თეთრი ემისრის ბოლო გასეირნება ბათომში

ავტორი:  დავით ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი

მკვლელობა ბათომში

ბათუმის ბულვარი. 1920 წელი.

„…საღამოს 8 ნახევარ საათზე გენერალი მიდიოდა ზღვის პირას, საქალაქო ბულვარის უკანა ხეივანში, მასთან იყვნენ მისი ცოლი და ადიუტანტი. უეცრივ ბუჩქებიდან გამოვიდა უცნობი და დაიწყო მაუზერის სროლა. როცა გენერალი დაეცა, კიდევ რამდენჯერმე ესროლა ტყვია. სულ 11-ჯერ გაისროლა ტყვია. ამათში ექვსი ტყვია მოხვდა გენ. ნათიშვილს და სამი ტყვიით მოჰკლა ადიუტანტი ფილიპოვი. ნათიშვილს ჭრილობანი ჰქონდა გულში, მკერდზე და სახეზე. ათი ტყვია რომ გაისროლა მკვლელმა, გამოსცვალა „აბოიმა“. მაუზერი მკვლელმა იქვე დააგდო. შემთხვევით ერთი ტყვიით დაჭრილა ვინმე გამვლელი (იტალიელი, სამოქალაქო პირი). სროლის შემდეგ რომ მოგროვდა ხალხი, ორივე მოკლული ნახეს. მკვლელის ნიშან-წყალი ჩაიყლაპა. იმ ღამეს მილიცია და ინგლისელების პატრულები გაფაციცებით ეძებდნენ მკვლელს, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს. კვირას ივნისის 29-სთვის დანიშნული იყო ამავე ბულვარზე ყულაბებით ფულის შეგროვება ნათიშვილის კორპუსის სასარგებლოდ, მაგრამ მკვლელობის გამო იგი გადაიდო. (В. Г)

“კავკაზსკოე სლოვო”-ს სტატია “გენერალ ა.ვ. ნათიევის მკვლელობა”

1919 წლის ივლისის დასაწყისში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „Кавказское Слово“-ს ბათუმელი კორესპონდენტის გადმოცემული ეს მოულოდნელი ინფორმაცია მთელ ქართულ პრესას მოედო – არ დარჩენილა გამოცემა, რომელსაც ბათუმში მყოფი „დენიკინის აგენტი ნათიევის“ მკვლელობა არ გაეშუქებინა, თუმცა შემდგომში განვითარებული მოვლენებისა და სხვა მიზეზების გამო მალე იგი ყველამ მიივიწყა. მიივიწყა იმდენად, რომ დღეისათის არამარტო მკვლელობის მოტივებია ბუნდოვანი, არამედ მოკლული გენერალი ნათიშვილის ვინაობაც კი დაუზუსტებელი იყო.

ბათუმელი კორესპონდენტის მიერ დეტალურად აღწერილი მკვლელობა საუკუნის განმავლობაში ბიბლიოთეკის საცავებში ჩაიკარგა.

შემდეგ გვერდზე: შავი გენერლის მუქარა

შავი გენერლის მუქარა

გენერალი ანტონ დენიკინი

1919 წელი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიისთვის იმედისმომცემად დაიწყო, მათ  წარმატებით შეძლეს ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებელი მთიელთა რესპუბლიკის ჩაყლაპვა და ჩრდილოეთ კავკასიაშივე მყოფი წითელი არმიის ნაწილების განადგურება. დენიკინი მოსკოვზე შეტევისთვის ემზადებოდა, მას იმედი ჰქონდა რომ დიდი ბრიტანეთი კიდევ უფრო გაზრდიდა მისდამი მხარდაჭერას და ბრიტანელებისავე კონტროლირებად ბათუმის ოლქს და პორტს იმედის თვალით უყურებდა, თუმცა ვერ გაეგო რატომ საკადრისად არ სჯიდნენ ბრიტანელები გერმანიის ყოფილ მოკავშირე ქართველებს და ზოგჯერ მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებსაც კი იღებდნენ.

ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობა დენიკინისთვის მიუღებელი რეალობა იყო და დიდი შეტევის წინ მათ ზურგში, ხელუხლებლად დატოვებას არ აპირებდა. თანაც, ქართველ სოციალ-დემოკრატებთან მას ძველი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი, რადგანაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამო მათ რუსეთის დამღუპველებად თვლიდა.

