში, ამიერკავკასიის ლიდერების ოსმალეთის იმპერიასთან მოლაპარაკებებისას თურქული არმია ლორესა და თბილისისკენ განაგრძობდა სვლას. ამიერკავკასიის ერების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თურქეთს ბევრად მეტი ტერიტორიული პრეტენზიები გაუჩნდა და საქართველოსგან ახალციხე-ახალქალაქიც მოითხოვა. ზაფხულში ოსმალებმა ბათუმში პლებისციტი ჩაატარეს და გაიმარჯვეს, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პროტესტი მოჰყვა. ბევრად უფრო მძიმე იყო თურქეთის მოთხოვნები სომხეთისადმი, რომელმაც ტერიტორიული დანაკარგების გარდა, მისთვის მნიშვნელოვანი ალექსანდროპოლი-ჯულფას სარკინიგზო ხაზიც დაუქვემდებარა ოსმალეთს. იმავე ზაფხულს, ოსმალებმა ბაქოზეც მიიტანეს იერიში. “საქართველოს რესპუბლიკის” 1918 წლის 4 სექტემბერი ოსმალურ იმპერიალიზმსა და კავკასიაში მის გეგმებს აკრიტიკებს. 

(საქართველოს რესპუბლიკა, 4 სექტემბერი, 1918წ. N33)

არა ოფიციალური განყოფილება

თბილისი, 4 ენკენისთვე

ოსმალეთს საერთაშორისო ურთიერთობაში „ავადმყოფ ადამიანად“ თვლიდნენ. სულ ახლო მომავალი დაგვანახვებს შერჩება თუ არა მას ეს სახელწოდება მომავალშიც.

ოსმალეთი მსოფლიო სახელმწიფოთა დიდ ინტერესების ბრძოლის შუაგულშია მოქცეული და ძნელი სათქმელია დაახლოვებით როგორ სახეს და მიმართულებას მიიღებს მისი და საერთაშორისო ცხოვრება ომის შემდეგ.

ოსმალეთის დღევანდელი სამხედრო ძლიერება კი უმთავრესათ დამოკიდებულია მის მოკავშირეთა ძლიერებაზე. როცა რუსეთი მოისპო და კავკასიის ბრძოლის ველი რუსის ჯარმა მიატოვა. მაშინ ოსმალეთმა დაისვა ღარი და ჩვენს ქვეყნებს შეუტია.

ჩვენ არ გავიხსენებთ იმას თუ როგორ გათავდა ეს შემოტევა, რა დავკარგეთ და რანაირ პირობებში მოგვიხდა ზავის ჩამოგდება. მხოლოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ოსმალეთის დღევანდელი პოლიტიკური მესვეურები ძალიან ფართო იმპერიალისტურ გზას ადგებიან, რაც სრულებით არ გამომდინარეობს ოსმალეთის ეკონომიური განვითარებიდან და მის სახელმწიფოებრივ ინტერესთა სწორი შეგნებიდან.

ოსმალეთს უნდა დაიპყროს. ყველა დიდი სახელმწიფო იპყრობს და მასაც არ უნდა ჩამორჩეს საერთო იმპერიალისტურ მიდრეკილებას. მაგრამ ის ივიწყებს იმას თუ დაპყრობითი პოლიტიკის წარმოებას ხშირათ რა უბედურობა და ვაივაგლახი მისდევს  თვით ამ პოლიტიკის მაუწყებელისათვის.

ოსმალეთმა ხელში იგდო სამაჰმადიანო საქართველო. მაგრამ ამ ფაქტისთვის რომ უფლებრივ-ზნეობრივი ძალა და მნიშვნელობა მიეცა, მოინდომა ხალხის თანხმობის მიღება და მით თავის მოქმედების გამართლება საერთაშორისო კონგრესების წინაშე.

როგორ მოიმოქმედა ეს ოსმალეთმა?

ყოველად მიუღებელი და, საერთაშორისო უფლების და სამართლიანობის თვალსაზრისით, ყოვლად დასაგმობი საშუალებით.

დაპყრობილ ქვეყანაში ჯარის და პოლიციის გაუყვანლათ შეშინებულ ხალხს თავზე მოახვია „პლებისტიტი.“ ხალხმა ის სთქვა , რაც ჩასძახა და რაც მოსთხოვა მას თავზე მდგარმა ოსმალეთის ადმინისტრაციამ და ჯარმა.

ხალხის შეკითხვისათვის და მისი ნამდვილი ნება-სურვილის გამოსათხოვად საჭირო იყო სრულიად თავისუფალი პირობები და არა სულთამხუთავივით  თავზე დადგომა. აქ გაითელა უფლება და სამართალი, აზრი დაკარგა „თვით გამორკვევამ“, რომელიც სათამაშოთ გადააქცია ოსმალეთის პოლიტიკამ.

