Placeholder canvas
რესპუბლიკა 100

1921: მარო მაყაშვილი

გაზეთი ”საქართველო”

23 თებერვალი 1921 წელი

მარო მაყაშვილი

კოჯრის ფონტზე, მოწინავე პოზიციებზე მტრის ყუმბარით დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილი, ქალიშვილი პოეტი კოტე მაყაშვილის. წარმოუდგენელია მეტი მწუხარება, რასაც განიცდის დღეს ქართველი საზოგადოება ამ ტრაღიკული სიკვდილის გამო. ბევრი მებრძოლი მხედარი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ, ბევრს კიდევ იმსხვერპლებს, მაგრამ ასეთი უცაბედი სიკვდილი უფრო მტანჯველია მაინც, თითქო სიწმინდემ აკურთხა პირველი უმანკო სისხლით ქართული ფრონტი და ისიც მარიამისა; სამშობლოს სიყვარულით კიდევ ბევრ ლანდს გააჩენს ჟანნა დარკისა და კიდევ მეტ სასწაულს პატრიოტიზმისას.

არის რაღაც საბედისწერო მაყაშვილების გვარში, უკანასკნელ წლებში ყველა ფრონტი საქართველოში პირველად მაყაშვილის სიკვდილით იხსნება, ამ შემთხვევაშიც ბედისწერამ თავისი გაიტანა.

მეგობრები ალბათ დიდხანს დაიმახსოვრებენ განსვენებულის ხსოვნას და ბევრს დაწერენ მის გატაცებაზე – მაგრამ მაინც ვერ მონახავენ სიტყვებს გამოიტირონ მეგობარი, რომელსაც უდიდესი პატივი ერგო საქართველოში, როცა გარემოცული ტიფლისი სტიროდა ერთხმად მის დაკრძალვაზე.

ყველაზე მეტი ტანჯვა მაინც მშობლებს ხვდათ წილათ, და რაც უნდა გატაცებული არ იყოს პოეტი სამშობლოს სიყვარულით – მისი გული მაინც ვერ დაივიწყებს შვილის სიყვარულს.

მაგრამ ერთია მაინც დაიმედება, როგორც პარიზი უძახდა ერთხელ მიუნე სულის, რომელმაც დაჰკარგა ორივე შვილი – მთელი საფრანგეთი შენთან არისო. – ასე იტყვის გარემოცული ტფილისიც. და კოჯრის მთები და სერები პოეტთან ერთად ბევრ ქართველს მოაგონებენ საფლავს, რომელიც გაიჭრება დღეს სამხედრო ტაძრის გალავანში.

ტიციან ტაბიძე

მსგავსი/Related

Back to top button