მდგომარეობის გამწვავება სოჭის მხრიდან დაიწყო: 29 იანვარს მოხალისეთა არმიის წარმომადგენლებმა ჯერ ულტიმატუმით მოსთხოვეს ქართულ ნაწილებს და ადმინისტრაციას, ოლქი დაეტოვებინათ, ხოლო შემდგომ, ძლიერი შეტევით ქართველი ჯარისკაცები და გვარდიელები აიძულეს ბზიფამდე დაეხიათ უკან. თუმცა, აპრილის შუა რიცხვებში სახალხო გვარდია, რომელსაც პირადად გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი მიუძღოდა წინ, კონტრშეტევაზე გადავიდა, გაგრა დაიბრუნა და შემდგომ მდინარე მეხადირიც უკან მოიტოვა.

გენერალი დენიკინი და

გართულებულ საქმეში ბრიტანელები ჩაერთნენ და ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. დენიკინისთვის გაწელილი მოლაპარაკებები და აფხაზეთის მცირე ნაწილის მისაკუთრების პერსპექტივა არაფრისმომტანი იყო და კვლავ  მოქმედებაზე გადავიდა, ამჯერად ფარულად და სხვა ფრონტზე. ბათუმში მისი წარმომადგენლი, გენერალი ნათიშვილის (ნათიევი) 1919 მარტში მიავლინეს. ამას უკვე  მაისში, დენიკინის შტაბის უფროსის გენერალი ივან რომანოვსკის ბათუმში ვიზიტიც დაემატა, რომელსაც ნათიშვილის გაწეული მოსამზადებელი სამუშაოები უნდა შეეფასებინა და ადგილიდანვე ეხელმძღვანელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციებისთვის.

გენერალ ნათიშვილის ძიებაში

საქართველოს უახლეს ისტორიას ოთხი ნათიშვილის სახელი შემორჩა რომლებიც 20-ე საუკუნის პირველ ნახევარში ცნობილი იყვნენ ფართო საზოგადოებისათვის:

ყველაზე ცნობილი – ექიმი და მეცნიერი ალექსანდრე ნათიშვილია. იგი 1959 წელს გარდაიცვალა თბილისში; მისი ბიოგრაფია კარგადაა ცნობილი რაც მის ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს ბათუმის ამბებთან და სამხედრო სამსახურთან.

მეფის რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი და სამხედრო ისტორიკოსის დავით სოფრომის-ძე ნათიშვილი – 1859 წელს იყო დაბადებული და 1940 წელს გარდაიცვალა საქართველოში, თანაც პირველი მსოფლიო ომის და რევოლუციის შემდგომ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია, ამიტომაც იგი თავიდანვე უნდა გამოირიცხოს.
დანარჩენი ორი – ასევე მეფის რუსეთის არმიის გენერლები, ზურაბ და ალექსანდრე ნათიშვილები (ნათიევები) ფაქტობრივად გამოცანად არიან ქცეული რუსი და უკრაინელი მკვლევარებისთვის. მათი ბიოგრაფიები ისე ჰგავს ერთმანეთს, ზოგიერთ წყაროში ისინი ერთ პიროვნებადაც კი არიან გამოყვანილი, ზოგან კი მათი ბიოგრაფიული დეტალები ერთმანეთშია არეული.

წყაროების სიმრავლის წყალობით და ფაქტების გაანალიზების საფუძველზე მათი ბიოგრაფიების დაზუსტება მაინც შესაძლებელია:

ზურაბ გიორგის ძე ნათიშვილი დაიბადა 1869 წლის 20 აგვისტოს. დაამთავრა ჯერ ტფილისის კადეტთა კორპუსი, შემდგომ კი ელიზავეტგრადის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელი და სანკტ-პეტერბურგის საოფიცრო-საკავალერიო სასწავლებელი. მის ბიოგრაფიაში ნახსენებია საარტილერიო სასწავლებლის და აკადემიის დამთავრებაც მაგრამ სწავლის წლები საეჭვოდ ემთხვევა ხსენებული მეორე – ალექსანდრე – ნათიშვილის ყოფნას საარტილერიო სასწავლებელში, ამიტომ, სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია არაზუსტია.

ზურაბ ნათიშვილის კავალერისტობას სხვა რამდენიმე წყაროც ადასტურებს. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და 1918 წელს გენერალ-მაიორის წოდებაც მიღო. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ჯერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, მოგვიანებით კი რუსეთის მოხალისეთა არმიას შეუერთდა. მისი გარდაცვალების თარიღი დანამდვილებით ცნობილი არ არის.

