Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

1918: დებატები ოსების აჯანყების შესახებ

(4 აგვისტო, 1918, “ერთობა” N164)

ნაციონალ-დემოკრატების შეკითხვა და ოსები

ნაციონალ-დემოკრატებმა შეკითხვით მიმართეს ჩვენს მთავრობას: რა ზომას ღებულობს ის აჯანყებულ ოსთა წინაააღმდეგ და ფიქრობს თუ არა აუნაზღაუროს ქართველ გლეხებს ის ზარალი, რომელიც მათ ოსებმა მიაყენეს.

ამ შეკითხვით, როგორც ყოველთვის, ნაციონალ-დემოკრატები ცდილობენ სახელი გაუტეხონ დემოკრატიულ მთავრობას. მაგრამ შეკითხვას აქვს კიდევ ერთი ღრმა აზრი და მნიშვნელობა. შეკითხვა საკითხს გვიყენებს: როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულობა ოსებთან და სხვა წვრილ ერებთან, რომელნიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

შეკითხვის საბაბი გახდა საჩხერეში და ცხინვალის რაიონში მომხდარი ამბები. ამ ამბებზე ნაციონალ-დემოკრატებმა ააშენეს შეკითხვის მთავარი დებულებები: საქართველოს საზღვრებში მცხოვრები ოსები აჯანყდნენ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ; ოსებს სურთ შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის საზღვრებში მათის განსაზღვრებით უნდა შევიდეს გორის და შორაპნის მაზრების ნაწილი. და რაკი ოსები აჯანყებას გვიწყობენ, ამბობენ ნაციონალ-დემოკრატები, ცხადია მთავრობამ მათ სასტიკი ომი უნდა გამოუცხადოს, რაში უნდა გამოიხატოს ეს ომი, კონკრეტულათ არა სთქვა კითხვის ავტორმა ბ. ვეშაპელმა, მაგრამ თუ ჩაუკვირდებით მის გაფრთხილებას, რომ ოსების მოსახლეობა სოლივით შემოჭრილია ჩვენი ქვეყნის შუაგულში და დავუპირისპირებთ ამას მეორე ნაციონალ დემოკრატის ბ.შ. ქარუმიძის სათნოებით აღსავსე განცხადებას, რომ შესაძლოა ოსები დავტოვოთ იმ ადგილებში, სადაც ისინი დღეს ცხოვრობენ, თუ რასაკვირველია ლოიალობას არ დაარღვევდნენ – ნაციონალ დემოკრატების სურვილი აშკარაა: ისინი არ კმაყოფილდებიან აჯანყებულ ოსების დასჯით, არამედ საჭიროთ თვლიან მათ აყრას და სხვაგან გადასახლებას.

ეს არის ნაციონალ დემოკრატების შეკითხვის დედა აზრი, თორემ განა ჩვენს მთავრობას არ მიუღია საჭირო რეპრესიული ზომები აჯანყებულ ოსთა წინააღმდეგ?

მაგრამ მთავრობამ ასეთივე რეპრესიული ზომები მიიღო აგრეთვე აჯანყებულ ქართველების წინააღმდეგ. რადგან უტყუარი ფაქტია ის, რომ ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ მოღალატური გამოსვლა მოახდინეს არა მარტო ოსებმა, არამედ ქართველებმაც: ლეჩხუმი და რაჭა, სამეგრელო და დუშეთი, თიანეთი და ბაღდად-უხუთიც ხომ ოსებით არ არის დასახლებული? მართალია, ნაციონალ-დემოკრატებს მოუძებნიათ ქართველებისათვის გასამართლებელი საბუთი: ისინი ამტკიცებენ, ვითომ ქართველი გლეხები ოსების მიერ იქნენ ამ მოძრაობაში ჩათრეული. მაგრამ ასეთი მტკიცება ხომ აბსურდია და თანაც უდიდესი ცილისწამებაა ჩვენს გლეხობაზე: როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ შედარებით უკულტურო ოსობამ შესძლო ქართველები ბრმა იარაღათ გაეხადა თავის ნაციონალისტურ საქმეების მოსაჭახრაკებლათ? არა გვგონია, რომ ნაციონალ-დემოკრატებს თითონაც სჯეროდეთ ეს დაუჯერებელი ამბავი.

