ახალი ამბები

ოფიციალური თბილისი: მოსკოვს 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან, რუსეთის ფედერაციას მოუწევს, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“.

„დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ურყევად დგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის სადარაჯოზე“, – განაცხადა სამინისტრომ და ამის დასტურად გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის 23-24 აგვისტოს ვიზიტი დაასახელა.

უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას აგრძელებს, რათა ხელშესახები პროგრესი იქნას მიღწეული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ომითა და გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის აღდგენისთვის და აგრეთვე იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილმა ჩვენმა მოქალაქეებმა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულად ისარგებლონ იმ სიკეთეებითა და შესაძლებლობებით, რასაც სახელმწიფო ქმნის თავისი მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ათი წლის წინ, 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე, იგივე ნაბიჯი მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ გადადგა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ლიდერებს, ანატოლი ბიბილოვს და რაულ ხაჯიმბას, ეს თარიღი მიულოცა და დაჰპირდა, რომ მათ სხვა საკითხებთან ერთად, „ეროვნული უსაფრთხოების საკითხების“ მოგვარებაში კვლავ დაეხმარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button