რუსულ და უკრაინულ წყაროებში ოთხი ვერსია განიხილება: პირველი ვერსიით ის 1919 წელს დაიღუპა უკრაინაში აღლუმზე ნაღმის აფეთქების შედეგად. მეორე ვერსიით ის ბათუმში დაიღუპა 1919 წელს წითელ არმიასთან შეტაკებისას, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ამ დროს წითელი არმია ბათუმში ვერ იქნებოდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ვერსია თავიდან ბოლომდე მცდარია და ის ავტორს კვლავ ალექსანდრე ნათიშვილში ერევა. ხოლო მესამე და მეოთხე ვერსიებით ის პარიზში, ემიგრაციაში გარდაიცვალა 1937 წლის 30 ივლისს, რასაც რუსი ემიგრანტი და სამხედრო ისტორიკოსი გიორგი ტანუტროვიც ადასტურებს და მასთან შეხვედრასაც იხსენებს, ამიტომ ეს ვერსია გაცილებით უფრო დამაჯერებელია.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზურაბ ნათიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს ბათუმში მოკლულ გენერალ ნათიშვილთან.

მივუბრუნდეთ გენერალ ალექსანდრე ნათიშვილს: ის 1873 წლის 16 ივნისს დაიბადა ბათომის ოლქში. 1894 წელს დაამთავრა კონსტანტინოვის საარტილერიო სასწავლებელი და შემდეგ მიხაილოვის საარტილერიო აკადემია. მსახურობდა თურქესტანის პირველ საარტილერიო ბრიგადაში, შემდეგ იყო უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული მე-4-ე საარტილერიო ბრიგადის და მე-6-ე მძიმე სამორტირო დივიზიონის მეთაური. 1917 წლის ბოლოს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

მსახურობდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ცენტრალური რადის მიერ არტილერიის ინსპექტორადაც იყო დანიშნული. იგი 1918 წლის დეკემბერში დააპატიმრეს უკრაინის ჰეტმან პავლო სკოროპადსკის ბრძანებით, მაგრამ მალე გაათავისუფლეს და შემდეგ იგი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიაში გადავიდა, სადაც ნათიშვილი ჩრდილოეთ კავკასიის მოხალისეთა არმიის ფორმირებების ინსპექტორად დანიშნეს. ალექსანდრე ნათიშვილი 1919 წლის გაზაფხულზე ბათუმში მიავლინეს – „ამიერკავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შესადგენად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მოსამზადებლად.

ამ ცნობებიდან გამომდინარე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ რომ 1919 წლის 28 ივნისს ბათუმში გენერალი ალექსანდრე ნათიშვილი მოკლეს, რასაც 1919 წლის 2 ივლისის „Кавказское Слово“-ს სტატია „убiство ген. А.В НАТIЕВА“-ც ადასტურებს და მოხალისეთა არმიის სარდლობისადმი გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებებიც, სადაც იგი ხელს აწერს როგორც არტილერიის გენერალი ნათიევი.

წყაროების არარსებობის გამო, შეუძლებელია ვთქვათ, იყო თუ არა ზურაბ და ალექსანდრე ნათიშვილებს შორის რაიმე ნათესაური კავშირი. ზოგიერთ წყაროში ალექსანდრეს მამის სახელადაც გიორგი არის მითითებული და აქაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ბიოგრაფიული დეტალები ზურაბ ნათიშვილის ბიოგრაფიაშია არეული ან – წინააღმდეგ შემთხვევაში – გაზეთში, მოკლული ნათიშვილის მამის სახელის ინიციალი შეცდომითაა დაბეჭდილი.


თეთრების აჭარული გეგმები

ახლა, როცა დენიკინის ემისარში ალექსანდრე ნათიშვილი ამოვიცანით, მივიბრუნდეთ დენიკინის აჭარულ გეგმებს.

გენერალი ნათიშვილი ჩამოსვლისთანავე მონდომებით შეუდგა მუშაობას „ამიერკავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შესადგენად. მან საიდუმლო კავშირები გააბა თბილისთან, საქართველოს სხვა რეგიონებთან. მის კორპუსში ძირითადად თბილისში მცხოვრებმა საქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილო რუსულმა და სომხურმა ელემენტებმა იწყეს დენა.

თუმცა, ემისრების მუშაობა მალე სრულიად კომპრომეტირებული აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა ნათიშვილისა და რომანოვსკის საქმიანობის შესახებ.

