Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს და აზერბაიჯანის ლიდერებმა ორმხრივ და რეგიონულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც 30 აგვისტოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბაქოს სტუმრობს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებთ. „ის რეგიონული პროექტები, რომლებიც ერთად განვახორციელეთ, მართლაც რომ საერთაშორისო და ისტორიული მნიშვნელობისაა. ჩვენ ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს რეგიონული პროექტების ნაწილში ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ბევრი სხვა“, – აღნიშნა ბახტაძემ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს – საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მყარ ფუნდამენტს ეფუძნება და რომ ქვეყნები მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ნოვრუზ მამადოვს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვსაც შეხვდა.

გუშინ, თბილისში გამართულ ბრიფინგზე, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ბაქოში „ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე – იმ ინიციატივებს, რომლებიც დაგვეხმარება, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ“.

პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ბახტაძის მეორე ოფიციალური ვიზიტია. პირველი ვიზიტით ის ბრიუსელში 10 ივლისს გაემგზავრა. ბაქოში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს აზერბაიჯანთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 882 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 272.2 მილიონი აშშ დოლარი (2016 წელს 152.6 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 609.8 მილიონი (2016 წელს 492.5 მლნ აშშ დოლარი) იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button