ახალი ამბები

„ძალა ერთობაშია“ ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისია ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს აუდიოჩანაწერი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, იმ ფაქტებს ასახავს, თუ როგორ ინიშნებიან ქართული ოცნების აქტივისტები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ბეჟაშვილის განმარტებით, „საარჩევნო ადმინისტრაცია პირაპირ, უხეშად თანამშრომლობს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან და მათი დირექტივებით მოქმედებს“.

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა ქართული ოცნების შტაბის საუბნო და საოლქო კომისიების კურატორთან ნინო მაისურაძესთან. „ჩანაწერებში ასევე საუბარია, რომ მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ ალეკო ცხოვრებაძესთან, რომელიც არის თბილისის ოცნების შტაბის კომისიების კოორდინატორი“, – განმარტა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას გადადგომისკენ მოუწოდა და კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.

ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა. „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩავას შეფასებით, „მსგავსი ფაქტები“ შემაშფოთებელია და ჩანაწერების აუთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ფაქტს შესაბამისი ორგანოებისგან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტის ნინო რიჟამაძის განმარტებით, „გავრცელებული ჩანაწერი სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს“ და მისი აუთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. „სახეზე შეიძლება იყოს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სხვა სამართალდარღვევები, რომელიც შემდგომში უნდა შეისწავლოს თავად ადმინისტრაციამ“, – აღნიშნა ნინო რიჟამაძემ.

თამარ ჟვანიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს ლეიბორისტულ პარტიაში. „მან არაერთხელ გაამრუდა ამ ქვეყნის ბედი, გააყალბა არჩევნები, ბუნებრივია, ხელისუფლების დაკვეთით, და ამაში მან მიიღო რამდენიმე ათეული მილიონი“, – განაცხადა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

ევროპული საქართველოს წევრის ლევან თარხნიშვილის შეფასებით კი, ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და ამაზე ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს არაერთხელ უსაუბრიათ. „ჩანაწერებით თუ უჩანაწერებოდ, ეს პრობლემა საყოველთაოდ აღიარებულია“, – აღნიშნა თარხნიშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს „სპეკულაცია“ უწოდეს მმართველ გუნდში. ქართული ოცნების წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ყველა არჩევნები, რომელიც ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარდა, „ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საკმაოდ მაღალი დონის იყო“. „ეს არის გზა იმისთვის, რომ როგორ გაიმართლონ თავი საბოლოო ჯამში, როდესაც ისინი ვერ გაიმარჯვებენ არჩევნებში და ვიღაცას უნდა გადააბრალონ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ოპოზიციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც უპასუხეს. ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანა მიქელაძის განმარტებით, საარჩევნო კომისია ყურადღებას მიაქცევს, რომ მსგავსი ფაქტებით საარჩევნო პროცესს ჩრდილი არ მიადგეს და „იმ შემთხვევაში, თუკი იქნება რაიმე ტიპის დარღვევა, ამ დარღვევაზე საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება ექნება“.

გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ცესკო ნეპოტიზმსა და არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში 10 და 14 აგვისტოსაც დაადანაშაულა.

საქართველოს მასშტაბით, ჯამში სულ 73 საარჩევნო ოლქია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი მიიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოაცხადა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი კი, 30 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ვადაში უნდა გამოცხადდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button