რუსი სამხედრო ისტორიკოსი და ჟურნალისტი ნიკოლაი კირმელი თავის წიგნში „Белогвардейские Спецслужбы в Гражданской Войне. 1918-22 гг“ წერს, რომ 1919 წლის მარტში ქართულმა მხარემ ხელში ჩაიგდო მოხალისეთა არმიის მთავარი შტაბის სრულიად საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შტაბის უფროსის ივან რომანოვსკის მიმოწერას და მნიშვნელოვან სადაზვერვო მონაცემებს მოიცავდა.

ინფორმაციის გაჟონვის შესახებ რუსებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ქართულმა მხარემ ამ დოკუმენტების ნაწილის პრესაში გამოქვეყნება დაიწყო – 1919 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან. როგორც ქართულ პრესაში შემონახული საიდუმლო მიმოწერის თარიღებიდან ჩანს, ქართულ მხარეს ეს მისთვის ძალზედ საჭირო ცნობები ერთჯერადად არ მიუღია და ნათიშვილის ჩამოსვლიდან მის მკვლელობამდე მუდმივად იღებდა მოხალისეთა შტაბის სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციას. ნათიშვილის თუ რომანოვსკის მოხსენებები მოხალისეთა სარდლობისადმი, საქართველოს ხელისუფლებისათვის მუდმივად ცნობილი იყო.

შესაბამისად, რუსული გეგმების გასაცნობად, მრავალფეროვანი მასალა გაგვაჩნია. თუმცა საკვანძ მაინც 1919 წლის 31 მაისით დათარიღებული ივან რომანოვსკის 14 პუნქტიანი, N 53 მოხსენებაა, რომელიც მას ცნობილი რუსი დიპლომატი ალექსანდრ ალექსანდრეს ძე სავინსკის ხელით გაუგზავნია ცენტრში. უკვე 13 ივლისს, ეს მოხსენება სრული სახით გამოაქვეყნა ქართულმა გაზეთმა „სახალხო საქმემ“.

გაზეთის გადმოცემით, რომანოვსკი წერდა:

„ვსარგებლობ რომ ბათომზე გამოიარა ა.ა სავინსკიმ რომელთანაც ხანგრძლივი საუბარი მქონდა ბათომის ოლქის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და ამასთანავე გაცნობებთ, თქვენო აღმატებულებავ, მოსაზრებებს ბათომისა და მისი ოლქის შესახებ. ამასთანავე, ვთხოვე ა. სავინსკის რომ, ჩემი მოკლე მოხსენება მან შეავსოს პირადი დაწვრილებითი მოხსენებით. ბათომისა და მის ოლქში რუსეთის პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად საჭიროა ეხლავე დაწყება მუშაობისა, რისთვისაც საჭიროა შემდეგი;

1) მოეწყოს წესიერი აღებ მიცემობა ბათომისა და მოხალისეთა არმიასთან, უპირველესად საჭიროა მცხოვრებთა უზრუნველყოფა სურსათითა და ფურაჟით. (რეზოლუცია გენ. დრაგომიროვისა: „სურსათი“.) ამისთვის კარგი იქნებოდა მოეწყობოდეს სამხრეთ რუსეთის სამხედრო წარმომადგენელთან ბიურო ან დაინიშნებოდეს საამისო რწმუნებული. (რეზოლუცია მთავარსარდლისა: „ამას ინგლისელები აკეთებენ, ვფიქრობ გაგვიძნელდება“).

2) საჭიროა მოწესრიგება გემთა, ტელეგრაფის და ფოსტის ურთიერთობებისა (გენ. დრაგომიროვის რეზოლუცია; „ვაჭრობა-მრეწველობა“).

3) გაადვილება ბათომიდან გასვლისა მოხალისეებთან და იქედან ბათომში (რეზოლ. დრაგომიროვისა: „შინაგანი საქმე“).

4) მოეწყოს ბანკის ოპერაციები ჩრდილოეთ კავკასიასა და ბათომს შორის.

5) დაწესდეს ვალუტის ერთიანობა რაიც უეჭველად მოკლავს ქართულ ბონებს, რომელნიც შეუჩერებლივ და სწრაფად ეცემიან ფასში (ჩემს აქ ერთი თვის ყოფნის დროს ისინი დაეცნენ 1400 მ. 1700 მანეთამდე, კერენსკის ათას მანეთზე). (ამ ორთავე მუხლს აქვს გენ. დრაგომიროვის მინაწერი: „ფინანსები“).