მაგრამ ნაციონალ-დემოკრატების სიძულვილი ოსებისადმი იმდენათ ძლიერია, და მათი სურვილი ოსების აყრისა იმდენათ აღვირ-ახსნილი, რომ მზათ არიან ყოვლათ უსაფუძვლო და უაზრო დებულებები ჭეშმარიტებათ დაგვისახონ.

ამიტომ არც გასაკვირია, რომ ნაციონალ-დემოკრატები ცხინვალ-საჩხერის მთებში მთელ ოსობას სდებენ ბრალს. თუმცა მათ საკუთარ მოღვაწეობიდანაც კარგათ იციან, რომ სულ სხვაა ნაციონალისტების ნება-სურვილები და სხვაა ხალხის ფართო მასის სულისკვეთება, მაგრამ მაინც ებღაუჭებან ღვდ. ჯიოევის და სხვების ავანტიურისტულ მოღვაწეობას და ცდილობენ მთელი ხალხი გახადონ ამაში პასუხისმგებელი. მაგრამ ოსის მშრომელი ხალხი, გლეხობა და მუშები ვერ აგებენ პასუხს ოს ნაციონალ-დემოკრატების მოქმედებისათვის. ოსობას არ შეუძლია იფიქროს, რომ საქართველოსთან მტრობით ის ბედნიერი იქნება. ოსეთს არ აქვს საკუთარი კულტურა, არ აქვს ერთობლივი ტერიტორია – ამიტომ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ოსობა დამოუკიდებელ სახელმწიფოს ეტრფოდეს. ასე იქცეოდა ჩვენი ხალხიც: განა ქართველი ხალხი თანახმა გახდებოდა რუსეთის ჩამოშორების, რუსის ჯარი თითონ არ წასულიყო? ოსებში შეიძლება ადგილი ქონდეს კვლავ შეუერთდნენ რუსეთს. მაგრამ ასეთს მისწრაფებას ზოგიერთ ალაგას ხომ ქართველი გლეხებიც იჩენენ? რა შუაშია აქ საერთოდ ოსობა, ოსეთის ხალხი?

მაშასადამე, სიმართლეს მოკლებულია ნაციონალ-დემოკრატების შეკითხვაში წამოყენებული დებულება: ვითომ ჩვენში ადგილი ქონდეს არა ოს ნაძირალების გამოსვლას, არამედ ოსურ სახალხო აჯანყებას.

ამიტომ, როცა ნაციონალ-დემოკრატები მოითხოვენ მთავრობისაგან, რომ მან ბრძოლა გამოუცხადოს საერთოდ ოსობას, ისინი ცხადჰყოფენ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებით თუ შეუგნებლათ, ძირს უთხრიან ჩვენს რესპუბლიკას და დემოკრატიას.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოს აჯანყებულებთან ერთად ლაგამი ამოედებათ აგრეთვე იმ პროვოკატორებს, რომელნიც ეროვნულ შუღლის გაღვივებას უწყობენ ხელს; ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი დემოკრატია არ წამოეგება ნაციონალ დემოკრატების პროვოკატორულ ანკესზე  და ოსის დემოკრატიასთან მეგობრულ ურთიერთობას არ დაარღვევს.

დიდი მოვალეობა აწევს ოსის ხალხის წინაშე შეგნებულ და გათვიცნობიერებულ ოსებს – მუშებს და შეგნებულ გლეხებს: ისინი კარგათ უნდა ხედავდნენ თუ რა მოუვა ოსობას, საქართველოს დემოკრატიული რესუბლიკის მთავრობა რომ დამარცხდეს. მათი მოვალეობაა აუხსნან ოს დემოკრატიას,  თუ რა საფრთხეს უმზადებს მას ეს ჯიოევები, თედეევები და სხვები, რომელნიც ბ. ვეშაპელების სასიხარულო საქმეს აკეთებენ.

დეე ნაციონალ დემოკრატების შეკითხვამ გამოაფხიზლოს ოსობა და განამტკიცოს კავშირი ქართველ და ოს დემოკრატიას შორის.

ოსების აჯანყება საშიშია საქართველოს რესპუბლიკისათვის, მაგრამ ის კიდევ უფრო საშიშია თვით ოსებისათვის.

მსგავსი/Related

Back to top button