რაღა თქმა უნდა, ამას საქართველოს მთავრობამ ენერგიული პროტესტი გამოუცხადა, მან თავის მოკავშირეებს და ევროპას აცნობა, რომ მოხდა უდიდესი ფალსიფიკაცია ხალხის ნების, ხალხის აზრის; დაირღვა უბრალო ელემენტარული პირობები თვითგამორკვევის მოსახდენად.

თავის თავად ცხადია ეს საპროტესტო განცხადება ოსმალეთს არ მოეწონებოდა. ხოლო, როგორც ვიცით, გერმანიამ მას სათანადო ყურადღება მიაქცია და შეუწყნარებლად აღიარა ხელოვნურათ მოხდენილი თვით გამორკვევის წესები. ღრმათ დარწმუნებული ვართ, ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახლანდელ სტამბოლის კონფერენციაზე და ჩვენი მთავრობის დასაბუთებული პროტესტი არ დარჩება ხმად ღაღადებისა უდაბნოსა შინა.

მადა ჭამის დროს მოდისო, ამბობენ ფრანგები. ოსმალეთიც თანდათან მოდის მადაზე და ცდილობს ახალ-ახალი ადგილები ჩაიგდოს ხელში.

ფეხზე არ დამდგარა ჯერ პატარა სომხეთის რესპუბლიკა და ბ. ენვერ-ფაშა მას უკვე გადაყლაპვას უპირებს. მერე იცით რა საბუთით? სომხის ბრბოები ხელს უშლიან ოსმალეთის ჯარის გადაყვანასო.

ეს რა თქმა უნდა არაფერი მიზეზი არ არის, რადგან სომხეთის მთავრობა არ არის პასუხის მგებელი უპასუხისმგებლო ყაჩაღური ბრბოების მოქმედებისათვის. მაგრამ ძლიერი მიზეზს ყოველთვის გამონახავს.  „შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო“.

მთელი ამიერკავკასიის და კერძოთ საქართველოს დემოკრატია არსებითათ დაინტერესებულია რომ ოსმალეთის იმპერიალიზმმა თავისი განზრახვა არ მოიყვანოს სისრულეში. სომხეთის რესპუბლიკამ სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება უნდა შეინარჩუნოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოთხოვნა. დემოკრატია შესაფერ ნაბიჯებს გადადგამს და სათანადო დასკვნას გააკეთებს, რომ სომხეთის რესპუბლიკა ძალმომრეობის მსხვერპლი არ გახდეს.

ოსმალეთის იმპერიალისტები, როგორც თურქული გაზეთი „აათი“ გადმოგვცემს , კიდევ დიდ პლანებს შლიან თვალ წინ და მის მიზნად ვინ იცის რას არ ისახავენ.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ამაში ის არის, რომ მათი განზრახვით შავი ზღვა უნდა გადაიქცეს ოსმალეთის ზღვად, მისი მონაპირე, სახელმწიფოები უნდა დადგნენ ოსმალეთის პროტექტორატის ქვეშ. თუ გაზეთს დაეჯერება ისინი პრინცებით და ერც გერცოგებითაც გვიპირებენ გაბედნიერებას.

ეს იმპერიალისტური ბოდვაა და მეტი არაფერი. მაგრამ ესეც დამახასიათებელია ოსმალეთის იმ წრეებისთვის, რომელნიც პანთურქული და დაპყრობითი პოლიტიკით სულდგმულობენ.

ოსმალეთი ამ ფართო გეგმას რაც უნდა უნდოდეს ვერ განახორციელებს, რადგან ამის წინააღმდეგნი იქნებიან თვით მისი მოკავშირე სახელმწიფონი. ოსმალეთს ვინ გააბატონებს და გააძლიერებს ისე, რომ შემდეგ ყველასთვის საშიშარი და აუტანელად შეიქნეს!

მაგრამ ოსმალეთის ასეთ პოლიტიკას უნდა შეებრძოლონ აგრეთვე ის ახალი სახელმწიფოებრივი ერთეულები, რომელნიც დემოკრატიულად ეწყობიან და თავისი მდგომარეობით და ლტოლვილებით ვერას დროს ვერ შეურიგდებიან ოსმალეთის ბატონობას და პროტექტორატს.

კერძოთ საქართველოს რესპუბლიკა უმთავრესათ, სწორეთ ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობდა, როცა ახალ ორიენტაციას ითვისებდა და ევროპის უძლიერეს სახელმწიფოს უკავშირდებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button