6) ყოველი საშუალებით უნდა დავეხმაროთ აქაურ რუსულ გაზეთ „ნაშ კრაის“ და არ დავიშუროთ სახსარი რომ, გამოვიდეს სამ ენაზე: რუსულად, თურქულად და ქართულად. საჭიროა მისი მინიმუმამდე გაიაფება და იმის მოხერხება რომ, კვირაში ერთხელ მაინც გამოვიდეს სურათებიანი დამატებით.

7) საჭიროა ძლიერი ბრძოლა ქართველების პროპაგანდასა და მათ მტაცებელ სურვილებთან. უნდა გვახსოვდეს რომ, მათი გავლენა ბევრად უფრო საშიშია ბათომის ოლქში რუსის საქმისთვის, ვიდრე ოსმალებისა. იგი არამცთუ ხრწნის ზნეობრივად მცხოვრებლებს და ხელს ჰკრავს სოციალისტურ, ბოლშევიკურ ანარქიისკენ, არამედ განსაკუთრებით მტრულად არის განწყობილი ყოველგვარ რუსულთან. ოლქის მუსულმანური მცხოვრებნი თითქმის სულ ქართველების ჩამომავალნი არიან, მაგრამ აქამდე თუ უმცირესობას არ მივიღებთ მხედველობაში, მცირედ გამონაკლისს, არამც თუ საქართველოსკენ არ იწევიან, არამედ პირიქით სძულთ თავიანთი მოძმეები, ეს მტრობა აიხსნება როგორც სარწმუნოების სხვადასხვაობით, ისე წინანდელი სიძულვილით რომელსაც, ოსმალეთი მათში აღვივებდა თავისი ბატონობის დროს და სარგებლობდა აჭარლებით, როგორც საქრისტიანო საქართველოს საზღვარზე აღმართული კედლით. აჭარლებს ჰგონიათ რომ, ქართველებთან შეერთება დაასუსტებს მათს სარწმუნოებას, შემდეგ სულ მოსპობს მას და დაანგრევს მათ პატრიარქალურ ცხოვრებას. რუსეთის გავლენისა მათ არ ეშინიათ და ამით უნდა ვისარგებლოთ.

8) ქართველებთან ბრძოლის გასაადვილებლათ საჭიროა ქადაგება აჭარლებში იმისა რომ, რუსეთი არ მომკვდარა, იგი სწრაფის ნაბიჯებით აღორძინდება და ისევ ძლიერი იქნება როგორც წინათ. აჭარლებში საამისო მუშაობისთვის საჭიროა ძლიერი დახმარება გავლენიან პირთადმი, საჭიროა მათი მიღება და ჯამაგირის მიცემა ვისაც რაიმე სამხედრო ხარისხი აქვს. საჭიროა აგრეთვე დავეხმაროთ რამდენიმე გავლენიან ხოჯას. (ყველა პუნქტს აქვს მინაწერი გენ. დრაგომიროვისა: „პროპაგანდა“).

9) აუცილებელია ბათომსა და მის ოლქში ჩაყენება მოხალისეთა ჯარისა, თუნდ არა უმეტეს 3-4 ბატალიონისა, დიდძალ ტყვიისმფრქვევლებითა და შეიარაღებით.

10) საჭიროა გარკვევით მოველაპარაკოთ ინგლისელებს, რუსის გავლენას დაეხმარონ და იძულებული არ ჰყონ, როგორც ახლა, რუსებმა იმუშაონ თითქმის არალეგალურად. ამასთან მდგომარეობა შეურაცმყოფელია „აღდგენილ რუსეთისათვის“ თუ ინგლისს გულწრფელად ჰსურს რუსეთის ხსნა ბოლშევიკურ გახრწნილებისაგან, იგი უნდა სცდილობდეს აშკარად გაატაროს რუსეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის პოლიტიკა. (ამ ორ მუხლს აქვს მინაწერი მთავარსარდლისა; „ჯერ ეს ძნელი იქნება“).

11) აუცილებელია ბათომში ჩვენი წარმომადგენლობის კარგად მოწყობა როგორც ფულის და პირადი შემადგენლობის, ისე გადასაყვან-გადმოყვანის საშუალებით. (რეზოლუცია მთავარსარდლისა; „იყავით თავდაბლად, მორალური გავლენა-პომპეზობა არაა საჭირო“).

12) ინგლისელებს უნდა მოვსთხოვოთ რომ ჩვენი ერთი წარმომადგენელი მიღებული იყოს ოლქის მმართველ ორგანოში, აგრეთვე უფლება გვქონდეს ზოგი ერთ ინგლისელ თანამდებობის პირთა უარყოფისა, რომელნიც რუსეთის მიზნებს არ ემსახურებიან.

