Placeholder canvas
ახალი ამბები

პოლიტიკური პარტიები გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დროულად დანიშვნისკენ მოუწოდებენ

პოლიტიკური პარტიები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნის გაჭიანურების გამო აკრიტიკებენ და მას ამ თარიღის დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებენ. კრიტიკაში ერთსულოვანია, როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია.

ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღის დასახლებას, ხელოვნურად აჭიანურებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტი „არჩევნებს ოქტომბრის ბოლოში დანიშნავს და ეს ემსახურება იმას, რომ მან თავისი საპრეზიდენტო დღეები ბოლომდე ამოწუროს “.

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით კი, პრეზიდენტი ქართული ოცნების შტაბიდან ელოდება მითითებას იმის შესახებ, თუ „როდის უნდა გამოაცხადოს ეს თარიღი და რომელი თარიღი უნდა გამოაცხადოს“.

მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებს ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეც. „არ უნდა დაველოდოთ კანონით განსაზღვრული ფორმალური ვადის ამოწურვას, რაც უფრო სწრაფად ჩაირთვება საარჩევნო მექანიზმი, მით უფრო უკეთესი და დემოკრატიული არჩევნები გვექნება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

არჩევნების დროულად დანიშვნის აუცილებლობაზეა საუბარი აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 27 ივლისის წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაშიც. ორგანიზაცია პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ არჩევნების თარიღი „რაც შეიძლება სწრაფად“ დანიშნოს, რაც საარჩევნო კამპანიის რეგულაციების ამოქმედებას უზრუნველყოფს და პარტიები და კანდიდატები ოფიციალური კამპანიების დაწყებას შეძლებენ.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე და საარჩევნო სუბიექტები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და თანაბარი ვალდებულებებით. კერძოდ, მათ უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო საეთერო დროით, ასევე უფასო პოლიტიკური რეკლამით. ამასთან, საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად, საარჩევნო სუბიექტებისთვის წესდება მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის, იკრძალება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ 10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ევროპული საქართველო წევრი დავით ბაქრაძე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. საპრეზიდენტო მარათონში, დიდი ალბათობით, ჩაერთვებიან დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი.

რაც შეეხება ქართულ ოცნებას, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდის საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და ის მხარს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ჯერ არც მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიუღია.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button