ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ავლაბრის რეზიდენციის საკითხი კვლავ გააქტიურდა

საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკოსებს შორის, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის საკითხი კვლავ გააქტიურდა. საკითხზე დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში „აღარ უნდა იყოს“.

11 აგვისტოს ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრობისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ, რადგანაც ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია „არის სახელმწიფო სიმბოლო“, იქ ქვეყნის პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა შევიდეს ან „უცხოელების მიღების საერთო ადგილად“ უნდა იქცეს.

სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რომ „ივანიშვილს ასიამოვნოს და თქვას, რომ სასახლეში არ შევა“. „ჩვენ კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია, ამ საკითხის განხილვა. პრეზიდენტი უნდა იყოს იმ შენობაში, რომელსაც განსაზღვრავს კანონმდებლობა“, – განაცხადა კახიძემ.

გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით კი, „პრეზიდენტის სასახლე უკვე განუყოფლად არის შერწყმული პრეზიდენტის პოსტთან“ და რაც მთავარია, „ამაზე უფრო მოხერხებული შენობა იმისათვის, რომ ის საქართველოს მოქალაქის უფლებების დამცველის მისაღებად“ გადაიქცეს, არ არსებობს.

„ეს დისკუსია თითიდან არის გამოწოვილი, გაუგებარი ხალხის მიერ, რომლებიც რატომღაც ცდილობენ საქართველოს პოლიტიკური პროცესის კომუნალურ ბინად გადაქცევას“, – განაცხადა მან.

ათონელის სასახლე, ფოტო: კადრი ტელეკომპანია მაესტროს ვიდეოდან

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის საქართველოს რესპუბლიკის სასახლედ გარდაქმნის ინიციატივით გამოვიდა პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, რეზიდენცია „ერთ სივრცეში მოაქცევს პირველ და მეორე რესპუბლიკებს“ და მასში მნიშვნელოვანი სახელმწიფო ღონისძიებები და ცერემონიები, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უმაღლესი რანგის სტუმრების მიღებები გაიმართება.

მოსაზრებას, რომ მომავალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში არ უნდა შევიდეს, მმართველი პოლიტიკური პარტიაც იზიარებს. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, „პრეზიდენტის სასახლე არის მნიშვნელოვანი სიმბოლო და ის პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს“. კალაქის მერის კახა კალაძის თქმით კი, მომავალი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, ათონელის სასახლე არის „საუკეთესო შენობა და ადგილი“.

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომლის მშენებლობაც 2004 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა დაპირისპირების საგანი არაერთხელ გამხდარა. პირველად საკითხი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, 2013 წელს გააქტიურდა. მაშინ ქართული ოცნებაც და თავად გიორგი მარგველაშვილიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრის რეზიდენციაში განთავსების წინააღმდეგი იყო. ახალი პრეზიდენტისთვის ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაც გარემონტდა. თუმცა, მარგველაშვილმა თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობის კანცელარიიდან ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა, რასაც მასსა და ქართულ ოცნებას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ათონელის საპრეზიდენტო სასახლე, რომლის რემონტიც 2015 წელს დასრულდა, დღემდე უმოქმედოა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button