13) საზოგადოდ უნდა მოვაგვაროთ საქმე ისე რომ, შეიცვალოს ინგლისელების დამოკიდებულება რუსეთის საქმესთან: ქართველების გავლენას ისინი აშკარად მხარს უჭერენ, ხოლო რუსებს აშკარადვე არ თანაუგრძნობენ.

14) საჭიროა მომეცეს ფული არანაკლებ 100-150 ათასისა აქ პოლიტიკური მუშაობის კარგად დაყენებისთვის, თუ პრინციპულად დაეთანხმებით ფულის მოცემას მე წარმოვადგენ დაწვრილებით ხარჯთაღრიცხვას ამის შესახებ. (მთავარსარდლის მინაწერი: „საჭიროა პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა“). ნამდვილს ხელს აწერს; გენერალ-მაიორი რომანოვსკი. მთავარსარდლის რეზოლუცია: „დანარჩენ მუხლებს ვადასტურებ“. სწორე: საპოლიტიკო კანცელარიის უფროსი, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი (გვარია).“


ქართული დაზვერვის წარმატება

დღეისათვის რთული სათქმელია, თუ როგორ შეძლო ქართულმა მხარემ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციების მოპოვება, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ცნობებს მოხალისეთა არმიის სამეთაურო-საშტაბო რგოლში მყოფი პიროვნება აწვდიდათ, რომელსაც საიდუმლო დოკუმენტაციასთან ჰქონდა დაშვება.

ასევე საინტერესოა, ეს ცნობები სამხედრო ხაზით იყო მოპოვებული, თუ პარტიული ნაცნობობის ქსელის გამოყენებით?

ერთის მხრივ, ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნები ბევრ რუს გენერალს, მათ ყოფილ თანამებრძოლებს, პირადად იცნობდნენ, მათ შორის დენიკინის ახლო გარემოცვაშიც.
მეორეს მხრივ, ქართველ სოციალ-დემოკრატებს საკმაოდ კარგად ქონდათ აწყობილი იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიული არხები, როგორც ეს 1920 წლის შემოდგომაზე გახდა ნათელი, როდესაც ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს ბაქოში ხელში ჩაეგდოთ საბჭოთა რუსეთის მე-11-ე არმიის საბრძოლო გეგმა.

თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო ეს ცნობები მიღებული, ფაქტია რომ ნათაშვილ-რომანოვსკის გეგმების გამოაშკარავება, დიდ გამარჯვებად იქცა ქართული სახელმწიფოსთვის.

გენერალი ნათიშვილის მკვლელობის მომენტისათვის, ინგლისურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი მისი კორპუსი, რომელიც ქობულეთში იდგა, უკვე 250 მებრძოლს ითვლიდა და ყოველდღიურად იზრდებოდა. უმეთაუროდ დარჩენილი სამხედრო ავანტიურა ჩაიფუშა. 6 ივლისს კორპუსის მებრძოლები გემით ოდესაში გადაიყვანეს, ხოლო 16 ივლისს ივან რომანოვსკიმაც დატოვა ბათუმი და რუსეთში გაემგზავრა.


ვინ მართავდა უცნობ „მაუზერისტს“?

ნათაშვილის ნეიტრალიზაციის ოპერაციას სერიოზული საინფორმაციო უზრუნველყოფა ახლავდა თან. საიდუმლო მასალების გამოქვეყნების პარალელურად, 1919 წლის ივნისიდან მოყოლებული, ქართულმა პრესამ გენერალ ნათიშვილზე ნამდვილი იერიში დაიწყო. მისი მოქმედებები უკვე ღიად ჩანდა და ფელეტონისტების რეაქციაც მკაცრი იყო:

„ …გენერალი ნათიშვილი, ძმები ერისთავები, ოფიცრები; დადიან-ახვლედიანი და სხვა, აი ის მახინჯნი, უღირსნი შვილნი საქართველოსი, რომლის სახელებიც შავი ასოებით შავ დაფაზე იქნება შეტანილი. ჩვენ მოვითხოვთ ვისგანაც ჯერ არს ყურადღება მიაქციონ ამ ვაჟბატონებს, არავითარ შებრალებას, არავითარ სენტიმენტალობას არ უნდა ექნეს ადგილი მოღალატეების მიმართ,“ იწერებოდა ჟურნალ-გაზეთებში.

