Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

1918: სოციალისტ-რევოლუციონერები პარლამენტს აკრიტიკებენ

(“შრომა”, 18 აგვისტო, 1918, N11)

პარლამენტის გარშემო

(ერთი შეკითხვის გამო)

ჩვენმა ხალხმა არც კი იცის რა არის პარლამენტი. აუცილებელი კია, ხალხი იცნობდეს და აფასებდეს პარლამენტს. საჭიროა, რომ ხალხი პარლამენტში ხედავდეს თავის გამოხატულებას. და ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც პარლამენტში გაჩაღებული იქნება დინჯი კანონმდებლობითი მუშაობა, როდესაც პარლამენტი პასუხს გასცემს ყოველ საჭირბოროტო საკითხს, რომელიც ცხოვრებამ წამოაყენა, როდესაც პარლამენტი დაგმობს და შეებრძოლება ყველაფერს, რასაც ხალხის სინდისი ვერ ურიგდება, დაადასტურებს იმას, რაც ხალხის აღშფოთებულ სინდისს დაამშვიდებს. აი სწორეთ მაშინ გადიქცევა პარლამენტის ტრიბუნა ხალხის გულში იმ წმინდათა-წმინდათ, რომლის შეხებას ხალხი არავის აპატიებს. მაგრამ თუ პარლამენტის ტრიბუნა კინკლაობის საშუალებათ გადიქცა, თუ პარლამენტი ჩაეფლო დემაგოგიისა და სიცრუის ჭაობში, თუ მან თელვა დაუწყო ჭეშმარიტებას და ცხოვრების სიდუხჭირით აღშფოთებული მოქალაქის სინდისი ვერ დაამშვიდა, მაშინ ხალხი ზურგს უჩვენებს ასეთ პარლამენტს და უკანასკნელი ისევე დარჩება ჰაერში ჩამოკიდებული, როგორც რუსული სათათბირო იყო. ამ გარემოებას უნდა ექნეს მიქცეული სერიოზული ყურადღება პარლამენტში მომუშავე ფრაქციების მხრით. მათ უნდა ხელი შეუწყონ პარლამენტის პოპულარიზაციას და ხალხის გულის მესაიდუმლის კვარცხლბეკზე აიყვანონ იგი.

სამწუხაროთ, ამ ცდას ვერ ვხედავთ ჩვენს პარლამენტში. ყოველ შეკითხვას, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს იგი, პარლამენტი დიდის ყურადღებით უნდა მოეპყრას… […]… მართალია შეკითხვა ეხება ხოლმე მთავრობას, რომელსაც პარლამენტის უმრავლესობა უჭერს მხარს, მაგრამ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ მთავრობა მაინც სხვაა და პარლამენტი სხვა…[..] .. მეორე მხრით თუ მართალია თქმულება: არ სცდება მხოლოთ ის, ვინც არაფერს აკეთებსო, მაშინ არც მთავრობა შეიძლება იქნეს შეუცდომელი და პარლამენტის მოვალეობაა დროზე მიუთითოს მთავრობას ამ შეცთომებზე, რათა ააცდინოს სახელმწიფოს მთავრობის შემცდარი ნაბიჯების მძიმე შედეგები.

ხდება თუ არა აგრე ჩვენს პარლამენტში? არა. ავიღოთ უკანასკნელი შეკითხვა ტუსაღების გაუსამართლებლათ დახვრეტის შესახებ. …[..].. ჩვენს პარლამენტში სამწუხაროთ ამ შეკითხვის გარშემო ატეხილმა კამათმა მიიღო მახინჯი ხასიათი.  ამ მნიშვნელოვანი კამათის დამახინჯებაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ერ. დემოკრატს რევაზ გაბაშვილს და სოც. დემოკრატს კ. ნინიძეს. რევაზ გაბაშვილმა გვერდი აუხვია შეკითხვის დედა აზრს, გადავიდა ტრიბუნალებზე… [..] … მაგრამ უფრო საყურადღებო იყო სოც. დემოკ.  კ. ნინიძის ორი გამოსვლა… […]… მან აღნიშნა, რომ ეროვნულ დემოკრატები კონტრ-რევოლიუციონერები არიან, რომ ისინი თავადაზნაურობას იცავენ…. ნინიძისათვის ადვილია ბრალი დასდოს ჩიქოვანს [პარლამენტში ამ კითხვის ავტორი – რედაქტორის შენიშვნა] , რომელიც რვა მკვლელობას შეურიგდა, მაგრამ რას ეუბნება იმ მოქალაქეს, რომელიც ვერც ერთს მკვლელობას ვერ შეურიგდა და პასუხს მოითხოვს? ეროვნულ დემოკრატები კონტრ-რევოლიუციონერები არიან, მაგრამ რა შუაშია ის მოქალაქე, რომელსაც გაუსამართლებლათ ხვრეტენ ქუჩაში? რატომ არ იცის ბ. ნინიძემ, რომ ეროვნულ დემოკრატები ჩვენ და მთელს საქართველოს ისე, აინტერესებს, როგორც შარშანდელი თოვლი? რატომ არ იცის მანდ, რომ შეკითხვა ჩიქოვანის კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს. რაკი შეკითხვა შემოვიდა, ის უკვე მთელს საქართველოს ეკუთვნის და პასუხს მთელი საქართველო მოითხოვს…[…]… ასეთ მკვლელობას ყველგან ქონდა ადგილი: ტფილისში, ქუთაისში, პროვინციებში. გაზეთები აღნიშნავდნენ მილიციონერებს მიჰყავდათ ტუსაღები (ხანდისხან შუაღამეში ერთი ციხიდან მეორეში გადაჰყავდათ), მათ გაქცევა დააპირეს და დახვრეტილ იქნენო.

ამას ბოლო უნდა მოეღოს. ზნეობრივი მხარე უდიდესი ძალაა რევოლიუციისა. თუ თქვენ რევოლიუციას ზნეობრივათ დაამარცხებთ, ის ფიზიკურათაც დამარცხდება. რუსეთში სანამ რევოლიუციას მაღლა ეჭირა დროშა ზნეობრივი სისპეტაკისა, ის ძლიერი იყო, მაგრამ როდესაც ბოლშევიკებმა ხელთ იგდეს მისი მესვეურობა, მათ სისხლში ამოსვარეს რევოლიუცია. დაუწყეს დევნა პრესას, სიტყვის თავისუფლებას, უხვათ დაღვარეს მოწინააღმდეგეთა სისხლი, ფეხქვეშ გაათახსირეს რევოლიუცია და ამან გამოიწვია უკანასკნელის ფიზიკური დამარცხება და განადგურება. ეს ფაკტი მრავალ მეტყველია. ნამდვილი რევოლიუციონერის მოვალეობაა შეიბრალოს რევოლიუციის ზნეობრივი მხარე და ამით იხსნას თვით რევოლიუცია დამარცხებისაგან.

ფარი.

მსგავსი/Related

Back to top button