Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

1918: პარლამენტი რეგულარული ჯარის კანონპროექტს განიხილავს

სოციალ-დემოკრატების ფრაქციის პარტიული იდეალიზმი სახალხო მილიციის არსებობისაკენ იხრებოდა (რისი გამოვლინებაც მათთვის მაშინდელი სახალხო გვარდია გახლდათ) და უარყოფდა მუდმივი ჯარის შექმნის აუცილებლობას, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა რთულმა ვითარებამ მმართველ პარტიას რეგულარული ჯარის შექმნის საჭიროება დაანახა. 1918 წლის 20 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტმა დაამტკიცა „სამხედრო ბეგარის და მუდმივი ჯარის შევსების დებულება”.  კანონპროექტის მიღებას წინ უძღოდა დისკუსია, რომელშიც ცხადია, ჩართული იყო გაზეთი “ერთობაც”, რომლის 100 წლის წინანდელი ნომრის მთავარი სტატიაც ამ თემას მიეძღვნა:

(“ერთობა”, 14 აგვისტო, 1918წ, N171)

რეგულიარული ჯარი

საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა განსახილველათ ახალი კანონპროექტი რეგულიარულ ჯარის მოწყობისა.

ჩვენი ფრაქცია არსებითად მხარს უჭერს კანონ პროექტს. მაშასადამე, ახლო მომავალში ჩვენი მთავრობა ჯარის შედგენას და გაწვრთნას შეუდგება.

მკითხველმა იცის ჩვენი პარტიული პროგრამის დამოკიდებულება ამ საკითხთან: ჩვენ მოვითხოვთ მუდმივი ჯარის გაუქმებას და სახალხო მილიციის შემოღებას.

მაგრამ ჩვენი ქვეყანა დღეს ისეთს პირობებში იმყოფება, რომ პარტიულ პროგრამის აღნიშული მუხლი უნდა გადავდოთ, სანამ მარჯვე და მოხერხებული დრო დადგებოდეს მის განსახორციელებლათ. ეს არ არის არც პრინციპის ღალატი, არც პროგრამის დარღვევა. პირიქით, ჩვენი პროგრამა-მინიმუმის განხორციელება უნდა გაახლოვებდეს ჩვენს საბოლოვო მიზანს – სოციალიზმს და ამ თვალსაზრისით რეგულიარულ ჯარის შემოღებაც ამ მიზანს ემსახურება. ნათქვამის დასამტკიცებლათ საკმაოა მოვიგონოთ ბოლშევიკური საფრთხე, როცა ნავთლუღის ახლოს გახულიგანებული ჯარის ნაწილები იდგა და თფილისს ემუქრებოდა; მოვიგონოთ ლეჩხუმ-საჩხერისა და ცხინვალ-დუშეთის ამბები; მოვიგონოთ ოსმალეთის ასკერების და ადერბაიჯანის თათრების თარეში ბორჩალოს მაზრაში. რა მდგომარეობაში იქნებოდა ახლა თფილისი და საზოგადოთ საქართველო, რომ რეგულიარულ ჯარის ნაშთები და სახელოვანი გვარდია არ შებრძოლებოდა აღნიშულ ბანდებს?

მაგრამ შეუძლებელია მუდმივი ხასიათი მივცეთ სახალხო გვარდიას, რადგან გვარდიელები ხომ უმეტეს ნაწილათ მუშებია და მუშების დიდი ხნით თოფს ქვეშ დაყენება ნიშნავს მრეწველობის და აღებ მიცემობის შეფერხებას. გარდა ამისა ასეთ გვარდიის სახით ხომ იგივე რეგულიარული ჯარი გვეყოლებოდა იმ განსხვავებით, რომ ასეთს ჯარში მხოლოდ მსურველები იქნებოდნენ.

და რადგან ჩვენ მრავალი მტერი გვახვევია გარს და შეიარაღებული ძალა კიდევ დიდხანს იქნება საჭირო, ამიტომ რეგულიარულ ჯარის შექმნა დღევანდელ პირობებში აუცილებელია.

მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ მომავალში მუდმივ ჯარის გაუქმების საჭიროებას. ამიტომ როგორც კი გარემოება  ნებას მოგვცემს, სახალხო მილიციის, ხალხის საყოველთაო შეიარაღების საქმეს შევუდგებით და რეგულიარულ ჯარიდან სახალხო მილიციაზე გადავალთ.

ჯერ-ჯერობით კი იძულებული ვიქნებით დავაკანონოთ ორი წლის სავალდებულო სამსახური. არავითარ შეღავათებს და გამონაკლისს ადგილი არ ექნება: განთავისუფლდებიან მხოლოდ სნეულები და საშუალო სასწავლებლის მოსწავლეები 22 წლამდი, სანამ საშუალო სწავლას დაასრულებდენ.

სახელმწიფოს დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობას შეადგენს. ეს მოვალეობა უნდა იკისროს შეიარაღებულმა ხალხმა, სახალხო მილიციის სახით.

მაგრამ სანამ ეს რთული და მძიმე საქმე მოეწყობოდეს, საჭიროა რეგულიარულ ჯარის შექმნა და სამხედრო ბეგარის შემოღება.

ამ მიზანს უნდა ემსახუროს ახალი კანონი, რომლის გამოცემას ჩვენი პარლამენტი შეუდგა.

მსგავსი/Related

Back to top button