23 ივნისს, დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალ-ფედერალისტმა სიმონ მდივანმა, რომელსაც ბათუმთან წლების განმავლობაში მუშაობა აკავშირებდა, თავისი ვრცელი მოხსენება, რომელიც აჭარაში შექმნილ მდგომარეობას ეხებოდა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

„რასაკვირველია ჩვენ ამით არ გვინდა აგრესიული ნაბიჯი მოვსთხოვოთ მთავრობას მაგრამ, ერთი კი უნდა გულახდილად ვსთქვათ; ის მთავრობა რომელიც არ მიიღებს ყოველგვარ ზომებს, ის მთავრობა თავის ადგილზე ვერ დარჩება, ის დამფუძნებელი კრება რომელიც დაჰკარგავს ბათომს, არ იქნება დამფუძნებელი კრება და ისტორიის წინაშე დამნაშავე შეიქმნება.“

პრესის და საზოგადოებრივი აზრის ასეთი მობილიზების ფონზე გენერალი ნათიშვილის მკვლელობა ლოგიკურ დასასრულად ჩანდა, რაც ყველას მკვლელობის ორგანიზატორობაზე თბილისისკენ მიუთითებდა. ბათუმის თავზე, მაშინ ბრიტანეთის დროშა ფრიალებდა, რაც მათ ამ საქმეში გადამწყვეტ არბიტრად აქცევდა. მათი საქმეში ჩათრევის მსურველი ბევრი იყო.

28 ივნისის სისხლიანი საღამოს შემდეგ,1919 წლის 5 ივლისს გაზეთ „ერთობაში“ სტატია „ბათუმის პროვოკატორები“ რომელსაც ხელს „განი“ აწერდა მომხდარ ამბავზე შენიშნავდა:

„რუსეთის რეაქციონერებს საქართველოს არსებობა მოსვენებას არ აძლევს და მისი სისხლში ჩაღრჩობა პირველ რიგში დაუსვამთ. ისინი მოუთმენლად ელოდნენ იმ დღეს როდესაც ბათუმში გაძლიერდებოდა ის კორპუსი, რომელიც – „ერთ დღეს მარშით ესტუმრებოდა თბილისს, ერევნის მოედანზე გილიოტინას დასდგამდა და საქართველოს მთავრობის წევრების თავებს ხიშტზე აგებულს დენიკინს მიართმევდა.“ – მაგრამ დახეთ ბედს … მოჰკლეს გენერალი, რომელსაც ეს მისია ჰქონდა დაკისრებული და რომლის ასეთი დიდი იმედი ჰქონდათ, ამიტომ რა გასაკვირია რომ, „ნაშ კრაი“ და მის გარშემო თავმოყრილი შავრაზმელები ამ მკვლელობასაც საქართველოს დასამხობად იყენებენ და ყოველგვარ საშუალებას ხმარობენ მომხდარი მკვლელობის ნიადაგზე ინგლისის სარდლობას აქტიური ნაბიჯები გადაადგმევინონ ჩვენს წინააღმდეგ.

„ნაშ კრაი“ ყველა ნომერში იმეორებს; გენ. ნათიევი წარმომადგენელი იყო „დიდი რუსეთის.“ ის იყო იმ ქალაქში სადაც ფრიალებს ინგლისის დროშა. ამ დროშის ქვეშ ხდება მკვლელობა და ეს ნიშნავს, რომ თავაგდებული რუსეთის დამღუპველნი იმდენათ გათამამდნენ, რომ ინგლისის მთავრობასაც არაფრად აგდებენო. მიზანი ცხადია; შავრაზმელებს უნდათ მკვლელობა ინგლისის სარდლობის პატივის და დიდების საკითხად აქციონ და ასე ის დრამის აქტიურ მონაწილეთ გახადოს. „ნაშ კრაის“ მკვლელების ვინაობა იმდენად არ აინტერესებს, რამდენათაც მკვლელების „იდეურნი ხელმძღვანელნი“ როგორც ისინი სწერენ ამ „ხელმძღვანელებათ“ ასახელებენ თფილისს…“

ასე იყო თუ ისე, ინგლისელებმა განზე დგომა ამჯობინეს, მხოლოდ თეთრი რუსული პრესა არ მალავდა აღშფოთებას.

თეთრების შფოთვებზე პასუხად „ერთობაში“ „განის“ მიერ გამოქვეყნებული ირონიული და ნიშნისმომგები სტატია დღეისთვის დამატებით არგუმენტადაც გამოდგება, რადგან ცნობილია რომ, ამ ფსევდონიმს ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი გიორგი (გოგიტა) ფაღავა იყენებდა, რომელიც გარდა დამფუძნებელი კრების წევრობისა, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ფაღავა საკვანძო ფიგურად ითვლებოდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დაარსებულ სამხედრო კომისიაში.

ეჭვს ამძაფრებს ივნისის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრ ნოე რამიშვილის ვიზიტიც ბაქოში, სადაც დასრულდა აზერბაიჯანის მთავრობასთან მოლაპარაკებები მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ერთობლივი თავდაცვითი ხაზის შექმნის შესახებ – 2 ივლისს კი სტუმრის საპატივცემულოდ გამართული ბანკეტის შემდეგ აზერბაიჯანულ პრესასთან მინისტრმა რამიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი არტაანი-აჭარის საკითხებს და ინგლისელებთან მიღწეულ ეკონომიკურ შეთანხმებებზეც ისაუბრა.

მიუხედავად ამისა, დასკვნის გამოსატანად საჭიროა განვიხილოთ იმ ძალების შესაძლებლობები და მოტივაცია, რომლებიც გენერალი ნათიშვილის მკვლელობისას ბათუმით იყვნენ დაინტერესებული.

პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ინგლისელები რადგან ისინი ჯერ კიდევ დენიკინის მფარველები იყვნენ და თავისუფლად შეეძლოთ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე არ შემოეშვათ თეთრი რუსეთის ემისრები ან სიტუაციის გართულების გამო ზედმეტი ექსცესების გარეშე ტერიტორიიდან იძულებით გაეძევებინათ.

რაც შეეხება თურქულ მხარეს, მიუხედავად ბათუმში მათი აგენტურის არსებობისა, იმ დროისთვის მათ არც ეცალათ და არც კონკრეტული პერსპექტივა ქონდათ ბათუმის პორტის გაკონტროლებისა. მითუმეტეს, როგორც რომანოვსკის მოხსენება ცხადყოფს, მათთვის მოხალისეთა აგენტურა საშიშროებას არ წარმოადგენდა.

აუცილებელია ასევე ბოლშევიკური ვერსიის განხილვაც, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია ორი გარემოება;

პირველ რიგში, მოცემულ მომენტში, ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მოქმედი ბოლშევიკები, მათი არსებობის განმავლობაში ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში იყვნენ. მათი ძალები და იატაკქვეშა ჯგუფების დიდი ნაწილი განადგურებული იყო, გადარჩენილი ნაწილი კი მთლიანად კონტროლქვეშ ყავდათ. პირველ რიგში ეს შეიძლება ითქვას საქართველოს მაგალითზე და ისინი არც მეზობელი რესპუბლიკების ფარგლებში იყვნენ უკეთეს პირობებში.

მეორეც, იმ პირობებში როცა საბჭოთა პროპაგანდა ხშირად იგონებდა ან სხვის განხორციელებულ ტერაქტებს მიიწერდა, არც „რევოლუციის მატეანეში“, მოგონებებში და სხვა მასალებში არ გვხვდება „თეთრ გენერალზე გმირული თავდასხმის“ ამბავი, რის შანსსაც, რა თქმა უნდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა ხელიდან არ გაუშვებდა. მითუმეტეს, რომ უმეთაუროდ დარჩენილი ნათიშვილის რაზმი სწორედ წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლვევად გადაისროლეს ოდესაში.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა აჭარაში მოქმედ „სამუსლიმანო საქართველოს“ შეიარაღებულ ჯგუფს ქონოდა რეალური შესაძლებლობა მსგავსი დონის მკვლელობის ჩადენისა, თუნდაც ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი რეპრესიების გათვალისწინებით.

ამიტომ გამორიცხვის წესით, ყველაზე დაინტერესებულ მხარედ მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეიძლება ჩავთვალოთ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, თუ რა ძალისხმევა დახარჯა ქართულმა დიპლომატიამ ბათუმის დასაბრუნებლად, ყველაფერი გასაგები ხდება.


მკვლელობის ანატომია

ამჟამად შემორჩენილი არ არის არც 1919 წლის ბათუმის საქალაქო მილიციის არქივი და არც ამავე წლის ბრიტანულ მასალებში იძებნება წყაროები ნათიშვილის მკვლელობის შესახებ, ამიტომ ფაქტობრივად აღარ არსებობს მკვლელობის შემდეგ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დოკუმენტები, სადაც ნათლად იქნებოდა გამოჩნდებოდა თავდასხმის ყველა გარემოება, მათ შორის

Exit mobile version